საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა "ევროოპტიმისტები" დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილს კომიტეტის მორიგ სხდომაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოწვევით თხოვნით მიმართეს. თემა რიკოთის მაგისტრალის საკითხის ირგვლივ არსებული კითხვებია.
საპარლამენტო ჯგუფმა კომიტეტის თავმჯდომარეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-40 მუხლის საფუძველზე დღეს მიმართა, რომელიც კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს მთავრობის წევრის კომიტეტის დადგენილ ვადებში შესაბამისი დოკუმენტების, დასკვნების და სხვა საჭირო მასალების წარდგენას გულისხმობს. ამავე მუხლით გათვალისწინებულია, რომ კომიტეტის თავმჯდომარე კომიტეტის გადაწყვეტილებას მისი მიღებიდან არაუგვიანეს 3 დღისა შესაბამის თანამდებობის პირს უგზავნის.
„ბატონო დავით, მოგმართავთ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-40 მუხლის შესაბამისად, რათა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე სავალდებულო წესით დაესწროს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ბატონი ირაკლი ქარსელაძე, რათა მან უპასუხოს დეპუტატების მიერ სხდომაზე დასმულ შეკითხვებს. მოწვევის მიზანი: დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი მაგისტრალი დღეისათვის უფრო მძიმე მდგომარეობაშია მისი გამტარუნარიანობის თვალსაზრისით, ვიდრე სამუშაოების დაწყებამდე.
ბოლო რამდენიმე თვეა რიკოთზე წარმოქმნილი პრობლემების გამო, საავტომობილო მოძრაობა გრაფიკით ხორციელდება. დღემდე უცნობია, როდისთვის მოიხსნება გრაფიკით განსაზღვრული საავტომობილო გადაადგილების შეზღუდვა გზატკეცილზე. რიკოთის გზის სამუშაოების დასრულების თავდაპირველად დაანონსებული თარიღიდან სამი წელია გასული. აშკარაა, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია დარჩენილი, მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება.
ამავდროულად, წარმოქმნილი პრობლემებიდან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ პროექტის დასრულებას დამატებითი ფინანსური რესურსები დასჭირდება. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში არაერთხელ დაფიქსირდა უკვე აშენებული გზების თუ გვირაბების დაზიანება, რამაც აუცილებელი გახადა ერთი და იგივე სამუშაოების რამდენჯერმე ჩატარება, რაც დამატებით ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. უნდა ვივარაუდოთ, რომ პროექტის ღირებულება, მის პირვანდელ ფასთან შედარებით შეიცვლება. გაურკვეველია, ვინ დაფარავს იმ ხარჯებს, რომლებიც გამოწვეულია ხელახალი და განმეორებითი ტიპის სამუშაოების ჩატარების აუცილებლობით.
რიკოთის 51 კილომეტრიან მაგისტრალზე, რომელიც 4 მონაკვეთად არის დაყოფილი და რომლის სამუშაოებსაც ოთხი ჩინური კომპანია ახორციელებს, სისტემატურად იბზარება ბეტონის კონსტრუქციები და ფიქსირდება აშენებული ნაგებობების ჩამოშლა. უცნობია, რა კონკრეტული კრიტერიუმების საფუძველზე ხდება მომუშავე პერსონალის დაქირავება და მიღება სამუშაოდ, რამდენად სწორად ხდება საშენი მასალების ვარგისიანობის შემოწმება და ა.შ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჩინურ კომპანიებს, რომლებიც რიკოთზე ახორციელებენ სამუშაოებს, შელახული აქვთ რეპუტაცია. ეჭვს იწვევს ის პროექტებიც, რომლებიც შესრულებული იქნა ამ კომპანიების მიერ.
საგანგაშოა ის ფაქტიც, რომ სამტრედია-გრიგოლეთის დამაკავშირებელი ახლად აშენებული ხიდი ჩაინგრა 2023 წლის თებერვლის ბოლოს და დღემდე მისი აღდგენითი სამუშაოები არც კი დაწყებულა.
საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფს ,,ევროოპტიმისტები“ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში წარმოადგენს ხატია დეკანოიძე.
გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული საკითხები განეკუთვნება საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მხრიდან საზედამხედველო სფეროს, მოგმართავთ შუამდგომლობით, რომ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მორიგ სხდომაზე მოიწვიოთ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, რათა მან უპასუხოს რიკოთის მაგისტრალის საკითხის ირგვლივ დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს“, - პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის რომან გოცირიძის მიერ დავით სონღულაშვილისთვის გაგზავნილ მიმართვაში.