მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფულის გათეთრება და აზარტული სექტორი - რამდენ საეჭვო გარიგებაზე მიმართეს რეგულატორს

5f14348a59dfe
შოთა ტყეშელაშვილი
19.07.20 15:52
1414
საქართველოში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აზარტული თამაშების სექტორის ბრუნვა მკვეთრად გაიზარდა, 2018 წელს მან 13 მილიარდ ლარსაც კი გადააჭარბა. ბრუნვის ასეთ ზრდასთან ერთად შესაბამისად სექტორში ფულის გათეთრების სისტემური რისკებიც გაიზარდა. ნაღდი ფულის მაღალი ინტენსივობის გამო, ეს სფერო მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის შეფასებული როგორც ფულის გათეთრებისთვის მაღალი რისკის შემცველად.

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური აქვეყნებს ანგარიშს, საიდანაც ირკვევა, რომ 2019 წელს აზარტულ სექტორში საეჭვო ტრანზაქციების შესახებ მიმართვიანობა მკვეთრად გაიზარდა.

ლატარიებისა და აზარტული თამაშების მომწყობი პირების მხრიდან გასულ წელს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში სულ 3044 შეტყობინება შევიდა. აქედან, 2740 შეტყობინება სამსახურის მიერ დადგენილ ზღვარს ზემოთ არსებულ ფსონებს შეეხებოდა, ხოლო 304 შეტყობინება კი საეჭვო ხასიათის ფულად აქტივობას ეხებოდა.

შედარებისთვის, 2018 წელს მიმართვების საერთო რაოდენობა 921 იყო, აქედან 920 შეტყობინება დადგენილ ლიმიტზე უფრო მაღალ გარიგებებს შეეხებოდა, საეჭვო ხასიათის ფულადი აქტივობის შესახებ განაცხადი კი მხოლოდ 1 იყო. შესაბამისად, გასულ წელს სექტორის მხრიდან საეჭვო ტრანზაქციებთან დაკავშირებით მიმართვიანობა 30,300%-ით გაიზარდა.

ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ანგარიშის თანახმად, ფულის გათეთრების მაღალ რისკებს შეიცავენ ის იურიდიული პირები, რომლებიც საქართველოში მხოლოდ ქაღალდზე არსებობენ და რომელთაც უცხოური კომპანიები დიდძალი თანხების გადარიცხვისთვის იყენებენ.

“2019 წლის განმავლობაში კვლავ მიმდინარეობდა ჩვენს ქვეყანაში რეგისტრირებული, თუმცა, საქართველოსთან რეალური ბინზეს კავშირის არმქონე კომპანიების (მათ შორის, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში დარეგისტრირებული ფირმების) ანგარიშების გამოყენება ფულადი სახსრების მიმოქცევისათვის - ხორციელდებოდა ჩარიცხვები და შემდგომი გადარიცხვები მესამე ქვეყნებში, ზოგიერთ შემთხვევაში ასეთი კომპანიების ბრუნვა რამდენიმე მილიონი ლარის ეკვივალენტს აღწევდა. მსგავს სქემებს ახასიათებთ როგორც ჩამრიცხავების, ისე თანხის შემდგომი მიმღებების დიდი რაოდენობა, გეოგრაფიული მრავალფეროვნება, ტრანზაქციის დანიშნულების ზოგადი ხასიათი („საკონსულტაციო მომსახურებისთვის“, „მარკეტინგული მომსახურება“ და სხვ.), აგრეთვე, ტრანზაქციათა სქემაში რადიკალურად განსხვავებული სახეობების ბიზნესების არსებობა და ა.შ,”- ნათქვამია ანგარიშში.

რაც შეეხება სამსახურის მიერ გამოვლენილი შემთხვევების ჯამურ რაოდენობას, ის 2019 წელს 2018 წელთან შედარებით 6.5%-ით შემცირდა. წლების მიხედვით, გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა ასეთია:

2016 წელი - 118 შემთხვევა;
2017 წელი - 148 შემთხვევა;
2018 წელი - 137 შემთხვევა;
2019 წელი - 128 შემთხვევა.

დოკუმენტის თანახმად, საეჭვო ფულად ნაკადებთან დაკავშირებით სამსახურის ინფორმაციის ძირითადი წყარო კომერციული ბანკები არიან, რომლებმაც გასულ წელს 685 საეჭვო ტრანზაქციაზე გააკეთეს შეტყობინება. მისო-ების მიერ 115 შეტყობინება, ხოლო ვალუტის გადამცვლელი პუნქტებიდან კი 14 საეჭვო ტრანზაქციაზე იყო სამსახურში შეტყობინება შესული.