მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt&Taggart-ი უძრავი ქონების კიდევ უფრო გაძვირებას პროგნოზირებს

6434fd68d2f25
თამთა ჯიჯავაძე
11.04.23 16:39
2605
Galt&Taggart-ი 2023 წელს უძრავი ქონების ფასების ლარში წლიურ 5%-იან ზრდას, ხოლო დოლარში 8%-იან ზრდას ელოდება. ამის შესახებ Galt&Taggart-ის უძრავი ქონების სექტორის განახლებულ მიმოხილვაშია აღნიშნული.

„ჩვენ ველოდებით უძრავი ქონების ფასების ზომიერ ზრდას, რადგან:

-სამშენებლო ხარჯების ზრდა დასტაბილურდა.

-ამ ეტაპზე მიგრანტების მხრიდან ბინების შესყიდვაზე მოთხოვნის მნიშვნელოვანი ზრდა არ ფიქსირდება“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

რაც შეეხება ამჟამინდელ მდგომარეობას, Galt&Taggart-ის მონაცემებით, თბილისში ფასებზე ყველაზე მეტად გაძვირებული მშენებლობა მოქმედებს, კერძოდ, მშენებლობის ღირებულების ინდექსი დოლარში გასული წლის მეოთხე კვარტალში 132-ს აღწევდა, მაშინ როცა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში 106 იყო, ხოლო 2019 წლის მეოთხე კვარტალში - 94.

შედეგად, Galt&Taggart-ის დაკვირვებით, თბილისში უძრავ ქონებაზე დოლარში ფასები დაახლოებით 30%-ითაა გაზრდილი. ფასების ცვლილება ნაწილობრივ გასულ წელს რუსეთის მოქალაქეების შემოდინებამაც განაპირობა. კერძოდ, მათი წილი თბილისის გაყიდვებში 2022 წლის იანვარში 0.9% იყო, ოქტომბრამდე იზრდებოდა და ოქტომბერში 5%-ს მიაღწია, ხოლო დეკემბერში - 4.4%-იან მაჩვენებელზე ჩამოვიდა.