მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები მთავრობის ნებართვის მოლოდინში - დეტალები

5e8ddec499094
დავით ჯალაღონია
09.04.20 09:40
3913
კორონავირუსის გამო, სამეწარმეო საქმიანობისთვის გამკაცრებული პირობები, მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც შეეხო. პროტოკოლის დასაცავად სახელმწიფოს სამშენებლო კონტრაქტორები შესაბამის გეგმას მიყვებიან, რაც ეკონომიკის სამინისტროს საიტზე შესავსები აპლიკაციით იწყება. მას შემდეგ, რაც კომპანია ჯანდაცვის უსაფრთხოების მხრივ ყველა მოთხოვნას გაითვალისწინებს, მუშაობას გააგრძელებს - ეს მთავრობის მიერ 3 აპრილს გაცხადდა.

BM.GE დაინტერესდა, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ინფრასტრუქტურული სამუშაოების განმახორციელებელმა რამდენმა კომპანიამ გაიარა შემოწმება, ან უკვე შეძლო საქმიანობის გაგრძელების ნებართვის მიღება. თემაზე საუბრისგან ინფრასტრუქტურის სამინისტროში თავს იკავებენ, მთავრობის გუშინდელი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ კი ბრიფინგების ოთახში ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი არ გამოჩენილა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტს 8 აპრილს გავრცელებულ პრესრელიზში უწერია, რომ კორონავირუსის ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, სამშენებლო ობიექტების მონიტორინგი დაიწყო და დღეს შესაბამისი ჯგუფი ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის მშენებლობის პროექტზე იმყოფებოდა, სადაც სამუშაო პროცესთან დაკავშირებით რეკომენდაციების შესრულების პროცესს გაეცნო.

„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“, მთავრობის 181-ე დადგენილების შესაბამისად, წინასწარ მოწმდება და მონიტორინგი უტარდება სამშენებლო ობიექტებს იმის დასადგენად, თუ რამდენად არის ადგილებზე დაცული კორონა ვირუსის პრევენციისთვის აუცილებელი რეკომენდაციები.

სააავტომობილო გზების დეპარტამნტის კონტრაქტორი ორგანიზაციები სრულად არიან ინფორმირებულები, თუ რა სახის ღონისძიებები უნდა გატარდეს კორონავირუსის პრევენციის მიზნით სამუშაო ობიექტებზე. კომპანიებს უკვე დაწყებული აქვთ მუშაობა ამ მიმართულებით. ტარდება შესაბამისი ტრენინგები.

უახლოეს მომავალში ყველა ის კომპანია რომელიც სრულად გაითვალისწინებს საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს სამუშაოებს ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს“, - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

გარდა პროექტების მიმდინარეობისა, BM.GE-ს ინფრასტრუქტურის სამინისტროთან კითხვები პრემიერის მიერ დაანონსებულ იმ მექანიზმზეც აქვს, რომელიც სამშენებლო კომპანიებისთვის კურსთა შორის სხვაობით მიღებული ზარალის ანაზღაურებას გულისხმობს. ამ თემაზე დეტალები კერძო სექტორსაც აქვს დასაზუსტებელი, მაგალითად, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციას აინტერესებს, პირდაპირი შესყიდვებით მიმდინარე პროექტები რატომ ვერ მოხვდა მთავრობის დადგენილებაში, სადაც სწორედ სავალუტო რისკების დაზღვევაზე არის საუბარი. ვიდრე მთავრობა ამ თემებზე მედიასთან, ან თავად კომპანიებთან დამატებით განმარტებებს გააკეთებს, BM.GE-მ ასოციაციიდან მიიღო ინფორმაცია, რამდენად მზად არიან წევრი კომპანიები, გამკაცრებული პროტოკოლით საქმიანობის გასაგრძელებლად.

“თავად ბიზნესის მხრიდან მზაობა, რომ მოთხოვნები დაიცვან, შემოწმდნენ და მალე დაიწყონ მუშაობა, არის, რადგან თითოეულ მეწარმეს უჭირს შემდგომ იმის პროგნოზირება, ერთი, ან ორი კვირით თუ გაჩერდნენ, რამდენად შეძლებენ კვლავ სამუშაო ძალის, თუ სხვა რესურსების მობილიზებას. მათმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ უკვე მიმართა ეკონომიკის სამინისტროს, მერიას, თუ რეგიონულ სამინისტროს.

ზოგადად ვიცით, რომ მარტო ეკონომიკის სამინისტროში ათასობით განაცხადია შესული, შესაბამისად, ყოველდღიურად ძალიან დიდი მოცულობა თუ არ დაფარა ინსპექციამ, გამოდის, რომ ერთი, ან ორი თვით მოუწევთ მეწარმეებს გაჩერება“, - განაცხადა ანა საბახტარიშვილმა.

ერთ-ერთი კომპანია, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პირობებიდან გამომდინარე გამკაცრებული მოთხოვნების ფარგლებში, მუშაობის გაგრძელების ნებართვას ელოდება, არის „ბლექ სი გრუპი“. ამ კომპანიას სახელმწიფოსთან ექვსი მიმდინარე პროექტი აქვს, მათ შორის - ქუთაისის შემოვლითი გზის.

„1 აპრილიდან ჩვენმა კომპანიამ საქართველოს მასშტაბით ყველგან შეწყვიტა სამშენებლო სამუშაოები, საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე.

არსებულ რეალობასთან მორგებით, ჩვენი დამკვეთისგან კონკრეტული მითითებები მივიღეთ, თუნდაც თერმოსკრინინგი ყველა თანამშრომლთან დაკავშირებით, დეზობარიერები და მსგავსი წვრილმანები. ჩვენ მთლიანად შევძელით რამდენიმე მიმდინარე პროექტის ორგანიზება - ინფრასტრუქუტრის სამინისტროს მივმართეთ, რომელმაც შუამდგომლობა გაგვიწია, ასევე ეკონომიკის სამინისტროს საიტზე განაცხადი შევავსეთ, სადაც ზუსტად არის გაწერილი ჩვენი სამოქმედო გეგმა.

ორი დღის წინ იყვნენ ჩამოსულები, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ისე ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები. ორთავე გუნდის მიერ მოხდა თვიდან ბოლომდე დეტალური შესწავლა, ობიექტების. როგორც მე ვფლობ წინასწარ ინფორმაციას, შესაბამისი პარამეტრები დავაკმაყოფილეთ, გავიარეთ და ახლა ველოდებით უკვე ოფიციალურად ნებართვის მიღებას, რათა შევძლოთ საქმიანობის განხორციელება. ამ პროექტებზე დაახლოებით 820 ადამიანია დასაქმებული“, - აღნიშნა ”ბლექ სი გრუპის” გენერალურმა დირექტორმა ამირან მამუჭაძემ.

„ბლექ სი გრუპის“ ხელმძღვანელმა BM.GE-სთან კურსთა შორის სხვაობის დაზღვევის მექანიზმზეც ვესაუბრეთ. მისი ინფორმაციით, წლის ბოლოს მთავრობა დაადგენს, რამდენად გაუძვირდება კონტრაქტორ კომპანიებს სამშენებლო მასალების შეძენის ხარჯი და შემდეგ შეაფასებს, საჭირო იქნება თუ არა გარკვეული თანხის ანაზღაურება.