მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი ევროკავშირის ბაზარია“ - ოთარ შამუგია

6440fb3e3031d
ვიქტორია მღებრიშვილი
20.04.23 12:52
619
სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, ქვეყნისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ევროკავშირის ბაზარია, სადაც მიმდინარე წლის პირველ კვარტალში აგროპროდუქტის ექსპორტი 21%-ით გაიზარდა. ამის შესახებ მან პარლამენტში „მინისტრის საათის ფორმატში“ უწყების ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, 2023 წელს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის უფრო მზარდი ტენდენცია გამოიკვეთა, კერძოდ, პირველი კვარტლის მონაცემებით, ექსპორტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო ევროკავშირში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 21%-ით გაიზარდა.

„ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია ევროკავშირის ბაზარი და ამ ბაზარზე არსებული პოტენციალის სრულად გამოყენება. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, ევროკავშირის ქვეყნებში 129%-ით გაიზარდა ღვინის ექსპორტი, სპირტიანი სასმელების - 26%-ით, ხილისა და ბოსტნეულის წვენების - 103%-ით, უალკოჰოლო გაზიანი სასმელები - 4.7-ჯერ, ხოლო მშრალი ხილის ექსპორტი 5-ჯერ არის გაზრდილი. ასევე ხორციელდება ჩაისა და ციტრუსის ექსპორტი.

აღსანიშნია, რომ ევროკავშირმა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ საქართველოს მიანიჭა შემდეგი ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტზე გატანის უფლება: თაფლი და მეფუტკრეობის პროდუქტები, შავი ზღვის თევზი და თევზის პროდუქტები, ცხოველთა საკვები და სხვა“, - აღნიშნა მინისტრმა.

ოთარ შამუგიამ ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის ბაზრის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებისათვის ადგილობრივი აგროსასურსათო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლება აუცილებელია.

„DCFTA-ს ფარგლებში, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის მიმართულებით, ჩვენ ავიღეთ ვალდებულებები საკანონმდებლო დაახლოების მიზნით, 2015-2022 წლებში, მიღებული და დაახლოებულია 183 ნორმატიული აქტი, ეტაპობრივად ინერგება და სავალდებულო ხდება სურსათის მწარმოებელი ყველა ბიზნესოპერატორისთვის საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) პრინციპებზე დაფუძნებული სურსათის უვნებლობის პროცედურების დანერგვა", - განაცხადა შამუგიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები