მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt&Taggart: “რუსეთ-უკრაინის ომის გამო, საქართველოდან ექსპორტის კლება, სავარაუდოდ, 10-15%-ის ფარგლებში იქნება"

6239827830ead
თათია ჩაფიჩაძე
22.03.22 21:00
1007
Galt&Taggart-ის კვლევების უფროსი ევა ბოჭრიშვილი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო საქართველოდან ექსპორტის ჯამური კლება, სავარაუდოდ, 10-15%-ის ფარგლებში იქნება. გადაცემა „საქმიან დილაში“ ბოჭორიშვილმა იანვარ-თებერვლის ვაჭრობის შედეგებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2022 წლის პირველ ორ თვეში რუსეთთან მიმართებით 10%-იანი ზრდის მიუხედავად, ტემპი უკვე შენელდა, რაც ომის ეფექტის პირველადი ნიშნებია.

„იანვარ-თებერვლის ვაჭრობის დინამიკა საკმაოდ შთამბეჭდავი იყო, თებერვალში ექსპორტის ზრდის დინამიკა კიდევ უფრო გაუმჯობესებულია, თუმცა უნდა გვახსოვდეს რომ წინა წელს დაბალი ბაზა იყო, ეკონომიკა ჩაკეტილი იყო და ესეც ახდენს გავლენას. ამასთან მნიშვნელოვანი გავლენა აქვს სასაქონლო ფასების ზრდას მსოფლიოში. ეს როგორც იმპორტზე, ასევე საექსპორტო საქონელზეც მოქმედებს.

უკრაინის შემთხვევაში უკვე არის ცვლილება და კლება 35%-ია, რუსეთის მიმართულებით შენელებულია ზრდის ტემპი, წინა თვეში თუ იყო 88%-იანი ზრდა იყო, თებერვალში 10%-იანია. რა თქმა უნდა, მომდევნო თვეებში ჩვენ ველოდებით შემცირებას, როგორც ვიცით გართულებულია გადარიცხვების საკითხი, ეს რამდენ ხანში გადაიჭრება, გაურკვეველია. ასევე უამინდობის გამო ბევრი ტვირთი გაჩერებულია ლარსის საზღვარზე და ეს აისახება როგორც საექსპორტო, ისე საიმპორტო ნაკადებზე. იმაზე თუ როდის გადაიჭრება ეს პრობლემა, ამასაც ექნება გავლენა.

ჩვენ რასაც ვუყურებთ ექსპორტის კუთხით ყველაზე დიდი კლება რაც შეიძლება გვქონდეს, არის 10-15%, აქ გათვალისწინებულია რუსეთის და უკრაინის მიმართულებით ექსპორტის კიდევ უფრო შემცირება, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, რომ ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რამდენ ხანს გაგრძელდება გაურკვევლობები. მარტში შეიძლება დავინახოთ შემცირება და მერე გაუმჯობესდეს", - განაცხადა ევა ბოჭორიშვილმა.

2022 წლის იანვარ-თებერვლის საგარეო ვაჭრობის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ საზღვრებს გარეთ 760.4 მილიონი დოლარის საქონელი გაიტანა, ექსპორტი ჯამურად 54.5%-ით გაიზარდა. საექსპორტო ბაზრების მიხედვით, პირველ ადგილზეა ჩინეთი, სადაც ექსპორტირებულია $95.4 მილიონის საქონელი (ზრდა77%); მეორეზე რუსეთი, სადაც $92.9 მილიონის საქონელი გავიდა (ზრდა 35.6%); მესამე ადგილს კი 92.3 მლნით აზერბაიჯანი იკავებს (ზრდა 39%).