მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაძვირდება თუ არა ბათუმში აპარტამენტების ქირაობა ზაფხულის ტურისტულ სეზონზე?

627142d6d4582
თათია ჩაფიჩაძე
04.05.22 00:15
1137
ბოლო თვეებში საქართველოში გაზრდილი მიგრანტების ხარჯზე აპარტამენტებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. Galt&Taggart-ში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის Airbnb-ზე 8 ათასზე მეტი ბინაა განთავსებული, დატვირთულობის მაჩვენებელი კი 2019 წელთან შედარებით 92%-ია.

მოთხოვნის ზრდის ფონზე გაზრდილია ფასიც. Galt&Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი კახა სამყურაშვილი ამბობს, რომ ბინის საშუალო ფასი ამ დროისთვის 37 დოლარის ფარგლებში მერყეობს, მაშინ როცა 2019 წელს ღირებულება საშუალოდ 32 დოლარი იყო.

არასეზონურ პერიოდში დატვირთულობის არსებული მაჩვენებელი ქმნის მოლოდინს, რომ აქტიურ ტურისტულ სეზონზე ბინებზე მოთხოვნა და ფასი განსაკუთრებით კი ბათუმში, კიდევ გაიზრდება, თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის დატოვებენ ქვეყანას რუსეთიდან და ბელარუსიდან ჩამოსული მიგრანტები და რა რაოდენობის ტურისტი ეწვევა საქართველოს.

„პანდემიამდე საშუალო ბინის ფასი იყო 30-35 დოლარი და ეს მაჩვენებელი  მუდმივად მცირდებოდა, რადგან მიწოდება იყო მაღალი, ახლა არის 37 დოლარის ფარგლებში. ფასში ეს ნახტომი შესამჩნევია იმიტომ რომ ამ ბაზრისთვის ეს საკმაოდ დიდი ზრდაა. ასეთი მაღალი მოთხოვნა არასეზონურ პერიოდში ძალიან იშვიათად გვახსენდება და ეს ქმნის მოლოდინს, რომ ზაფხულის სეზონისთვის ბათუმში აპარტამენტებზე მოთხოვნა კიდევ უფრო მაღალი იქნება.

რაც შეეხება თბილისს, პროგნოზისთვის გვჭირდება ინფორმაცია თუ რამდენი ხანი დარჩებიან ეს ადამიანები საქართველოში. თუ ეს დროებითია და სეზონის დაწყებამდე წავლენ, ეს ფაქტორი ჩაიხსნება. ფასის მატება იგივე სასტუმროების და რესტორნების შემთხვევაში თვითღირებულების ზრდით გამომდინარეობს და არა ტურისტების ნაკადების მოწყვეტით. შესყიდული საქონლის და მომსახურების თვითღირებულება უძვირდებათ ობიექტებსაც, შესაბამისად ეს ზრდის საბოლოო ფასს. ჯამში მიგრანტების ეფექტი სასტუმროებზე ნაკლები იყო. თუ ესეთი მოთხოვნა შენარჩუნდა, აპარტამენტებზე უფრო მოსალოდნელია ფასის ზრდა, ვიდრე სასტუმროებზე", - განაცხადა bmg-თან საუბრისას სამყურაშვილმა.