მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსი ტურიზმზე კორონავირუსის გავლენას აფასებს

5e4419f606302
ნუცა ბაზლიძე
12.02.20 21:39
1260
შეიძლება ვთქვათ, რომ ამას საერთოდ არ ექნება გავლენა, რადგან, ჩვენი მოლოდინებით, სხვა ქვეყნებიდან ტურისტების და შემოსავლების ზრდა სრულად დააკომპენსირებს - ამის შესახებ Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში საქართველოში ჩინეთთან პირდაპირი ფრენების დროებით შეჩერების საკითხზე საუბრისას აღნიშნა.

როგორც ბოჭორიშვილი განმარტავს, ჩინელების მოგზაურობას სეზონურობა ახასიათებს, პიკი კი ძირითადად აპრილიდან ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს. მისივე განმარტებით, მართალია, კორონავირუსის ფონზე საქართველოში ჩინეთთან პირდაპირი ფრენები დროებით აიკრძალა, თუმცა ამ პერიოდში ისედაც ყველაზე მცირე რაოდენობით ჩინელი ჩამოდის საქართველოში.

ამასთან, ბოჭორიშვილის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 5 წლის მიხედვით, ჩინეთიდან ვიზიტორების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, ჯამურად, მათი წილი მაინც მცირეა.

„შარშან, ჩინეთიდან სულ 48 000 ვიზიტორი შემოვიდა, რაც მთლიანი ვიზიტების მხოლოდ 0.6%-ია“, - აღნიშნავს ბოჭორიშვილი.

გადაცემაში სტუმრობისას ევა ბოჭორიშვილმა კორონავირუსის ტურიზმზე გავლენაზე მსოფლიო მასშტაბითაც ისაუბრა.

„არსებული შეფასაბების მიხედვით, ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების კლების გამო, ძირითადად, ზიანი მიადგება ჩინეთის მეზობელ ქვეყნებს აზიაში“, - დასძენს Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსი.

აღსანიშნავია, რომ Galt&Taggart-ის მიერ საქართველოში ტურიზმის სექტორის შესახებ იანვრის თვის მიმოხილვაში წერია, რომ საქართველოს დამოკიდებულება ჩინეთიდან ტურისტების რაოდენობაზე ძალიან მცირეა, ამიტომაც მიმოხილვის მიხედვით, ჩინეთის სუსტი ტურიზმის გავლენა საქართველოზე იქნება მინიმალური.

„მოლოდინები შესაძლოა შეიცვალოს, თუ ვირუსი არ გაჩერდა და მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობის სურვილი შემცირდება ან ბევრი ტურისტი თავს აარიდებს აზიაში მოგზაურობას და სხვა ქვეყნებში წავა“, - წერია მიმოხილვაში.