მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაუშვებს თუ - არა „მაგთიკომი“  ქსელზე MVNO ოპერატორს  - INEX PHONE-ი პასუხის მოლოდინში

mvno

დაუშვებს თუ - არა ან რა პირობით დაუშვებს „მაგთიკომი“ თავის ქსელზე MVNO ოპერატორს ნოემბრის დასაწყისში გაირკვევა. სწორედ ნოემბრის დასაწყისამდე აქვს ვადა ქვეყნის უმსხვილეს მობილურ კომპანიას დაშვების ოფერტა მიაწოდოს INEX PHONE-ს, რომელმაც უფლების მოსაპოვებლად „მაგთიკომს“ ოფიციალურად კიდევ ერთხელ, 6 აგვისტოს მიმართა.

საქმე ისაა, რომ კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომ სექტორის კომპლექსური კვლევის საფუძველზე, ComCom-მა კომპანია „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ოპერატორად ცნო და მას საკუთარ ქსელზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის დაშვების ვალდებულება განუსაზღვრა. როგორც BMG -ის INEX PHONE -ის გენერალურმა დირექტორმა და მმართველმა პარტნიორმა რატი ახვლედიანმა განუცხადა, კომპანიამ კომისიის ამ გადაწყვეტილების შემდეგ, „მაგთიკომს“ კიდევ ერთხელ მიმართა ქსელზე დაშვების უფლების მისაღებად.

„ჩვენ წერილობით დავაფიქსირეთ კიდევ ერთხელ სურვილი „მაგთიკომთან“, რომ გვსურს დაშვება. ახლა „მაგთიკომს“ აქვს 3 თვიანი ვადა, რომ წარადგინოს მოწვევის ოფერტა, ვადა იწურება განაცხადის წარდგენიდან 3 თვეში, 6 ნოემბრისთვის და ვართ მოლოდინის რეჟიმში. თუ „მაგთიკომი“ დაიცავს კომისიის მოთხოვნას, 6 ნოემბრისთვის მივიღებთ ოფერტას, სადაც გაწერილი იქნება კომერციული და ტექნიკური მოთხოვნები იმისთვის რომ შევქმნათ და დავნერგოთ მის ქსელზე MVNO“, - ამბობს რატი ახვლედიანი.

მისი თქმით, შეთახმების მისაღწევად აუცილებელია მხარეებს შორის კომერციულ პირობებზე შეთანხმება მოხდეს.

„რეალურად ამ ყველაფრის გაშვებას 3-5 თვე სჭირდება, რაც მათ ტექნიკურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. ნებისმიერ ვითარებაში ეს რამდენიმე თვეს არ უნდა გასცდეს. თუმცა, ვიდრე ტექნიკურ შეთანხმებამდე მივალთ მნიშვნელოვანია კომერციული შეთანხმება. ბუნებრივია კომერციულად უნდა გვიღირდეს ერთის მხრივ ჩვენ და მეორეს მხრივ „მაგთიკომს“, რომ ქსელზე დაშვება მოხდეს. საინტერესოა, რამდენად მივაღწევთ კომერციულ შეთანხმება, ამის შემდეგ ყველაფერი ძალიან მარტივია“, - განაცხადა რატი ახვლედიანმა „საქმის კურსში“ სტუმრობისას.

მისი თქმით, ქსელზე MVNO-ს დაშვების წინააღმდეგი არ არის „სელფი მობაილიც“, თუმცა ამ კომპანიასთან შეთანხმება გარკვეული ტექნიკური სირთულეების გამო ვერ მოხდა.

ვირტუალური ოპერატორების (MVNO-ს) დაშვებას „მაგთიკომი“ წლებია არ იწონებდა. ამასთან, გასულ წელს კომპანიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყოს, რომ „მაგთიკომი“ არ არის წინააღმდეგი საქართველოში არსებობდნენ/ოპერირებდნენ MVNO-ები, თუ ურთიერთობა დაფუძნებული იქნება პარტნიორობაზე, ჯანსაღ ბიზნეს პრინციპებზე და იქნება მოგებიანი/სასარგებლო ორივე მხარისათვის. აქვე ნათქვამი იყო, რომ „მაგთიკომი“ ამ პროცესში კომუნიკაციების კომისიის ძალდატანებას აპროტესტებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები