„ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“ ახალი კანონის შესაბამისად, სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ინფრასტრუქტურის გაზიარება უკვე შესაძლებელია. კომუნიკაციის კომისიამ კანონქვემდებარე აქტები დაამტკიცა, რომელიც ინფრასტრუქტურაზე დაშვების ახალ წესებს და პირობებს განსაზღვრავს.
კანონმდებლობით ტელეკომოპერატორებს საშუალება ექნებათ ფართო ზოლოვანი ქსელის განსავითარებლად უკვე არსებული იმ ინფრასტრუქტურით ისარგებლონ, რომელსაც სხვა სფეროში მოქმედი კომპანიები ფლობენ. მაგალითად, საკაბელო ხაზები და სატელეკომუნიკაციო მოწყობილობები შეიძლება განთავსდეს სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე, ბოძებზე, წყალარინების არხებში, გვირაბებში და კოლექტორებში, ხიდებზე, წყალსადინარებში, სანიაღვრო და სადრენაჟო სისტემებში.
დამტკიცებულია ინფრასტრუქტურაზე დაშვების ტარიფების დათვლის მეთოდოლოგიაც. როგორც ირკვევა ინფრასტრუქტურაზე დაშვების ტარიფები დღემდე ერთ-ერთ შეუთანხმებელ საკითხად რჩება.
„ტარიფების დათვლის მეთოდოლოგია ერთ-ერთი აქილევსის ქუსლია დღესაც. ერთ მხარეს მიაჩნია, რომ ტარიფი იაფია, მეორე მხარეს მიაჩნია, რომ ძვირია. აქ პირდაპირ არის განაწილებული მეთოდოლოგია, რომ ე.წ (LRIC+)-ის ფორმულაა გამოყენებული, რომელიც უნდა გამოიყენონ მხარეებმა ტარიფების დათვლისას და შეიყვანონ ის ხარჯები, რაც კავშირშია და უკავშირდება ამ მომსახურებას, რომ თავიდან ავიცილოთ ისეთი ტარიფების დადგენა, რომელიც არ იქნება ხარჯებზე ორიენტირებული.ეს არის ფორმულა, რომელიც ტელეკომში აქტიურად გამოიყენება, გათვლილია იდეალური ოპერატორის ქსელზე და მისაღებია ჩვენთვის“,- აცხადებს მცირე და საშუალო ტელეკომოპერატორების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.
(LRIC+)-ის მოდელში გათვალისწინებულია როგორც ინფრასტრუქტურის მფლობელის კაპიტალის ხარჯი, მოვლა-შენახვის საოპერაციო ხარჯი, ისე სხვა საოპერაციო ხარჯები. იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს შორის დავა წარმოშობა და ისინი ტარიფზე ვერ შეთანხმდნენ, კომისია სწორედ ამ მეთოდოლოგიის გამოყენებით, გამოიანგარიშენს ინფრასტრუქტურაზე დაშვების გონივრულ საფასურს.
„ახლა მთავარია პრაქტიკა/აღსრულება, რამდენად მიაღწევენ მხარეები შეთანხმებას და დავის შემთხვევაში არ მოუწევთ მარეგულირებელი კომისიისთვის მიმართვა. ეს მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან დროში გაწელავს პროცესს და გაართულებს. იმედია ამ პროცესს 2-3 თვეში გადავლახავთ და შემოდგომისთვის გვექნება ხარჯებზე ორიენტირებული და ყველა მხარისთვის მისაღები ტარიფები“,-აცხადებს BMG-სთან უჩა სეთური.
"ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ" კანონის ფარგლებში, ქსელის მფლობელი ოპერატორები დამატებით შემოსავალს ავტორიზებული პირების დაშვების სანაცვლოდ მიიღებენ, ხოლო თავად ავტორიზებული პირები დაზოგავენ ქსელის აგებისთვის საჭირო ფინანსურ რესურსებს და ნაკლები დანახარჯით ბაზარზე შესვლასა და აბონენტებისთვის ტელეკომ მომსახურებების მიწოდებას შეძლებენ.