მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თაფლის ექსპორტის კუთხით მარაგების გარდა, სხვა შეფერხება არ არის - ოთარ შამუგია

640f349e69ad1
ვიქტორია მღებრიშვილი
13.03.23 18:52
714
თაფლის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მიმდინარე წელს თაფლის ექსპორტი მაისამდე აღარ მოხდება, რადგან ქვეყანაში თაფლის მარაგი ამოწურულია. აღნიშნულ საკითხზე დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებმა სოფლის მეურნეობის მინისტრს ოთარ შამუგიას დაუსვეს.

მინისტრის თქმით, სახელმწიფო თაფლის სექტორის მხარდამჭერია და მარაგების გარდა ექსპორტის შეფერხებას სხვა მიზეზები არ აქვს.

„თაფლის ექსპორტში ყოველწლიურად მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს. ძირითადად ზრდა ევროკავშირში ფიქსირდება. გასულ წელსაც ექსპორტზე საკმაოდ დიდი რაოდენობის თაფლი გავიდა.

თაფლის ექსპორტის შეფერხება რაიმე კონკრეტული მიზეზით არ არის გამოწვეული. უბრალოდ საექსპორტოდ მარაგები აღარ დარჩა, შესაბამისად, როდესაც ფერმერებს ახალი თაფლი ექნებათ, ანუ მაისიდან ექსპორტიც განახლდება. აქ სხვა ტიპის შეფერხებაზე საუბარი არ არის. ამ სექტორს აქტიურად ვუჭერთ მხარს და თაფლის ექსპორტის კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებლების შესაძლებლობა გვაქვს", - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა. 

ცნობისთვის, საქართველომ თაფლის ექსპორტით $1 მლნ-ზე მეტი შემოსავალი მიიღო. 2022 წელს თაფლის ექსპორტი რეკორდული იყო, როგორც ღირებულებით, ასევე მოცულობით.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოდან გასული წლის განმავლობაში 1 მილიონ 175 ათასი დოლარის ღირებულების 258 ტონა თაფლის ექსპორტი განხორციელდა. 2021 წელთან შედარებით ექსპორტით მიღებული შემოსავალი 78.8%-ით, ხოლო მოცულობა 49.3%-ით მეტი იყო.

აღსანიშნია, რომ თაფლის მთავარი სარეალიზაციო ბაზარი გასული წლის მიხედვით ევროკავშირი იყო. 2022 წელს თაფლის ექსპორტის 75.5% სწორედ ევროპული ქვეყნების მიმართულებით განხორციელდა. ისიც უნდა ითქვას, რომ EU-ს ქვეყნებში თაფლის რეალიზება გასულ წელს 75.3%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები