საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, უწყება რიკოთის პროექტზე საზოგადოებასთან კუმუნიკაციას გააძლიერებს. ამის შესახებ ირაკლი ქარსელაძემ, რაჭაში, მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, რიკოთი დღესაც არის უსაფრთხო. ახალი მაგისტრალური გზა შენდება ისეთი პროექტით და ისეთი მაღალი დონის სპეციალისტების ჩართულობით, რომ იქნება სრულიად უსაფრთხო.
"ჩვენი მთავარი ამოცანაა, ჩვენი საზოგადოება იყოს მშვიდად, გამომდინარე რიკოთზე არსებული რეალობიდან. ძალიან მძიმე ვითარებაა (რაჭის სტიქიის გამო) და ამ დროს, კიდევ ხელოვნური დაძაბულობის შემოტანა, საზოგადოების დაშინება, არის დაუშვებელი.
ის ფაქტი, რომ ასეთ რთულ ვითარებაში (რაჭის სტიქიისას), კამპანიური ხასიათის ბრალდებების გამო, მოსახლეობისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, ჩვენ დღეს გვიწევს რიკოთის თემაზე შეხვედრა, მეტყველებს იმაზე, რომ რიკოთის პროექტთან დაკავშირებით, კომუნიკაციის მიმართულებით მეტია გასაკეთებელი. ამას, აუცილებლად, გამოვასწორებთ იმისათვის, რომ ჩვენს მოსახლეობას ყოველთვის ჰქონდეს შესაბამისი, ობიექტური ინფორმაცია. კიდევ ერთხელ გარწმუნებთ, რომ კამპანიური, პოლიტიკური მიზნის მცდელობა, დააშინონ მოსახლეობა რიკოთის გზასთან დაკავშირებით, არის აბსოლუტურად უსაფუძვლო და არარეალური,"- აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.