მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

MVNO-ების ინფრასტრუქტურაზე დაშვების ვალდებულება სამივე ოპერატორს უნდა ჰქონოდა - რატი ახვლედიანი

რატი ახვლედიანი

"მაგთი" მობილური კომუნიკაციის ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალის მქონე მოთამაშედ გამოცხადდა - შესაბამისი გადაწყვეტილება კომუნიკაციების კომისიამ განხილვების შემდეგ მიიღო.

კომისიის დაკვეთით ევროპელი ექსპერტების მიერ ჩატარებული ბაზრის ანალიზის თანახმად, მობილური საკომუნიკაციო ბაზარი არაკონკურენტულია, მომხმარებელთა ინტერესების დაცვისთვის კი მნიშვნელოვანია ბაზარზე კონკურენციის დონე გაიზარდოს. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად, მარეგულირებელმა "მაგთის" მნიშვნელოვანი საბაზრო ძალის მქონე ოპერატორის სტატუსი მიანიჭა და სპეციფიკური ვალდებულებები დააკისრა. საუბარია ქსელურ ინფრასტრუქტურაზე მობილური ვირტუალური ოპერატორების დაშვებაზე, შიდა როუმინგის ამოქმედებასა და ნაკლები ტექნიკური შესაძლებლობების მქონე ოპერატორისთვის ქსელის ინფრასტრუქტურის მიქირავების ვალდებულებებზე.

ვირტუალური მობილური ოპერატორების ასოციაცია წლებია ცდილობს ბაზრის სამივე ოპერატორთან მოლაპარაკების გზით ქსელურ ინფრასტრუქტურაზე დაშვების უფლება მიიღოს, თუმცა უშედეგოდ. ასოციაციის წევრი, რატი ახვლედიანი კომისიის გადაწყვეტილებას მიესალმება, თუმცა არ თვლის, რომ ინფრასტრუქტურაზე დაშვების ვალდებულება მხოლოდ "მაგთის" უნდა დაეკისროს.

„ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, სამივე კომპანიასთან მქონდა მოლაპარაკება და სამივე კომპანიისგან მივიღე სხვადასხვა მეთოდოლოგიით უარი. ჩემი აზრით, სამივე კომპანიას უნდა ჰქონოდა ეს ვალდებულება, თუმცა "ბილაინს" სხვა გზით აქვს დაკისრებული, 5G - ის ლიცენზიის ფარგლებში ეს ვალდებულება.

ერთი ოპერატორი, რომელიც ვალდებულების დაკისრების გარეშე რჩება დღეს, "სილქნეტია". რეგულაცია, რაც მაგთის დააკისრებს ვირტუალური მობილური ოპერატორების ქსელურ ინფრასტრუქტურაზე დაშვებას, ბაზარზე ახალ მოთამაშეებს გამოაჩენს და ჩემი აზრით, "სილქნეტი" თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდება და ბაზრის იძულების წესით მოუწევს მას MVNO-ების დაშვება მის ქსელზე”, - აცხადებს BM.GE-სთან MVNO ასოციაციის წევრი, Inex Phone-ის გენერალური დირექტორი რატი ახვლედიანი.

რატომ მიანიჭა ComCom-მა მაგთის მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორის სტატუსი - მიზეზები

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები