მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარკეტინგულ ბაზრებზე ღვინის პოპულარიზაციისთვის 2024 წელს ₾16 მლნ დაიხარჯება - ოთარ შამუგია

ღვინის გამოფენები

სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, მარკეტინგულ ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის სახელმწიფო 2024 წელს 16 მლნ ლარს დახარჯავს, ამის შესახებ ოთარ შამუგიამ BM.GE-ის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, მარკეტინგული ბაზრები იდენტიფიცირებულია, თუმცა ბიზნესთან მუდმივი კომუნიკაციის შედეგად შესაძლოა, ახალი მიმართულებებიც გამოიკვეთოს.

„მარკეტინგულ ბაზრებზე ღვინის პოპულარიზაციისთვის ყოველწლიურად გავზრდით ღონისძიებების რაოდენობასა და დაფინანსებასაც. 2024 წელს 16 მლნ ლარი იქნება მხოლოდ ღვინის პოპულარიზაციისთვის მიმართული, გარდა ამისა, სხვა პროდუქციაცაა და ჯამში ქართული პროდუქტის პოპულარიზაციისთვის 20 მლნ ლარს დავხარჯავთ. პრიორიტეტული ბაზრები წლებია იდენტიფიცირებული გვაქვს - ვმუშაობთ ევროკავშირის ქვეყნებზე, აშშ-ზე ჩინეთზე, სხვა ქვეყნებზე სადაც კონკრეტული კონტრაქტორები გვყავს, რომლებთან ერთადაც აქტიურად ვაწარმოებთ ამ კამპანიებს. ხშირი კომუნიკაცია გვაქვს სექტორთან და მათთან ერთად ვმსჯელობთ სად რა ცვლილება შეიძლება იყოს გასაკეთებელი და უკეთესი“, - აცხადებს მინისტრი.

ცნობისთვის: საქართველოს მთავრობამ ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, 2021 წლის სექტემბერში „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ დაამტკიცა. პროგრამის მიზანი საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის, კონკურენტუნარიანობისა და ცნობადობის გაზრდა, სტრატეგიული და პრიორიტეტული საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაა. პროგრამას სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით ახორციელებს.

პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს აუნაზღაურდებათ მარკეტინგული ხარჯები (გარდა საქართველოსა და დსთ-ის ქვეყნებში გაწეული ხარჯებისა), შემდეგი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში:

ბენეფიციარი მოახდენს მეტი ლიტრი ღვინის ექსპორტს მიმდინარე კალენდარულ წელს, ვიდრე ექსპორტირებული აქვს წინა კალენდარულ წელს;

ბენეფიციარი მიმდინარე საანგარიშო პერიოდში უზრუნველყოფს მეტი მარკეტინგული ხარჯის გაწევას, ვიდრე გაწია წინა საანგარიშო პერიოდში;

პროგრამით თითოეულ ბენეფიციარზე კალენდარული წლის მანძილზე გასაცემი ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება არა უმეტეს 600 000 ლარით. პროგრამის ფარგლებში არ დაიანგარიშება საქართველოსა და დსთ-ს ქვეყნებში გაყიდული ღვინო და მარკეტინგული ხარჯები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები