მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ღამის კლუბებისთვის ღონისძიებების გამართვა ნებადართული არ არის“ - განცხადება

61bc9c37a2a7f
ვიქტორია მღებრიშვილი
17.12.21 18:22
826
შრომის ინსპექციის სამსახურის ღამის კლუბების ოპერირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საკოორდინაციო საბჭოს კლუბებთან ოპერირების გახსნის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და შესაბამისად, მათ მიერ ღონისძიების გამართვა ნებადართული არ არის.

საქმე ის არის, რომ ღამის კლუბები გახსნის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას მიმდინარე კვირას ელოდნენ, აქედან გამომდინარე, კლუბების ნაწილმა 18 დეკემბერს ღონისძიებები დააანონსეს.

BM.GE შრომის ინსპექციის სამსახურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის აქტიური ჩართულობით, მიმდინარეობს მუშაობა ე.წ. ღამის კლუბების უსაფრთხოების პროტოკოლის პროექტის შემუშავებაზე, რომელიც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

აღნიშნული პროტოკოლი, ვიზიტორის „მწვანე“ სტატუსთან ერთად, უნდა ითვალისწინებდეს უსაფრთხოების კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს, რაც, ერთის მხრივ, უზრუნველყოფს მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვას, ასევე - ბიზნესის მდგრად აღდგენას.

საკოორდინაციო საბჭოს ღამის კლუბების გახსნაზე გადაწყვეტილება აღნიშნულ ეტაპზე არ მიუღია, შესაბამისად, ღონისძიებების გამართვა ნებადართული არ არის.

ე.წ. ღამის კლუბების ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებული იქნება შესაბამისი პროცედურების გავლის შემდგომ, რაც სექტორის წარმომადგენლებს უახლოეს პერიოდში ეცნობებათ“, - ნათქვამია განცხადებაში.