მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამყრელიძე: ეპიდსიტუაცია არ მგონია იძლეოდეს იმის საშუალებას, რომ ღამის კლუბების გახსნის გადაწყვეტილება მივიღოთ

61bcc85a51be4
თამთა ჯიჯავაძე
17.12.21 21:24
606
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს ღამის კლუბების მუშაობის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია. ამის შესახებ მან „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.

„ეს საკითხი საკოორდინაციო საბჭოზე არ განხილულა და არ გადაწყვეტილა. იყო ინფორმაცია იმის შესახებ რომ ღამის კლუბები ემზადებიან შესაბამისი წესების მკაცრად დაცვითა და აღსრულებით. მაგრამ საკოორდინაციო საბჭოს მიეღო გადაწყვეტილება მათი მუშაობის აღდგენის შესახებ, ეს არ ყოფილა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ღამის კლუბებისთვის გახსნის ნებართვის არ მიცემა დისკრიმინაციული არ არის.

„ღამის კლუბები მომატებული რისკის მქონე დაწესებულებებია. გასაგებია ის, რომ ბევრი ტრენინგი ჩაატარეს და ვიცით რომ ემზადებოდნენ და ემზადებიან. მაგრამ ჯერ ეპიდსიტუაცია არ მგონია იძლეოდეს იმის საშუალებას, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული. ჯერ ფრთხილად უნდა ვიყოთ. მიუხედავად იმისა რომ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში ნელი ტემპით უმჯობესდება, რიცხვები მაინც მაღალია“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ შრომის ინსპექციის სამსახურმა ღამის კლუბების ოპერირებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საკოორდინაციო საბჭოს კლუბებთან ოპერირების გახსნის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და შესაბამისად, მათ მიერ ღონისძიების გამართვა ნებადართული არ არის.

საქმე ის არის, რომ ღამის კლუბები გახსნის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას მიმდინარე კვირას ელოდნენ, აქედან გამომდინარე, კლუბების ნაწილმა 18 დეკემბერს ღონისძიებებიც კი დააანონსეს.