რუსეთი საქართველოსთვის საწვავის იმპორტის #1 ბაზარი გახდა. 2021 წელს ამ პოზიციას თურქმენეთი იკავებდა, თუმცა წელს საწვავის ფასის რეკორდული ზრდის გამო, ქართველი ნავთობიმპორტიორები უფრო იაფიან ბაზრებზე გადაეწყვნენ და რუსეთიდან იმპორტი გაზარდეს. 2022 წლის პირველ 5 თვეში საქართველომ $461 მილიონის ღირებულების 494 538 ათასი ტონა საწვავი შეიძინა. თანხობრივად იმპორტის ღირებულება 80%-ით, იმპორტირებული ნავთობის მოცულობა კი 7%-ით არის მომატებული. უშუალოდ რუსეთიდან იმპორტის მოცულობა 45%-ით გაიზარდა.
უნდა აღინიშნოს, რომ მარტის ბოლოს - აპრილის დასაწყისში პრემიერ-მინისტრმა იმ პერიოდისთვის მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის შემცირებისა და ლარის გამყარების გამო, საწვავის იმპორტიორებს ფასის “კორექტირებისკენ” მოუწოდა. კონკურენციის სააგენტოს კი საკითხის მოკვლევა დაავალა. მაისში კონკურენციის სააგენტო პრემიერისთვის წარდგენილ ანგარიშში რუსული ბენზინის საფასო უპირატესობაზე წერდა. აღნიშნულ საკითხზე შეხვედრა ნავთოპროდუქტების იმპორტიორებთანაც შედგა. მაშინ BM.GE-სთან ნავთობროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი აცხადებდა, რომ ახალ ბაზრებზე გადაწყობა მარტივი საკითხი არ იყო, თუმცა იმპორტიორები აღნიშნული მიმართულებით მუშაობდნენ.
ნიშნავს თუ არა საქართველოსთვის საწვავის მთავარ საიმპორტო ბაზრად რუსეთის გახდომა იმას, რომ ნავთობიმპორტიორებმა პრემიერის და კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციები გაითვალისწინეს და ახალ ბაზარზე გადაეწყვნენ და რა გავლენა იქონია საწვავის ფასზე იმპორტიორი ქვეყნების სიაში რუსეთის დაწინაურებამ? - ამ კითხვებით BM.GE-მ ნავთობროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელს მიმართა. ვანო მთვრალაშვილი ამბობს, რომ იმ პერიოდისთვის როგორც მცირე, ასევე მსხვილ კომპანიებს შედარებით იაფი საწვავის შემოტანის მიზნით, ალტერნატიული ბაზრების მოძიება უკვე დაწყებული ჰქონდათ და მოვლენები ერთმანეთთან თანხვედრაში მოვიდა.
„ბენზინთან მიმართებით არაერთგვაროვანი სურათი გვაქვს. რეგულარის ტიპის საწვავზე ფასი შემცირებულია. რუსეთიდან ამ კატეგორიის საქონელი დაბალ ფასად შემოტანამ ადგილობრივ ბაზარზე ამ ტიპის საწვავის ფასის შემცირება განაპირობა.
რეგულარის ტიპის საწვავი ყველაზე მოხმარებადი პროდუქტია. აპრილის თვიდან როდესაც რუსეთიდან დაბალფასიანი საწვავის შეთავაზება გაჩნდა, უკვე მაისში რუსეთიდან დიდი მოცულობით რეგულარის საწვავი შემოვიდა. როდესაც საერთაშორისო ფასთან შედარებით ჩნდება შესაძლებლობა, რომ პროდუქტი პირობითად 400 დოლარით იაფად შემოიტანონ, კომპანიებს ალტერნატივა არ რჩებათ, რომ ეს შეთავაზება მიიღონ.
შესაბამისად, მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდის გამო ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ის, ვინც რუსულ პროდუქტს შემოიტანდა, ფასის შემცირებას შეძლებდა. კონკურენციის სააგენტოს დასკვნა და ფასების შემცირების მოწოდებები ბუნებრივად დაემთხვა ერთმანეთს. ახალ ბაზრებზე გადაწყობა ძალიან რთულია - რუსეთში პარტნიორის მოძიება, აქედან იქით ფულის გადარიცხვა, ტრანზაქციების სირთულე. დღეს ეს მოცემულობა გვაქვს, რომ რუსეთი რეგულარის ტიპის საწვავის მიხედვით მთავარი საიმპორტო ბაზარი გახდა, პრემიუმს და სუპერის კატეგორიის ბენზინს ეს არ ეხება“, - განმარტავს ვანო მთვრალაშვილი.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი იმასაც ამბობს, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იმპორტიორები რუსეთის ბაზარზე გადაეწყვნენ.
„რეგულარის ტიპის საწვავი მაისში 90%-მდე რუსეთიდან შემოვიდა და ეს ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია, ამ პროდუქტების რეალიზაციას როგორც ბრენდირებულები, ასევე არაბრენდირებული კომპანიები ახორციელებენ. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რუსეთზე ვართ გადაწყობილები, სანამ იქიდან იაფი პროდუქტი მოდის, მანამდე არსებობს წყარო, როგორც კი ეს იაფი წყარო არ იქნება, სხვა ბაზრებიდან შემოვიტანთ საწვავს. ამასთან, ალტერნატიულ ბაზრად შეგვეძლო თურქმენეთი და ყაზახეთი მოგვეაზრებინა, თუმცა რუსული რეგულარის ტიპის საწვავი თურქმენულ და ყაზახურ საწვავზე მაღალი ხარისხის არის და ფასითაც ხელმისაწვდომია, შესაბამისად, ამ ბაზრიდან შემოტანა უფრო მისაღები იყო“, - უთხრა BM.GE-ს კავშირის ხელმძღვანელმა და აღნიშნა, რომ რუსული რეგულარის ტიპის საწვავი ევროპული საწვავის იდენტურია ხარისხით.
მისივე ინფორმაციით, მაისთან შედარებით ივნისში, რუსეთიდან გაზრდილი იმპორტის გამო რეგულარის ტიპის საწვავი ადგილობრივ ბაზარზე შემცირდა და დღეს არაბრენდირებულ სადგურებზე 1 ლიტრი რეგულარის ბენზინის ღირებულება 3-3.05 ლარია. რაც შეეხება პრემიუმ და სუპერის ტიპის ბენზინს, იქიდან გამომდინარე, რომ საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასის ზრდის გამო, პრემიუმისა და სუპერის ტიპის ბენზინი 5-10 თეთრით გაძვირდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
"არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო" - პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე