საქართველოში 10 ივნისიდან ფქვილის იმპორტზე 1 ტონაზე 200 ლარიანი გადასახადი დაწესდა, ხოლო 10 ოქტომბრიდან იმპორტის გადასახადის მოცულობა 250 ლარამდე გაიზარდა. ამასთან საიმპორტო ბაჟი დაწესდა ქერსა და ქატოზეც. მიზანი რუსეთიდან ხორბლის ექსპორტზე დაწესებული ბაჟის პირობებში ხორბლის შემცირებული იმპორტის გააქტიურება იყო, რადგან რუსულ ფქვილზე ნულოვანი გადასახადი, ქვეყანაში ფქვილის იმპორტის ზრდას ხელს უწყობდა. ეს კი მეხორბლე ფერმერებსა და ადგილობრივ წისქვილებზე ნეგატიურად მოქმედებდა. გაჩერებული წარმოებების გამო, მეხორბლეების ქართულ ხორბალს ვერ ყიდდნენ. ამიტომ ფქვილზე, ქატოსა და ქერზე საიმპორტო ბაჟის დაწესებას დარგის წარმომადგენლები დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ.
სტატისტიკიდან ჩანს, რომ გასულ წელს ხორბლის იმპორტის შემცირებისა და ფქვილის იმპორტის რეკორდული ზრდის შემდეგ, მიმდინარე წლის 9 თვეში ხორბლის იმპორტი გაიზარდა, ფქვილის კი შემცირდა. მაჩვენებლები ივლისიდან შეიცვალა.
იანვარ-სექტემბერში საქართველომ 38 მლნ დოლარის ღირებულების 143 433 ტონა ხორბალი შეიძინა. იმპორტის ღირებულება გასული წლისას მხოლოდ 0.5%-ით აღემატება, მოცულობა კი 36.6%-ით გაიზარდა. რაც იმას ნიშნავს, რომ საექსპორტო ბაზარზე ხორბლის ღირებულება შემცირდა.
საერთაშორისო ბირჟაზე ხორბლის ფასი კი ბოლო რამდენიმე კვირაა შემცირების ტენდენციით ხასიათდება, რაც მსოფლიოში ხორბლის რეკორდული მოსავლით არის განპირობებული. მოსავალი გაიზარდა, როგორც აშშ-ში, ევროპისა და აზიის რეგიონებშიც, ასევე რუსეთში, რომელმაც პროგნოზირებულ მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 50%-ით მეტი მოსავალი მიიღო. სწორედ რუსეთია საქართველოსთვის ხორბლის მთავარი მომწოდებელი, რომელზეც 9 თვეში ხორბლის მთლიანი იმპორტის 98.1% მოდის.
იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან 37 მლნ 784 ათასი დოლარის ღირებულების 141 768 ტონა ხორბალი შემოვიდა, რაც გასული წლის იმპორტს 5.5%-ით, მოცულობით კი 46.7%-ით აღემატება.
გასული წლის 9 თვესთან შედარებით გაზრდილის ხორბლის იმპორტი უკრაინიდანაც. ამ პერიოდში ქვეყანაში 515 ათასი დოლარის ღირებულების 1 484 ტონა ხორბალი შემოვიდა. მცირე მოცულობებით ხორბლის იმპორტი ავსტრიიდან, გერმანიიდან და რუმინეთიდანაც განხორციელდა.
როგორც სტატისტიკიდან ჩანს, საქართველოს მთავრობის მიერ ფქვილის იმპორტზე დაწესებულმა გადასახადმა ქვეყანაში, საქონლის შემოტანის მაჩვენებლების შეამცირა, რადგან ჩვენთვის ფქვილის მთავარი საიმპორტო ქვეყანა, ისევე როგორც ხორბლის, რუსეთია. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 9 თვეში ჯამურად საქართველოში 31 მლნ 306 ათასი დოლარის ღირებულების 113 305 ტონა ფქვილის იმპორტი განხორციელდა. ეს კი წლიურად ღირებულებაში 37.5%-ით, მოცულობაში კი 14.3%-ით შემცირებული რიცხვებია.
ფქვილის მთლიან იმპორტში რუსეთის წილი 96% იყო. წლის პირველ 9 თვეში აქედან 30 მლნ 161 ათასი დოლარის ღირებულების 111 495 ტონა რუსული ფქვილი შემოვიდა, რაც ღირებულებაში 38.7%-ით შემცირდა, ხოლო მოცულობით 17.3%-ით.
მცირე მოცულობებით ფქვილის იმპორტი თურქეთიდან (604.5 ათასი დოლარი, 914 ტონა), იტალიიდან (147 ათასი დოლარი, 134 ტონა), უკრაინა (146.9 ათასი დოლარი, 280 ტონა), ბელარუსიდან (71 ათასი დოლარი, 201 ტონა) და სხვა ქვეყნებიდან განხორციელდა.