მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვფიქრობთ, მომავალ წელს თბილისში პირველი გადამცემი ანძა გამოჩნდება, რომელსაც 5G დაჭერა ექნება- უჩა სეთური

6430354d0bd73
ანუკა ჯოხაძე
07.04.23 20:00
2044
კომუნიკაციების კომისია 5G ინტერნეტის ლიცენზიების გასხვისების მიზნით აუქციონის გამოსაცხადებლად ემზადება. კომისიის ინფორმაციით, საჯარო კონსულტაციების მიზანია აუქციონის გამოცხადებამდე ყველა დაინტერესებულ პირს მიეცეს შესაძლებლობა, წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრებები აუქციონის პირობებთან დაკავშირებით.

როგორც ცნობილია, კომუნიკაციების კომისია მე-5 თაობის ინტერნეტის დასანერგად, აუქციონის 23 ლოტზე გამოცხადებას გეგმავს. მათი თქმით, აუქციონების ფარგლებში დაგეგმილია 700, 3400-3700 და 2600 მეგაჰერცის დიაპაზონების სიხშირული ზოლების გამოტანა.

კომისიის ცნობით, პირველი კომბინირებული ლოტის საწყისი საფასური 4 984 000 ლარი იქნება, მე-2 კომბინირებული ლოტის - 2 530 900 ლარი, მე-3 კომბინირებული ლოტის - 2 593 800 ლარი, მე-4 კომბინირებული ლოტის კი - 2 656 700 ლარი.

„მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის“ ხელმძღვანელი უჩა სეთური ამბობს, რომ მარეგულირებლის მხრიდან წარდგენილი ფასები ქართული ბაზრის ადეკვატურია და მას საბოლო მომხმარებელზე გავლენა არ ექნება.

სეთურს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დადებითი მოლოდინები აქვს და ვარაუდობს, რომ მომდევნო წლიდან თბილისში პირველი გადამცემი ანძაც გამოჩნდება.

“ხშირია შემთხვევები როდესაც ძალიან დიდ ფულს იხდის ოპერატორი ლიცენზიაში, მაგრამ მას უკვე აღარ რჩება საშუალება რომ ქსელი ააშენოს. ეს რა თქმა უნდა ყველა ვარიანტში მოქმედებს საბოლოო მომხმარებელზე. გავლენას ახდენს ტარიფებზე , რადგან პირდაპირ არის დაკავშირებული ხარჯებთან. ვფიქრობ , სწორია მომხმარებელზე ორიენტირებულობის კუთხით და სერვისის სწრაფად დანერგვის მიზნით კომუნიკაციების კომისიამ რომ ფასები დააკორექტირა. ვფიქრობთ, რომ საკმაოდ ადეკვატური ფასებია წარმოდგენილი და საკმაოდ ნორმალური. გამომდინარე კონკურენციიდან, ვფიქრობთ, რომ უკვე მალე გამოჩნდება. შემდეგი წლიდან ალბათ გამოჩნდება პირველი ჩართული გადამცემი ქალაქ თბილისში.”-ამბობს „მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი უჩა სეთური.

კომუნიკაციების კომისიის ცნობით, კომპანიები, რომლებიც მე-5 თაობის ინტერნეტის დანერგვისთვის საჭირო სიხშირეს მოიპოვებენ, ვალდებულნი იქნებიან, მობილური ვირტუალური ოპერატორი - MVNO საკუთარ ქსელზე დაუშვან.

„მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაცია”-ის აღმარულებელი დირექტორი აცხადებს, რომ სალიცენზიო პირობებში მკაფიოდ უნდა იყოს გაწერილი ვირტუალური ოპერატორების ქსელზე დაშვების ვალდებულება და მათთვის დამატებითი ბარიერები არ უნდა შეიქმნას.

“ვირტუალური ოპერატორების ქსელზე დაშვების ვალდებულების საკითხი ლიცენზიაში ასახული უნდა იყოს, რომ მობილურ ოპერატორს პირდაპირ ჰქონდეს ვალდებულება დაუშვას MVNO ოპერატორი მის ქსელთან ყოველგვარი ბარიერების გარეშე. ვთვლით, რომ ვირტუალური ოპერირება არის განსაკუთრებული საკითხი მობილური ბაზრის განვითარებისთვის.

ამ მიმართულებით კი დღეს არსებული რეალობა დარეზერვებული და დაკონსერვებულია, არსებითად პირობები არ იცვლება მიუხედავად შემოთავაზებებისა.”-ამბობს „მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი უჩა სეთური.

ვირტუალური ოპერატორების ქსელზე დაშვების ვალდებულება 2022 წლის ბოლოს კი უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა როგორც მიმდინარე წლის სექტემბერში გახდა ცნობილი ეს რეგულაცია აღარ იქნებოდა მიღებული და საკითხი კონკურენციის შესახებ განახლებული კანონით დარეგულირდებოდა.

როგორც “ინექსფოუნის" დირექტორი რატი ახვლედიანი აცხადებს, იქამდე სანამ MVNO ოპერატორების ქსელზე დაშვების ვალდებულების საკითხი არ გადაწყდება, ლიცენზიანტებისთვის აღნიშნული ვალდებულების გაწერას აზრი არ აქვს. მისი თქმით, მთავარი აღნიშნულ პროცესებში მაინც გაწერილი რეგულაციების აღსრულების ნება და სურვილი იქნება.

“5G ლიცენზია ვერ იქნება ვირტუალურ ოპერატორებსა და მობილურ ოპერატორებს შორის ურთიერთობის მარეგულირებელი დებულება ან წესდება, მაგრამ ის რომ 5G ლიცენზიის მფლობელს ვალდებულება გაუჩნდეს საჯაროდ გამოიტანოს მისი პირობები, ეს სავსებით ჯანსაღი იქნება. თითქმის ყველა ქვეყანაში, სადაც 5G ლიცენზია არსებობს, ეს ვალდებულება ჩაწერილია.

მხოლოდ ლიცენზიაში ჩაწერა არ იქნება საკმარისი თუ ამას გაწერილი წესები და პირობები არ მოჰყვა და მეორე სულ რომ გაწერილი პირობები მოჰყვეს ამ ყველაფერს თუ აღსრულების ნება არ იარსებებს ფუჭი დროის კარგვა იქნება მეტი არაფერი.”-ამბობს “ინექსფოუნის" დირექტორი რატი ახვლედიანი .

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები