“ვირტუალური მობილური ქსელის ოპერატორთა ასოციაციაში“ მიიჩნევენ, რომ „მაგთიკომისთვის“ MVNO-ების ინფრასტრუქტურაზე დაშვების ვალდებულება უნდა ამოქმედდეს.
როგორც ასოციაციის წევრმა და InexPhone-ის გენერალურმა დირექტორმა, რატი ახვლედიანმა BMG-ის განუცხადა, კომუნიკაციების კომისიამ მობილური კავშირგაბმულობის ბაზრის ანალიზის ფარგლებში მომზადებული რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს და „მაგთიკომს“ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალის ოპერატორის სტატუსი უნდა მიანიჭოს.
რატი ახვლედიანის განცხადებით, იმ პირობებში, როდესაც ვირტუალური ოპერატორის დაშვების ვალდებულება ამ დრომდე არ ამოქმედებულა, ბაზრის მსხვილი მოთამაშეები MVNO-ს მათ ინფრასტრუქტურაზე დაშვებაზე სხვადასხვა მიზეზით უარს ეუბნებიან.
“2019 წლიდან ვცდილობთ, რომ სამივე მობილურ ოპერატორთან მოლაპარაკებები ვაწარმოოთ და ვირტუალური ქსელის მობილური ოპერატორი შევქმნათ. თუმცა სხვადასხვა მეთოდით ისინი თავს არიდებენ საბოლოო შედეგზე გასვლას. მათ არ სურთ, რომ ბაზარზე რეალურად დამოუკიდებელი ვირტუალური ქსელის მობილური ოპერატორის არსებობდეს. რადგან კომფორტის ზონაში არიან და აკეთებენ იმას, რაც სურთ. კომუნიკაციების კომისიამ თქვა, რომ კომპანიებს თავად უნდა მოელაპარაკათ, თუმცა მას შემდეგ შედეგი არ გვაქვს, ისინი სხვადასხვა მიზეზით უარს გვეუბნებიან. კვლევამ აჩვენა, რომ “მაგთიკომი” მნიშვნელოვანი საბაზრო ძალის მქონე ოპერატორია. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ახლა ეს ვალდებულება ძალაში უნდა შევიდეს და “მაგთიკომს” MVNO-ების საკუთარ ინფრასტრუქტურაზე დაშვების ვალდებულება უნდა გაუჩნდეს”, - განაცხადა რატი ახვლედიანმა.
ცნობისთვის, საქართველოს კომუნიკაციების კომისია “მაგთისთვის” მნიშვნელოვანი საბაზრო ძალის ოპერატორის სტატუსის მინიჭების საკითხს განიხილავს. კომპანიისთვის ამ სტატუსის მინიჭების შემთხვევაში კომუნიკაციების კომისიას შეეძლება "მაგთის" განუსაზღვროს ახალი რეგულაციები, რაც კომისიის წევრის ეკატერინე იმედაძის განცხადებით, ბაზარზე კონკურენციის მხრივ არსებულ მდგომარეობას გააუმჯობესებს. საუბარია ვირტუალური ოპერატორის დაშვების მოთხოვნასა და სხვა რეგულაციებზე რომელიც მაგთის შეიძლება განესაზღვროს.