მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასტრონომიის ასოციაცია: ვა-ბანკზე წავალთ, გავხსნით რესტორნებს - სხვა გამოსავალი არააა

60191c25beaa5
მარიამ ადამია
02.02.21 13:35
3318
„სერიოზულად ვემზადებით, რომ გავხსნათ კვების ობიექტები და არ დავემორჩილოთ დღეს არსებულ შეზღუდვებს“, - ეს განცხადება საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან ქოქიაშვილმა “საქმიან დილაში” გააკეთა და დასძინა, რომ ბიზნესს სხვა გამოსავალი არ რჩება და ამიტომაც „მიდიან ვა-ბანკზე“.

„მართალია, რთული იქნება 10 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა, თუმცა ბიზნესს სხვა გამოსავალი არ რჩება. ჩვენ არ ვართ აქტივისტები და იურისტებთან ერთად გააზრებულად ვდგამთ ამ ნაბიჯს. ისიც გვესმის, რომ ჯარიმის გადახდა რთული იქნება, განსაკუთრებით ამ მდგომარეობაში, მაგრამ თუკი გავერთიანდებით და ბევრნი ვიქნებით, როგორ უნდა მივიდეს მაგალითად, 200 რესტორანში პოლიცია ან შესაბამისი უწყება დასაჯარიმებლად?! ისიც გვესმის, რომ ეს გადაწყვეტილება სახელმწიფოს შეურაცხყოფას ნიშნავს, მაგრამ სხვა გზა აღარ გვრჩება და ახლა უნდა გადავრჩეთ”, - აღნიშნა ლევან ქოქიაშვილმა, თუმცა რესტორნების თვითნებურად გახსნის კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია.

ცნობიისთვის: 30 იანვარს კვების ინდუსტრიამ აქცია მოაწყო, რომელსაც 200-მდე რესტორანი შეუერთდა და პროტესტის ნიშნად 24 საათით მიტანის სერვისზე უარი თქვეს. სექტორმა მთავრობას ორდღიანი ვადა მისცა, რათა წარმოედგინათ ქვეყნის გახსნის გეგმა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ისინი დაუმორჩილებლობას გეგმავენ. ორ დღიანი ვადა უკვე ამოიწურა და დღეს ბიზნესი მთავრობისგან პასუხს ელის.

“მთავრობასთან კომუნიკაცია გვაქვს, თუმცა ამას აზრი არ აქვს, პირიქით, ნერვები გვეშლება და ყელში ამოვიდა ეს მდგომარეობაც. ის უფრო რთულია, როდესაც ხელისუფლებასთან მიდიხარ, აზრს გეკითხებიან, გვპირდებიან და შემდეგ არ ითვალისწინებენ ამ ყოველივეს. ბიზნესში ეს ასე არ ხდება - პირობა პირობაა და უნდა შესრულდეს ან საერთოდ არ უნდა დაიდოს. ვფიქრობ, კონკრეტული სფეროს მიმართულებით სპეციალისტები არ ჰყავთ, მათ შორის არც სტუმარ-მასპინძლობის კუთხით, რადგან არცერთი სფეროში ჩახედული სპეციალისტი არ დახურავდა 22:00 საათზე რესტორნებს. ეს არის სრული უცოდინრობა და სფეროს უპატივცემულება,” - განაცხადა საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, ბიზნესს უმძიმესი ფინანსური პრობლემები აქვს.

„რესტორნების 96%-ს ფართები იჯარით აქვთ აღებული და თანხას ვეღარ იხდიან. 17 მარტის შემდეგ მეიჯარეებმა გაგვინახევრეს გადასახადი, დაგვაცადეს ზაფხული და დაგვეხმარნენ, თუმცა ისინიც რთულ მდგომარეობაში არიან, მათაც უჭირთ და ალტერნატივას ეძებენ, ამიტომ შესაძლოა, უფრო მეტი რესტორანი დაიხუროს. გარდა ამიისა, სადისტრიბუციო კომპანიები ითხოვენ თანხებს და თუკი კვების ობიექტები თავს გაკოტრებულად გამოაცხადებენ, დისტრიბუტორები სასამართლოში წავლენ, რადგან დაასწრონ მეორე სადისტრიბუციო კომპანიას, რომ რამენაირად ვალი ამოიღონ”, - აღნიშნა ლევან ქოქიაშვილმა.