14.თებერვალი .2020 11:20

Frontera-ს დავის დეტალები - ინტერვიუ კომპანიის აღმასრულებელ დირექტორთან

views 874
უკან

BMG-იმ ჩაწერა ექსკლუზიური ინტერვიუ ამერიკული ენერგოკომპანია Frontera-ს აღმასრულებელ დირექტორთან ზაზა მამულაიშვილთან. ინტერვიუ კომპანიის საქართველოში საქმიანობას და მიმდინარე საარბიტრაჟო დავას ეხება, რომელშიც "ნავთობისა და გაზის კორპორაცია" Fronetra-სგან $70-დან $80 მილიონ დოლარამდე კომპენსაციას მოითხოვს. დავა 2017 წლიდან მიმდინარეობს და მის შესახებ არაერთი განცხადება აქვთ გაკეთებული აშშ-ის როგორც სენატის, ასევე კონგრესის წარმომადგენლებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გაგზავნილ წერილებში კონგრესმენები საქართველოს მთავრობას კანონის უზენაესობის დაცვისკენ მოუწოდებენ.

თავად Frontera-ს აღმასრულებელი დირექტორი ზაზა მამულაიშვილი BMG-სთან საუბარში ამბობს, რომ მათთვის სახელმწიფოს მხრიდან პრობლემების შექმნა 2013 წლის შემდგომ დაიწყო. მამულაიშვილი ამბობს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს კომპანია საარბიტრაჟო დავის პროცესში "ნავთობისა და გაზის კორპორაციისგან" $3.5 მილიარდი დოლარის ანაზღაურებას ითხოვდა და რომ ეს თავად კორპორაციის მიერ "გამიზნულად" გავრცელებული იფნორმაციაა.

ინტერვიუ Frontera-ს აღმასრულებელ დირექტორთან ზაზა მამულაიშვილთან:

1) რა საარბიტრაჟო დავაში ხართ ამჟამად საქართველოს მთავრობასთან ჩართული?

"პირველ რიგში მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ არ ვართ დავაში, დავაში ჩვენთან არის სახელმწიფო. რომელიც კონტრაქტში წარმოდგენილია GOGC-ისა და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს სახით. ჩვენ კონტრაქტის ფარგლებში არავითარი დარღვევა არ გვაქვს, 20 წელიწადზე მეტია ვოპერირებთ საქართველოში და არასოდეს არ დაგვირღვევია არცერთი პირობა ამ ხელშეკრულებისა. მიუხედავად ამისა, არამხოლოდ საარბიტრაჟო დავა წამოიწყეს, არამედ, სხვა დავებიც წამოიწყეს სასამართლოებში. ვგულისხმობ საქართველოს სასამართლოებში დავებს. ასე რომ ჩვენთვის ეს არ არის ახალი. 2013 წლიდან არის დაწყებული სხვადასხვა დავა ჩვენს წინააღმდეგ.

სირთულეები პრაქტიკულად 2013 წლიდან დაგვეწყო, მუშაობასა და ჩვენს ოპერაციებში. მანამდე შეუფერხებლად მიმდინარეობდა ჩვენი საქმიანობა. არ იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომლის გადაჭრასაც ვერ ვახერხებდით.

2013 წლიდან, მას შემდეგ რაც ძალიან დიდი კაპიტალდაბანდება განვახორციელეთ და მივაგენით ნავთობისა და გაზის, განსაკუთრებით კი ბუნებრივი აირის ძალიან დიდ მარაგს; როგორც კი განვაცხადეთ, რომ სამუშაოების შემდგომ ეტაპზე გადასვლას ვაპირებთ, სწორედ ამის მერე იწყება ძალიან დიდი პრობლემები და პრაქტიკულად ჩვენი სამუშაოების შევიწროება, რაც როგორც შედეგი დაგვირგვინდა ჩვენ წინააღმდეგ რამდენიმე სასამართლო დავით, რომელიც წამოიწყო სახელმწიფომ. შემდგომ, საარბიტრაჟო სასამართლოში იჩივლეს და ასე შემდეგ.

იმის გამო, რომ ჩვენ ძალიან ძლიერი პოზიცია გვაქვს იმ საკითხებთან მიმართებით, რაზეც გვედავებიან საქართველოს სასამართლოში, ძალიან დიდი ხანია გრძელდება ეს პროცესი და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის მიღებული."

2) ნავთობისა და გაზის კორპორაციის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, თქვენ სააგენტოსგან მიუღებელი შემოსავლის სახით $3.5 მილიარდი აშშ დოლარის კომპენსაციას ითხოვდით. რა მაჩვენებლებზე დაყრდნობით დათვალეთ ეს რიცხვი? ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, თქვენ ამ თანხაზე გქონდათ შეტანილი ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა, თუმცა შემდგომში ამ მოთხოვნაზე უარი თქვით.

"ეს არ შეესაბამება სინამდვილეს, პირველ რიგში ჩვენ არ ვუჩივით სახელმწიფოს, საქმე პირიქით არის. სახელმწიფო გვიჩივის ჩვენ. მე კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ კომპანია სახელმწიფოს არ ედავება $3.5 მილიარდ დოლარზე.

$3.5 მილიარდი დოლარი, ეს გახლავთ ის თანხა, რომელიც პოტენციურად შეგვეძლო მიგვეღო ჩვენ, თუკი სახელმწიფო ხელს არ შეგვიშლიდა, რომ გაგვეგრძელებინა ოპერაციები. მაგრამ ეს არ გახლავთ ის თანხა, ან ის მიუღებელი შემოსავალი, რომელთან დაკავშირებითაც კომპანია ედავება სახელმწიფოს. კომპანია არ ედავება სახელმწიფოს და არც წამოუწყია არანაირი სასამართლო პროცესი მის მიმართ."

3) თუმცა GOGC-ის 2018 წლის აუდიტორულ ანგარიშში წერია სწორედ ეს რიცხვი და ეს ოდენობა მოთხოვნილი თანხისა. აღნიშნული დოკუმენტი კი KPMG-ის მიერ არის მომზადებული.

"KPMG-იმ იქ მოახვედრა ალბათ ის ინფორმაცია, რომელიც მას მიაწოდა “ნავთობისა და გაზის კორპორაციამ”, ჩვენ მივმართეთ “ნავთობისა და გაზის კორპორაციას, ჩვენც გავეცანით ამ ანგარიშს, ვნახეთ ეს უზუსტობა და მივმართეთ GOGC-ს, რათა შეეტყობინებინა KPMG-ისთვის და გაესწორებინა ეს შეცდომა, რომელიც ნებით თუ უნებლიედ არის დაშვებული.

მაგრამ სამწუხაროდ, მათ არანაირი ნაბიჯი არ გადადგეს ამის გამოსასწორებლად. კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპანია არ ედავება არც სახელმწიფოს, არც “ნავთობისა და გაზის კორპორაციას”, ეს სასამართლო დავები დაიწყო სახელმწიფომ და GOGC-მა ჩვენ წინააღმდეგ."

4) თქვენ 2013 წელზეც ისაუბრეთ, როგორც ცნობილია, 2013 წელს შეხვდით მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს. რაზე გაიმართა თქვენს შორის შეხვედრა? - ასევე სხვა წლებში შეხვედრები გქონდათ შემდგომ პრემიერებთანაც. თქვენს პრობლემებზე თუ იყო საუბარი ამ შეხვედრებე?

"მართალი ბრძანდებით, ჩვენ 2013 წელს შევხდით პრემიერ-მინისტრს. მოგეხსენებათ, რომ 20 წელიწადზე მეტია, თითქმის 22 წელია, რაც სამუშაოებს ვახორციელებთ საქართველოში. ჩვენ გახლავართ ყველაზე დიდი ამერიკელი ინვესტორი საქართველოს ენერგეტიკის დარგში. ამ ხნის განმავლობაში, როგორც წესი, თუკი ადმინსიტრაცია იცვლება ხოლმე, ვხდებით ხელმძღვანელ პირებს - პრემიერ-მინისტრი იქნება თუ პრეზიდენტი და მას ვაბარებთ ანგარიშს იმის მიხედვით, თუ სად ვართ და საით მიდის ჩვენი სამუშაოები.

2013 წელს, ამ შეხვედრის მიზანიც გახლდათ ზუსტად იგივე, რაც მის წინამორბედებთან უფრო ადრე. მას გავაცანით სამუშაოები, პროგრესი, რა შედეგები გვქონდა, რა სამუშაოებს ვგეგმავდით და სხვათა შორის, გვქონდა შესანიშნავი შეხვედრა მასთან [ბიძინა ივანიშვილთან]. იქ იყო რამდენიმე პატარა საოპერაციო საკითხი, სწორედ ადმინისტრაციული საკითხი, რომელსაც შევეხეთ, მაგრამ იყო ძალიან კარგი და პროდუქტიული შეხვედრა და საინტერესო საუბარი.

ეს შეხვედრა შვენი სამუშაოების კარგად წარმართვაში არ აისახა, სამწუხაროდ. სირთულეები უფრო გამწვავდა და გამძაფრდა, მივედით იქამდე, რომ სახელმწიფომ რამდენიმე სასამართლო დავა დაიწყო საქართველოში და დაგვირგვინდა საერთაშორისო საარბიტრაჟო დავით.

[ივანიშვილთან] საუბარი შეეხებოდა იმ მარაგს, ბუნებრივი აირის დიდ მარაგს, რომელსაც ძალიან დიდი ინვესტირების და უზარმაზარი მოცულობის სამუშაოების შემდეგ მივაკვლიეთ და საუბარი შეეხებოდა იმ გეგმებსა და იმ ხედვას, თუ რა უნდა ყოფილიყო შემდეგი ნაბიჯი და შემდეგი ეტაპი. თუ როგორ ხედავდა კომპანია, როგორ განავითარებდა კომპანია ამ უზარმაზარ პოტენციალს საქართველოსთვის. ეს იყო შინაარსი ამ შეხვედრის.

5) ბუნებრივი რესურსების მარაგის შესახებ თქვენ მიერ გაკეთებულ განცხადებებზე გკითხავთ. სახელმწიფო ამ განცხადებებს სკეპტიციზმით შეხვდა და მათგან იყო იმაზე, რომ საქართველოში არ არსებობს ამ მოცულობის ბუნებრივი რესურსების მარაგი. რა დამადასტურებელ საბუთებზე დაყრდნობით გააკეთეთ აღნიშნული განცხადებები?

"სამუშაოების მოცულობა არის უპრეცედენტოდ დიდი საქართველოსთვის და არამხოლოდ საქართველოსთვის. ნებისმიერ რეგიონს ან ქვეყანას, შეშურდებოდა ის მოცულბა სამუშაოებისა და ინვესტირებისა, რაც ჩვენ ჩავატარეთ. სხვათა შორის, იმ ადამიანების გასაგონად, ვინც ამა თუ იმ ფორმით სკეპტიკურად უყურებდა ჩვენ განცხადებებს, საინტერესოა, მათ რომ ჰკითხოთ, ბოლოს როდის გაეცნენ სამუშაოების იმ შედეგებს, რომელზე დაყრდნობითაც ამბობენ, რომ იქ არ არის ასეთი მარაგი ბუნებრივი გაზისა. მე გარწმუნებთ, რომ მარაგი არის და თანაც ძალიან დიდი.

ეს არის ისეთი მარაგი, რომელმაც ძალიან რადიკალურად შეიძლება შეცვალოს საქართველოს ეკონომიკური განვითარება - მისი კეთილდღეობის ამაღლებისკენ.

როგორ მივედით ამ დასკვნამდე? - ეს დასკვნა გაკეთდა იმ სამუშაოების შედეგებზე დაყრდნობით, რასაც წლების განმავლობაში ვახორციელებდით. ეს გახლავთ სეისმური კვლევა, ეს გახლავთ ბურღვები, ეს გახლავთ ტესტირებები ჭაბურღილების, ეს გახლავთ სხვადასხვა სახის ეგრეთწოდებული სტიმულირება მოპოვებისა, ნავთობ და გაზ შემცველი ფენებისა. ამ სამუშაოების შედეგიდან გამომდინარე, მთელი ეს მასალა, როგორც კი წარვუდგინეთ მსოფლიო ხუთეულს - უდიდეს კომპანიებს ამერიკულს, რომლებიც სერთიფიცირებას ახორციელებენ ამ მარაგებისა, მათ თითოეულ ამ შემთხვევაზე წელიწადი-წელიწადნახევარი დახარჯეს, რომ დაემუშავებინათ კიდევ ეს მასალა და მოგვცეს კიდეც დასკვნა, რომელიც პირველად საქართველოს ისტორიაში, წარვუდგინეთ საქართველოს სახელმწიფოს.

ასეთი რამ ადრე ამ მომხდარა. ჩვენ ვამაყობთ, რომ უზარმაზარი სამუშაოების მოცულობის ჩატარების შედეგად და ძალიან დიდი ინვესტირების შედეგად, საქართველოსთვის შევქმენით უზარმაზარი პოტენციალი, რომლის არსებობის შესახებაც არავინ არ იცოდა.

ვფიქრობთ, რომ ამის შემდეგი ეტაპი იქნება ის, რასაც ვფიქრობდით 2013 წელსაც, თუმცა დღემდე არ მოგვეცა ამის საშუალება, რომ გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე, რაც არის ამ მარაგის ათვისება და უკვე რეალურ კაპიტალად ქცევა."

6) რა ინვესტიციებთან არის დაკავშირებული ამის განხორციელება?

"მაგალითს გეტყვით, ყველასთვის ცნობილი შაჰ-დენიზის საბადო, საიდანაც კასპიის ზღვაში გაზს მოიპოვებენ და ეს მოპოვება დაიწყო 15-20 წლის წინ, პრაქტიკულად 2000 წლის შემდეგ, ეს საბადო თავის დროზე უზარმაზარი სამუშაოების ჩატარების შემდეგ, 1952 წელს იყო აღმოჩენილი. შესაბამისად, ამას სჭირდება პერიოდი, რათა კვლევები ჩაატარო, ბურღვები ჩაატარო, შეიმუშავო ყველაზე უფრო სწორი და ოპტიმალური ტექნიკა და ტექნოლოგია ბურღვისა, ჩაატარო ორგანზომილებიანი და სამგანზომილებიანი სეისმიკური კვლევები, რაც ჩვენ ჩავატარეთ პირველად საქართველოს ისტორიაში, ადრე ასეთი რამ არასოდეს მომხდარა. ამას სჭირდება სინჯების აღება - 2,000, 3,000, 5,000 მეტრის სიღრმიდან, უნდა გააკეთო ამ სინჯების ანალიზი. ეს არის ძალიან დიდი და კაპიტალტევადი და ტექნოლოგიურად ძალიან რთული პროცესი, რომლითაც სწორედ ბოლო 20 წელია ვართ დაკავებული."

7) თქვენი კომპანიის უკანასკნელი აუდიტორული ანგარიში, რომელიც ვებგვერდზე არის გამოქვეყნებული თარიღდება 2018 წლის 6 თვით და მისი მიხედვით, თქვენი კომპანიის შემოსავალი ბუნებრივი რესურსების რეალიზაციიდან იყო 1.8 მილიონი დოლარი, ხოლო ჯამური ზარალი კი იყო 7 მილიონ დოლარამდე. თუ ამ მოცულობის მარაგებზე საუბრობთ, მაშინ რას უკავშირდება ზარალი? თუ ეს კვლევა-ძიების სამუშაოების კაპიტალტევადობიდან გამომდინარეა ასე?

"დიახ, ჩვენი ტიპის კომპანიების სახელი გახლავთ ნავთობის ძებნა-ძიებისა და მოპოვების კომპანია. ეს ნიშნავს, რომ კომპანია ეწევა, როგორც ნავთობის ძებნა-ძიებას, ასევე მოპოვების სამუშაოებს. როგორც წესი, ძებნა-ძიების ეტაპი არის ზარალიანი. ეს ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ხდება ძალიან ინტენსიური ინვესტირება და მხოლოდ მას შემდეგ, რაც აღმოჩნდება და მიაგნებთ ამ მარაგს და იწყებთ ათვისებას ამ მარაგისას, აი შემდეგ გადადის კომპანია უკვე მომგებიან ეტაპზე.

ჩვენ სწორედ ამ ეტაპზე ვართ, რომ ამ უზარმაზარი კაპიტალდაბანდების შემდეგ, როგორც კი მივედით იმ ეტაპამდე, რომ დავადასტურეთ მარაგების სერტიფიცირების ძალიან დიდ და ცნობილ კომპანიასთან და ახლა გადავდივართ სამუშაოების შემდეგ ეტაპზე, მას შემდეგ დაიწყო რეალურად პრობლემები და იწყება ჩვენი საქმიანობის შევიწროება.

არ მოგვეცა საშუალება ფართომასშტაბიანი სამუშაოები გაგვეშალა ისე, როგორც ვფიქრობდით. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც გავაგრძელეთ ბურღვის სამუშაოები, მაგრამ ეს რა თქმა უნდა არ იყო იმ მასშტაბის, რომელიც გვინდოდა, რომ ჩაგვეტარებინა. ამის მიზეზი გახლდათ სწორედ ასეთი ანტაგონისტური დამოკიდებულება ჩვენი საქმიანობის მიმართ." 

8) კონგრესმენთა მიერ გაკეთებულ განცხადებებზე მინდა გკითხოთ. არაერთმა კონგრესმენმა გააკეთა თქვენი მხარდამჭერი განცხადება, საქართველოს მთავრობის თქმით კი, ეს განცხადებები შეცდომაში შემყვანი იყო, გაკეთდა განცხადებები თითქოს კონგრესმენები ლობისტურ საქმიანობასაც ეწევიან. თქვენ რისი თქმა შეგიძლიათ ამასთან მიმართებით, რა ურთიერთობა გაქვთ წარმომადგენლობითი პალატის წევრებთან ან როგორ დაინტერესდნენ ისინი თქვენი კომპანიის საქმიანობით?

"ჩვენი პრობლემით დაინტერესება გუშინ და დღეს არ მომხდარა, ძალიან დიდი ხანია იცნობენ ჩვენ სამუშაოებსა და ჩვენს კომპანიას. ჩვენი სამუშაოები ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოში და სხვა პროექტებშიც, მჭიდრო კავშირშია, ჰიუსტონთან, სხვადასხვა ლაბორატორიებთან და ხალხთან. ამიტომ ისინი კარგად იცნობენ ჩვენს საქმიანობას და იცნობენ იმ ვითარებას, რა ვითარებაშიც წლების განმავლობაში გვიწევს მუშაობა საქართველოში. ეს პირველად არ ხდება, როდესაც მხარდამჭერ კომუნიკაციას აგზავნიან საქართველოში, ძალიან დიდი მხარდაჭერა რომ არ ყოფილიყო კონგრესმენებისა და სენატორების, ასევე ადმინისტრაციის მხრიდან 2013 წელს, 2014 წელს, ჩვენ ვერ შევძლებდით საქართველოს ისტორიაში პირველი გაზსადენის მშენებლობას, რომელიც ქართული გაზის ტრანსპორტირებისთვის აშენდა.

რომ არ ყოფილიყო ასეთი ძლიერი მხარდაჭერა, სენატორებისა და კონგრესმენებისა, 2014 წელს, ჩვენ ვერ შევძლებდით, მიუხედავად იმისა, რომ ეს კონტრაქტით გვეკუთნოდა - რომ მოგვეპოვებინა ლიცენზია, რომ ჩვენ მიერ მოპოვებული გაზი, გაგვეტარებინა ჩვენ მიერ აშენებულ გაზსადენში. ასე რომ, 2013-2014 წლებში კიდევ უფრო ინტენსიური იყო კომუნიკაცია ვაშინგტონიდან ჩვენი მთავრობისა და ხელისუფლების მიმართ, ვიდრე ეს ახლაა. ასე, რომ, ეს არ არის ახალი ამბავი და ასეთი ტონი და ასეთი დამოკიდებულება და ასეთი შეშფოთება იქ დიდი ხანია არსებობს - ეს კი იმ ვითარების გამო, რა ვითარებაშიც უწევს ამერიკულ კომპანიას საქართველოში საქმიანობა.

რაც შეეხება ლობისტებზე განცხადებას. კონგრესმენი ვერ შეიძლება იყოს ლობისტი. ლობისტი შეიძლება იყოს მხოლოდ ლობისტი, მაგრამ ის საინფორმაციო წყარო, რითიც ზოგ-ზოგიერთი სარგებლობს, რომ ცდილობს დაადასტუროს, თითქოს Frontera რომელიმე პოლიტიკოსს უხდის თანხას, ეს არ შეესაბამება სინამდვილეს.

არასოდეს, Frontera-ს არცერთი პოლიტიკოსისთვის არანაირი თანხა არ გადაუხდია." 

9) თუ შეგიძლიათ უფრო დეტალურად გვითხრათ, ამჟამად სახელმწიფო რაზე გედავებათ? არსი რა არის ამ დავის?

"ძალიან ღრმა იურიდიულ დეტალებში რომ არ შევიდეთ, გეტყვით, რომ მათ უნდათ, რომ შეგვიწყვიტონ ხელშეკრულება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან ბევრი წელი კიდევ შეგვიძლია ვიმუშავოთ ადგილზე - რაც არსებული ხელშეკრულებით არის განსაზღვრული.

მათ უნდათ, რომ ვადამდე ადრე შეგვიწყვიტონ ეს ხელშეკრულება და ასევე ითხოვენ ჩვენ მიერ დაახლოებით $80 მილიონი დოლარის გადახდას, თითქოს ჩვენ სახელმწიფოს მიმართ გვაქვს ეს თანხა გადასახდელი, რაც ასევე არ შეესაბამება სინამდვილეს."

10) დავის მიხედვით $80 მილიონი დოლარი თქვენ მიერ ბუნებრივი აირის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის განაწილებას უკავშირდება თუ სხვა სახის მოსაკრებელი არის?

"სხვადასხვა ტიპის კალკუალაცია აქვთ გაკეთებული, რომელიც საკმაოდ გაუგებარია ჩვენთვის, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ამჟამად მიმდინარეობს პროცესი, არ შევალ მე დეტალებში. თუმცა, ის, რომ რაიმე სახის დავალიანება აქვს კომპანიას სახელმწიფოს წინაშე, ეს თანხა უნდა მიეღო და არ მიუღია - ეს არ შეესაბამება სინამდვილეს." 

11) საქართველოში თქვენ მიერ დასაქმებულთა მიმართ დაგროვილ სახელფასო დავალიანებაზე გკითხავთ. რამდენი ხანია რაც მოპოვებითი სამუშაო შეწყვეტილია და რა მოცულობის დავალიანება გაქვთ თანამშრომელთა მიმართ?

"ზოგიერთი ამბობს 11 თვეს, ზოგი ამბობს 14 თვეს, ზოგი ამბობს 8 თვეს - არცერთი ეს ციფრი არ არის სწორი. არსებობს დავალიანება რამდენიმე თვის ზოგიერთი თანამშრომლის მიმართ. 

კომპანია მზად იყო კიდევ მეტი გაეღო სახელმწიფოსთვის, ოღონდ არ ყოფილიყო სასამართლო დავა, რომელიც ძალიან ცუდი კუთხით წარმოაჩენს საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის თვალსაზირისით.

თითქოს სახელმწიფო დაგვთანხმდა ამ ყველაფერზე, ინტენსიურად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ბოლო 4 თვის განმავლობაში, უფრო მეტი პერიოდისაც ალბათ, ჩვენც ამ პერიოდშიც რა დროსაც მიმდინარეობდა მოლაპარაკებები სახელმწიფოსთან, არ დავითხოვეთ ის თანამშრომლები თავიანთი სამსახურიდან იმ იმედით, რომ შეთანხმებას ხელს მოვაწერდით და კვლავ ჩვეული რიტმით გავაგრძელებდით მუშაობას.

მაგრამ ბოლო მომენტში, სახელმწიფომ უარი თქვა შეთანხმებაზე. ამ მოლოდინის გამო, როდესაც არ დავითხოვეთ თანამშრომლები, ამიტომ დაგვიგროვდა დავალიანება მათ მიმართ.

ასევე სახელმწიფო არ გვიხდის დღგ-ს, რომელიც დაგვიგროვდა. უნდა აგვინაზღაუროს გადახდილი დღგ, რომელიც უკვე რამდენიმე მილიონს აღწევს.

ამ ყველაფრის გამო [თანამშრომელთა მიმართ] შეიქმნა ეს მდგომარეობა. თუმცა, ჩვენ უკვე დიდი ხანია თანამშრომლებისთვის შეთავაზებული გვაქვს წინადადება, რომ დავუფაროთ ის რამდენიმე თვის დავალიანება რაც არსებობს. მაგრამ, აქაც ზოგ შემთხვევაში სახელმწიფო, ზოგ შემთხვევაში მთავრობასთან ასოცირებული სხვადახვა პირები აქეზებენ ამ ხალხს და აქციებისკენ მოუწოდებენ.

დღემდე არ მოუწერიათ ხელი ამ თანამშრომლებს იმ შეთანხმებისთვის, რომლის შედეგადაც უნდა დავიწყოთ მათთვის რამდენიმეთვიანი დავალიანების დაფარვა, თუმცა ეკონომიკის სამინისტრო და გარკვეული დეპუტატები აქეზებენ მათ, რომ ეს არ გააკეთონ." 

12) 2019 წლის იანვარში თქვენი კომპანია მოიხსნა ლონდონის საფონდო ბირჟის ალტერნატიული დაფინანსების ბაზრიდან. ამის მიზეზი რა იყო?

"ამას თავისი პროცედურა აქვს განსაზღვრული რა პირობებიც არსებობს, იმისთვის, რათა კომპანიის აქციები ივაჭრებოდეს საფონდო ბირჟაზე.

ჩვენ სხვათა შორის ვიყავით პირველი კომპანია, რომელმაც საქართველოს ისტორიაში პირველად გაიტანა ქართული პროექტი საფონდო ბირჟაზე, ეს კი მაშინ, როდესაც საფონდო კაპიტალის ბაზარი საქართველოს არც იცნობდა. ეს იყო ძალიან წარმატებული ლისტინგი, რომელმაც გზა გაუკვალა ბევრ სხვა ქართულ კომპანიას და მე ვამაყობ ამით.

ჩვენ - საჯარო კომპანია ვიყავით 15 წლის განმავლობაში. ასეთ პირობებში, როდესაც სახელმწიფოსგან არათუ ხელშეწყობა, არამედ დამაზიანებელი ქმედებები ხორციელდებოდა ძალიან ბევრი წლის განმავლობაში, უბრალოდ აზრი დაკარგა ჩვენთვის საფონდო ბირჟაზე ყოფნამ. ამიტომ ჩავთალეთ, რომ უფრო უპრიანი იქნებოდა, რომ როგორც კერძო სააქციო საზოგადოებას გაგვეგრძელებინა საქმიანობა. შემდეგ ვნახოთ." 

13) უკვე ახლოვდება საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება. რა მოლოდინი გაქვთ ვერდიქტთან დაკავშირებით?

"სასამართლოს მოსმენები გაიმართა ლონდონში, ველოდებით გადაწყვეტილებას. როდის იქნება არ ვიცით. მოლოდინი გვაქვს დადებითი იმ მხრივ, რომ ჩვენ არ გაგვაჩნია და ვიცით, რომ არასოდეს არ გაგვაჩნდა თითქმის $70-$80 მილიონი დოლარის დავალიანება სახელმწიფოს მიმართ და ვიცით, რომ კონტრაქტის პირობები არ დაგვირღვევია, ასე რომ მოლოდინი გვაქვს საკმაოდ ოპტიმისტური. ვიმედოვნებთ და გვჯერა, რომ კვლავაც გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოში და გადავალთ სწორედ იმ ეტაპზე, როდესაც არამხოლოდ კომპანიისთვის, არამედ ქვეყნისთვის ძალიან დიდ სიკეთეს მოიტანს ჩვენს მიერ აღმოჩენილი გაზისა და ნავთობის მარაგების ათვისება."







მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა