“ვადა ჩვენ ვიცოდით, რომ უნდა გადაწეულიყო, საკომიტეტო მოსმენისას ვიცოდით, რომ უნდა ამოქმედებულიყო 2024 წლის 1 იანვარს. კიდევ 6 თვით არის გადაწეული. თუმცა სჯობს გვიან ვიდრე არასდროს.
ამ კანონის მთავარი მიზანი და შედეგი არის ის, რომ გვაქვს ჩვენ საშუალება გამოვიყენოთ არსებული ბოძები, ანძები ნებისმიერი ინფრასტრუქტურა, რომელიც გამოყენებადია და რომელშიც შეიძლება ოპტიკა გავატაროთ, მისი მეშვეობით აბონენტამდე მივიდეთ. იყო შეიძლება ეს შესაძლებლობა, მაგრამ ჩვენი აზრით, შემოთავაზებული იყო არაგონივრულად მაღალი ტარიფები. ეს შეიძლება ბარიერადაც აღვიქვათ.
ერთ-ერთი კრიტიკული საკითხი, რომელზეც კერძო სექტორს წარმოდგენილ დოკუმენტთან მიმართებით საკომიტეტო მოსმენების დროს შენიშვნები ჰქონდათ ეხებოდა ელექტროენეგიის ბოძებზე არსებულ ექსკლუზიურ შეთანხმებას ეხებოდა, რომლის მიხედვითაც 2012 წელს ელექტროენეგიის ბოძებზე დაშვების ექსკლუზიური უფლება თბილისის მერიამ კომპანია "დელტაკომს" მიანიჭა, რომელიც ამ ეტაპზე “მაგთის” საკუთრებაშია. ბაზრის სხვა მოთამაშეები ამბობდნენ, რომ ეს საკითხი ბაზარზე არაკონკურენტულ გარემოს ქმნიდა და მათ განვითარებას აფერხებდა. თავის მხრივ შენიშვნები ჰქონდა კომპანია “მაგთისაც”, სადაც ამბობდნენ, რომ თუ კანონპროექტში არსებული ჩანაწერით დაშვების საფასურს ამ ინფრასტრუქტურის მფლობელი, კონკრეტულ შემთხვევაში თბილისის მერია მიიღებდა და არა მაგთიკომი, ეს გახდებოდა საფუძველი იმისა, რომ კომპანიას სახელმწიფოს წინააღმდეგ მათ შორის საერთაშორისო დონეზე ედავა.
“ჩვენს შემთხვევაში შეგვიძლია გითხრათ, რომ გარე განათება პირდაპირ არის მოხვედრილი სამართალურთოერთობა, რომელსაც შეეხება ეს კანონი. კანონში პირდაპირ წერია ვალდებულებები. როგორც ჩემთვის ცნობილია, მერიასთან პრობლემები დასრულებული და მოგვარებულია. ჩვენი წევრებისგან რომ ეს პრობლემა დღის წესრიგში დგას ინფორმაცია არ მიგვიღია. რეგიონებში ძალიან გვეთანამშრომლება ნებისმიერი მუნიციპალიტეტი, მათ კარგად ესმით, რა მნიშვნელოვანია დროული დაოპტიკება რეგიონებში.
ჩვენ ურთიერთობაში არ შევალთ ექსკლუზიური უფლების მფლობელთან, შევალთ ურთიერობაში ინფრასტრუქტურის განმკარგველთან.”-აცხადებს უჩა სეთური.
ინფორმაციის განახლების მიზნით BM.GE ბაზრის ყველა მსხვილ მოთამაშეს დაუკავშირდა, თუმცა მათი მხრიდან შესაბამისი განმარტებები ამ დრომდე არ გაკეთებულა.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ კანონი გასული თვის ბოლოს მიიღო. კანონის ამოქმედების თარიღად 2024 წლის 1 ივლისია მითითებული.