20.იანვარი .2022 22:29

გაძვირდება თუ არა სადაზღვევო პაკეტები? - "PSP დაზღვევის" განმარტება

გაძვირდება თუ არა სადაზღვევო პაკეტები? - "PSP დაზღვევის" განმარტება
views 695
უკან

"PSP დაზღვევის" გენერალური დირექტორი სოფო ლებანიძე აცხადებს, რომ ინფლაციის გათვალისწინებით მიმდინარე წელს სადაზღვეო პაკეტებზე ფასი საშუალოდ 12-15%-ის ფარგლებში გაიზრდება. როგორც გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში ლებანიძემ აღნიშნა, 2021 წელი სექტორისთვის განსაკუთრებით რთული იყო - გაიზარდა დანახარჯები და შემცირდა წმინდა მოგება.

„9 თვის მაჩვენებლების შეჯამებისას ვიწინასწარმეტყველეთ, რომ წელი არასახარბიელო იქნებოდა და სამწუხაროდ, ეს პროგნოზები გამართლდა. ჯერ ნაადრევია 12 თვის ჭრილში ზუსტი შეფასება, თუმცა მოლოდინია რომ მაჩვენებლები გაუარესებული იქნება. იცით, რომ აქ მნიშვნელოვანი ფაქტორია სეზონურობა, მეოთხე კვარტალში იზრდება მოთხოვნა სერვისებზე. მოხმარება გაიზარდა და შესაბამისად ეს სურათს უფრო დაამძიმებს.

ამას გარდა, შეიცვალა მოხმარების თავისებურება. მესამე ფაქტორია ინფლაცია, რომელსაც ვეხებით სექტორის ყველა დარგში და ჯანდაცვის ინფლაცია ყოველთვის აღემატება ზოგად ინფლაციას. ფასის ზრდის გარეშე წარმოუდგენელია ოპერირების გაგრძელება, თუმცა ფასების კორექტირება უნდა მოხდეს ისე, რომ დაზღვევა არ გახდეს ფუფუნება. ყველა პროდუქტზე მოგვიწევს ზრდა, იმიტომ რომ ინფლაცია ყველაფერს ეხება. ვვარაუდობთ, რომ 12-15%-ის ფარგლებში გვექნება ფასების კორექტირება.

სადაზღვეო სფეროს პოტენციალი გააჩნია, მაგრამ სამწუხაროდ არ იზრდება ისე, როგორც უნდა იზრდებოდეს. 18 სადაზღვეო კომპანია ვოპერირებთ დღეს და მოსახლეობის მხოლოდ 17% და ავტოპარკის 7%-ია დაზღვეული. სახელმწიფოსგან გვჭირდება ბევრი საკითხის ირგვლივ დისკუსიიდან გადაწყვეტილების მიღების ფორმატზე გადასვლა. სადაზღვევო ინდუსტრია ვართ რისკების მართვის ორგანიზაცია, ეს არის ბიუჯეტის დაზოგვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. ის კონკურენცია, რითაც ვიზღუდებით დღის წესრიგიდან უნდა მოიხსნას", - განაცხადა სოფო ლებანიძემ.

ცნობისთვის, 2021 წლის ცხრა თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 12.4 მლნ ლარით შემცირდა და 31,9 მლნ შეადგინა. საანგარიშო პერიოდში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 606,7 მილიონი ლარი შეადგინა, რაც სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, ქვეყანაში არსებული ინფლაციის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად გაუარესებული მაჩვენებელია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა