02.სექტემბერი .2020 21:55

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 33 მლნ ევროს ოდენობის გრანტი მიიღო – რაში დაიხარჯება თანხა?

views 363
უკან

კლიმატის მწვანე ფონდის სამეთვალყურეო საბჭომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 33 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გადასცა.

გრანტი სამინისტრომ პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის გატარების მხარდაჭერა ტყის დეგრადაციით გამოწვეული სათბური აირების ემისიის შემცირების მიზნით“ ფარგლებში მიიღო. პროექტის ინიცირების ღონისძიება, მისასალმებელი სიტყვით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა.

„მოგეხსენებათ, სატყეო რეფორმა 6 წელია მიმდინარეობს. გვქონდა ძალიან ბევრი შეხვედრა, მომზადდა პოლიტიკის დოკუმენტი. დღეს უკვე გვაქვს პარლამენტის მიერ დამტკიცებული ახალი სატყეო კოდექსი. შესაბამისად, შეიქმნა ახალი საკანონმდებლო საფუძველი იმისთვის, რომ ტყე უკეთესად იმართოს, მართვის პროცესში მივიღოთ მაქსიმალური ეკონომიკური სარგებელი, შევინარჩუნოთ ტყის ეკოსისტემა, რათა გაუმჯობესდეს ტყის ეკოლოგიური მდგომარეობა. ტყის კოდექსით განსაზღვრული ტყის მართვის პრინციპების განხორციელებისათვის, ქვეყანას სჭირდება რესურსები. კლიმატის მწვანე ფონდის სამეთვალყურეო საბჭოსგან მიღებული მხარდაჭერა მნიშვნელოვანად დაგვეხმარება ტყის დაცვის გაძლიერებაში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, გერმანიისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოში სატყეო სექტორის მხარდაჭერა, შესაბამისად, გერმანიის მთავრობა აქტიურად დაეხმარება საქართველოს აღნიშნული პროექტის განხორციელებაში.

როგორც შვეიცარიის ელჩმა საქართველოში პატრიკ ფრანცენმა განაცხადა, შვეიცარია დაეხმარება საქართველოს განახორციელოს სატყეო რეფორმა, რომელიც უნდა იყოს წარმატებული, ეს მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის.

პროექტი „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის გატარების მხარდაჭერა ტყის დეგრადაციით გამოწვეული სათბური აირების ემისიის შემცირების მიზნით“ საქართველოს მთავრობას დაეხმარება მიაღწიოს ამბიციურ პოლიტიკურ მიზანს, რომ ტყის მდგრადი მართვის პრინციპების საშუალებით დაფაროს ეროვნული სატყეო სააგენტოს (NFA) მიერ მართული ტყეების 1.8 მილიონი ჰა, რაც უზრუნველყოფს საქართველოს ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების გაუმჯობესებას და, შესაბამისად, ტყის დეგრადაციით გამოწვეული სათბური გაზების გაფრქვევის შემცირებას.

7 წლიანი პროექტი განხორციელდება დედოფლისწყაროს, თელავის, ახმეტის, ყვარლის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის, ოზურგეთის და თიანეთის მუნიციპალიტეტებში.

ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, მინისტრის მოადგილეები ხატია წილოსანი, ნინო თანდილაშვილი, სოლომონ პავლიაშვილი, იური ნოზაძე, შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პატრიკ ფრანცენი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), მუნიციპალიტეტების და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა