მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენები

620010a517bb9
ირაკლი მაკალათია
06.02.22 22:10
5502
გთავაზობთ გასული კვირის (31 იანვარი – 5 თებერვალი, 2021) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას

1) 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 10,6%-ით გაიზარდა
2) 2022 წლის იანვარში წლიური ინფლაციის დონემ 13,9% შეადგინა
3) საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 10.5%-ზე დატოვა
4) 2022 წლის იანვრის ტურიზმის სტატისტიკა
5) 2021 წელს საქართველოში გაცემული სამშენებლო ნებართვები და უძრავი ქონების მშენებლობები 
6) პროექტები, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მიღებული სესხებით დაფინანსდება
7) აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის პოზიცია ანაკლიის პორტის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სირთულეებზე
8) ბოლო 3 წელში იჯარით გაცემული ტყის ფართობები და საიჯარო ხელშეკრულებები
9) ენერგეტიკის სექტორის ინიციატივა ქონების გადასახადის წესის განაწილების შესახებ
10) როგორ გაიზრდება საწვავზე ფასები


1. 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 10,6%-ით გაიზარდა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2021 წელს 2020 წელთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა 10,6%-ით გაიზარდა, ხოლო 2021 წელს 2019 წელთან შედარებით 3,1%-ით. კვარტლების მიხედვით ყველაზე მაღალი ზრდა II კვარტალში დაფიქსირდა (28,9%), III კვარტალში 9,1%; IV კვარტალში 9,5%; ხოლო I კვარტალში ეკონომიკა 4,1%-ით შემცირდა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3uoDuXx 

2. 2022 წლის იანვარში წლიური ინფლაციის დონემ 13,9% შეადგინა

2022 წლის იანვარში წლიური ინფლაციის დონემ 13,9% შეადგინა. ორნიშნა ინფლაციის მაჩვენებლები დაფიქსირდა შემდეგ ჯგუფებში: საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი (44,8); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (16,2%); ტრანსპორტი (16,2%); სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (16,0%) და ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა (11,4%). ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამომწვევი მიზეზია, კომუნალური გადასახადების სუბსიდირების დასრულების შედეგად, კომუნალურ ჯგუფში ფასების მაღალი ზრდა, რაც 3.69 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3AWClHM ; https://bit.ly/3HFKaUI; https://bit.ly/34iEXUz

3. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 10.5%-ზე დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 10.5%-ზე დატოვა, მიზეზი ქვეყანაში მაღალი ინფლაციაა. შესაბამისად, რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დარჩება, სანამ მაღალი ინფლაციის მოლოდინი იქნება და არსებული რისკები საკმარისად არ შერბილდება. 

არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკები"-ს მონაცემებით ,,2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 185 300 სესხია გაცემული, ხოლო მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.’’

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3saMGvG ; https://bit.ly/3B20xbN 

4. 2022 წლის იანვრის ტურიზმის სტატისტიკა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით 2022 წლის იანვარში საქართველოს 199,393 საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა, რაც წინა წელთან შედარებით 471%-ით მეტია, ხოლო 2019 წელთან შედარებით 62%-ით ნაკლებია. ქვეყანაში ყველაზე მეტი ვიზიტორი თურქეთიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან შემოვიდნენ.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3B3S87J 

5. 2021 წელს საქართველოში გაცემული სამშენებლო ნებართვები და უძრავი ქონების მშენებლობები

2021 წლის განმავლობაში საქართველოში 2,347 ახალი ნაგებობა შევიდა ექსპლუატაციაში, ჯამში 1.76 მლნ კვ/მ ფართობის ახალი უძრავი ქონება აშენდა, ხოლო მათი 56% საცხოვრებელ შენობებზე მოდის. ყველაზე მეტი მშენებლობა თბილისშია, ხოლო მეორე ადგილზეა აჭარა. რაც შეეხება სამშენებლო ნებართვებს, გასულ წელს ადგილობრივმა თვითმმართველობებმა 7.4 მილიონი კვადრატული მეტრის ახალი უძრავი ქონებისთვის გასცეს სამშენებლო ნებართვები, რაც 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით 43%-ით არის გაზრდილი

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3LbxGXb ; https://bit.ly/3osbQ8g ; https://bit.ly/3rvqxcE 

6. პროექტები, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მიღებული სესხებით დაფინანსდება

საქართველო აზიის განვითარების ბანკისგან (ADB) 101 მილიონი ევროს კრედიტს მიიღებს, რაც სხვადასხვა ქალაქში სოციალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის დაიხარჯება. 20 მილიონი ევრო თბილისის განვითარებისათვის არის გათვალისწინებული, ხოლო დანარჩენი რეგიონის სხვა ქალაქებზე გადანაწილდება.

მთავრობა ასევე აპირებს ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) 34 მილიონი ევროს სესხის აღებას, რაც რეგიონების ინტერნეტიზაციის პროექტზე დაიხარჯება. ასევე აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტისათვის მთავრობას 2020 წელს მსოფლიო ბანკისგან 35.7 მილიონი ევროს სესხი აქვს აღებული.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3ruWQZh ; https://bit.ly/3gs9y4E 

7. აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის პოზიცია ანაკლიის პორტის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სირთულეებზე

აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა ფოთის ტერმინალის გახსნის შემდეგ ანაკლია მოინახულა, სადაც მისი შეფასებით, ,,არსებული სიცარიელე საქართველოს ეკონომიკისთვის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა.’’ საქართველოს კი გეგმები მხოლოდ ქაღალდზე აქვს. კელი დეგნანის განცხადებით ანაკლია პოლიტიკურ და ეკონომიკურ სირთულეებში გაეხვა, შესაბამისად ის ვეღარ მიყვება რეგიონული სატრანსპორტო ქსელის განვითარებას.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3Hxz7gz ; https://bit.ly/3AYYjdc ; https://bit.ly/3sdaZsU 

8. ბოლო 3 წელში იჯარით გაცემული ტყის ფართობები და საიჯარო ხელშეკრულებები

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლემ ნუნუ თამაზაშვილმა აუქციონის წესით, დაბა ბაკურიანში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, 5 958 კვადრატული მეტრი ტყის 49 წლით სარგებლობის უფლება ერთ დღეში მოიპოვა. რამაც დიდი აჯიოტაჟი და აღნიშნული საკითხისადმი ინტერესი გამოიწვია. BMG-ის მიერ ეროვნული სატყეო სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 2019-2021 წლებში ტყის იჯარით გაცემისთვის 26 აუქციონი გამოცხადდა, რის შედეგადაც სულ 14 საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა. საიჯარო ხელშეკრულება წელიწადში გადასახადის სახით 5 000 ლარის გადახდას მოიცავს.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3B2iuqO; https://bit.ly/3HyQJZc; https://bit.ly/3LoFJQK; https://bit.ly/3GxquBk

9. ენერგეტიკის სექტორის ინიციატივა ქონების გადასახადის წესის განაწილების შესახებ

ენერგეტიკის სექტორმა ქონების გადასახადის ახალი წესით განაწილების ინიციატივა მოამზადა, რომლის მიხედვითად უნდა შეიქმნას მუნიციპალიტეტების ფონდები, სახელად „სარგებლის განაწილების ფონდი“, სადაც განახლებადი ენერგიების პროექტების მფლობელი ინვესტორების მიერ ბიუჯეტში გადახდილი ქონების გადასახადიდან გარკვეული ნაწილი მოიყრის თავს და სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას მოხმარდება.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3gp0TQk 


10. როგორ გაიზრდება საწვავზე ფასები

“ვისოლის” გენერალური დირექტორის ვასილ ხორავას განცხადებით, თებერვლის ბოლოდან საწვავზე ფასი ჯამში შეიძლება 25 თეთრამდე გაიზარდოს. მისი განცხადებით, დეკემბერის იმპორტის საშუალებით ამ დრომდე ფასს იანარჩუნებენ, თუმცა საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდის ფონზე, იმპორტიორ კომპანიებს არსებული ფასის შენარჩუნება გაუჭირდებათ.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3sgY9tL