მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაჯერებულია თუ არა მობილური კომუნიკაციების ბაზარი – ვის მოიაზრებენ საკუთარ მომხმარებლად MVNO–ები?

6130e95218828
სალომე მეცხვარიშვილი
02.09.21 23:00
933
ამ დრომდე საქართველოში არცერთი მობილური ვირტუალური ოპერატორი (MVNO) არ მოქმედებს. MVNO– ეს არის ტრადიციული მობილური ოპერატორების ალტერნატივა, იმ განსხვავებით, რომ MVNO–ს საკუთარი ინფრასტრუქტურა არ გააჩნია, თუმცა მომხმარებელს მსგავსი ტიპის მომსახურებას სთავაზობს, როგორსაც “მაგთი”, “ბილაინი”, “სილქნეტი”, აწვდის მათ ხმოვან სერვისებს და ინტერნეტს. განსხვავება ისაა, რომ მობილური ვირტუალური ოპერატორები ამ სერვისების მისაწოდებლად სხვა კომპანიების ინფრასტრუქტურას (ანძები, მაგისტრალური ქსელი…) იყენებენ, ამისთვის კი მსხვილ კომპანიებს კონკრეტულ საფასურს უხდიან. საქართველოს შემთხვევაში მსგავსი ტიპის ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე სამი კომპანია ფლობს – “მაგთიკომი”, “სილქნეტი” და “ბილაინი”. ამიტომ, იმისთვის, რომ ვირტუალურმა მობილურმა ოპერატორებმა ქვეყანაში საქმიანობა დაიწყონ, მსხვილმა კომპანიებმა მათ უფლება უნდა მისცენ (კონკრეტული თანხის ან სხვა ტიპის სარგებლის სანაცვლოდ), ოპერირებისთვის მათი ქსელები გამოიყენონ.

ამ დრომდე არცერთი მსგავსი ტიპის შეთანხმება არ არსებობს: მსხვილი ოპერატორები ამტკიცებენ, რომ ვირტუალური ოპერატორობა რეალურად არავის სურს და კონკრეტული გეგმით მათთან არავინ მისულა, კომუნიკაციების კომისია და “ვირტუალური მობილური ქსელის ოპერატორთა ასოციაცია” კი საპირისპიროს აცხადებენ და აღნიშნავენ, რომ მსხვილი კომპანიები MVNO–ებს სპეციალურად უქმნიან ბარიერებს და არ აძლევენ ქსელებზე დაშვების საშუალებას.

“წინა წლებში ვირტუალური მობილური ოპერატორების საკუთარ ქსელზე დაშვებაზე კატეგორიულ უარს აცხადებდნენ მსხვილი მობილური ოპერატორები, სანამ კომუნიკაციების კომისია აქტიურად არ ჩაერთვებოდა პროცესებში”, – აცხადებს “ვირტუალური მობილური ქსელის ოპერატორთა ასოციაციის” თავმჯდომარე ანდრო კვახაძე.

მისი თქმით, მსხვილი ოპერატორები ფიქრობენ, რომ ბაზარი სრულად ათვისებულია და აქ დამატებით ახალი ოპერატორების ადგილი არ არის, თუმცა, კვახაძე ირწმუნება, რომ მათ კონკრეტული გეგმები და იდეები აქვთ, როგორ შეიძლება აბონენტები მოიზიდონ – ამას კი კონკრეტულ სამიზნე აუდიტორიაზე მორგებული შეთავაზებებით აპირებენ.

“ვირტუალური მობილური ქსელის ოპერატორთა ასოციაციაში” მიაჩნიათ, რომ დიდი რესურსი არსებობს ისეთ სეგმენტებში, როგორიცაა სტუდენტები, პენსიონერები...

“ჩვენ შესაძლებლობა გვექნება მცირე სამიზნე აუდიტორიები ავითვისოთ, შედეგად, შეიძლება ვირტუალური მობილური ქსელის სერვისებით და პაკეტებით დაინტერესდნენ კონკრეტული ჯგუფები და დაპორტირდნენ ამ ქსელზე.

ჩვენი დაინტერესება სწორედ იქიდან გამომდინარეობს, რომ ბაზრები არის ასათვისებელი. ასე რომ არ იყოს, ვირტუალური მობილური ქსელის ოპერატორი უბრალოდ კონკურენციას ვერ გაუწევდა მსხვილ მობილურ ოპერატორს”, – აცხადებენ ასოციაციაში.

მათივე თქმით, შესაძლოა დამატებით შეიქმნას ინტერნეტპროდუქტები, სპეციალური პაკეტები კონკრეტული სამიზნე ჯგუფებისთვის, მაგალითად, სოფლის მეურნეობით დაკავებული პირებისთვის.

“21–ე საუკუნეში საკმაოდ ბევრი მოწყობილობაა, რომელიც ინტერნეტით ფუნქციონირებს. შესაძლებელია სპეც პაკეტები შეიქმნას, რადგან არის არაერთი მოწყობილობა და ტექნიკური საშუალება, რომელიც სოფლის მეურნეობის მიმართულებით მუშაობს და საჭიროებს, რომ ინტერნეტით, დისტანციურად მოხდეს მათი მართვა.

გარდა ამისა, შეიძლება მუშაობა ემიგრანტების მიმართულებით; მაგალითად, საერთაშორისო ზარებთან დაკავშირებით შეიძლება შევქმნათ პაკეტები”, – აცხადებენ ასოციაციაში.