22.მაისი .2022 16:10

გასული კვირის TOP–10 ეკონომიკური მოვლენა

გასული კვირის TOP–10 ეკონომიკური მოვლენა
views 1417
უკან

გთავაზობთ გასული კვირის (16 – 21 მაისი, 2022) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას

1. 2022 წლის I კვარტალში უმუშევრობის დონე 2.5%-ით შემცირდა
2. როგორ შეიცვალა სავაჭრო ბალანსი 2022 წლის პირველ 4 თვეში
3. მომდევნო 7 წლის განმავლობაში პენსიებს კვლავ ლიბერთი ბანკი დაარიგებს
4. IDS Borjomi International საქართველოს მთავრობას აქციების წილს უსასყიდლოდ გადაცემს
5. 2022 წლის აპრილში საქართველოში რეკორდული მოცულობის გზავნილები გადმოირიცხა
6. აპრილში ტურიზმის შემოსავლები 2019 წლის დონის 70%-მდე აღდგა
7. კონკურენციის სააგენტომ საწვავის ფასებზე ანგარიში წარადგინა, ასევე ადგილობრივ ბაზარზე საზამთროს დემპინგს შეისწავლის
8. რამდენი ინდმეწარმე და შპს დაარეგისტრირეს რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებმა ომის დაწყების შემდეგ საქართველოში
9. სოფლად 1,25ჰა-ზე ნაკლები მიწის მფლობელებს მთავრობა 300 ლარამდე სუბსიდიას დაურიცხავს
10. როგორი შედეგები აქვს სოციალური დასაქმების პროგრამას


1. 2022 წლის I კვარტალში უმუშევრობის დონე 2.5%-ით შემცირდა

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5%-ით შემცირდა და 19.4% შეადგინა. რაც შეეხება წლიურ ჭრილში, 2021 წელს 2020 წელთან შედარებით უმუშევრობა 2,1%-ით გაიზარდა და 20,6% შეადგინა. 2021 წელს, ასაკის მიხედვით უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე 15-19 ასაკობრივ (52,2%) და 20-24 ასაკობრივ ჯგუფებშია (41,0%), ხოლო ყველაზე დაბალი 65 წლისა და უფროსი ასაკის ჯგუფში (6,0%), რისი მთავარი გამომწვევი მიზეზი ის არის, რომ საპენსიო ასაკის ჯგუფებში ეკონომიკური აქტიურობის დონე დაბალია.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3wwgF4D ; https://bit.ly/38JR4w1 

2. როგორ შეიცვალა სავაჭრო ბალანსი 2022 წლის პირველ 4 თვეში

საქართველოში 2022 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტი 32.8%-ით გაიზარდა და 1 587.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტმა 3 666.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის პერიოდთან შედარებით 33,7%-ით არის გაზრდილი. ამავე პერიოდში სავაჭრო ბალანსი 34%-ით გაუარესდა. უმსხვილესი საექსპორტო სამეულის ქვეყნებია: ჩინეთი (290.4 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (168.4 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (156.4 მლნ. აშშ დოლარი). ხოლო 3 უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნები შემდეგია: თურქეთი (637.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (403.3 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (324.3 მლნ. აშშ დოლარი). ექსპორტისა და იმპორტის სასაქონლო სტრუქტურა უცვლელია, კერძოდ: მთავარი საექსპორტო საქონელია: სპილენძის მადნები და კონცენტრატები (მთლიანი ექსპორტის 22.9%); ფეროშენადნობები (12.3%) და მსუბუქი ავტომობილები (8.3%). სამი ძირითადი იმპორტირებული საქონელი კი არის: ნავთობი და ნავთობპროდუქტები (მთლიანი იმპორტის 9.2%); მსუბუქი ავტომობილები (8.7%) და სპილენძის მადნები და კონცენტრატები (7.3%).

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3PyDjky 

3. მომდევნო 7 წლის განმავლობაში პენსიებს კვლავ ლიბერთი ბანკი დაარიგებს

პენსიების დასარიგებლად გამოცხადებულ ტენდერში ლიბერთი ბანკმა გაიმარჯვა, შესაბამისად, მომდევნო 7 წლის განმავლობაში პენსიებს კვლავ ლიბერთი ბანკი დარიგებს. აღსანიშნავია, რომ ტენდერში მხოლოდ ერთი ბანკი, ლიბერთი მონაწილეობდა, გამარჯვებული ბანკი პენსიების დარიგების მომსახურებისთვის წელიწადში 15 მილიონ ლარს მიიღებს, რაც 7 წელში 105 მილიონ ლარს შეადგენს. სატენდერო პირობის მიხედვით, საპენსიო სესხის მაქსიმალური განაკვეთი კი 25.8% იქნება. პირველ ეტაპზე, ტენდერში მონაწილეობის მეორე მსურველი საქართველოს ბანკიც იყო, თუმცა ბოლოს ბანკმა საკუთარი განაცხადი არ წარადგინა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3wEGgHE ; https://bit.ly/3lv7ivO ; https://bit.ly/3wErOzs 


4. IDS Borjomi International საქართველოს მთავრობას აქციების წილს უსასყიდლოდ გადაცემს

IDS Borjomi International-ის 60%-იან წილს ,,ალფა ჯგუფი" ფლობს, ხოლო 40%-იან წილს პატარკაციშვილების ოჯახი. ,,ალფა ჯგუფის’’ განცხადებით კომპანიის წილს საქართველოს მთავრობას უსასყიდლოდ გადაცემენ, რაც საქართველოს მთავრობას საერთაშორისო კომპანიის მართვაში მონაწილეობის მიღების საშუალებას მისცემს, თუმცა რა მოცულობის წილს გადასცემენ არ დაუკონკრეტებიათ. ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნულ განცხადებას შეისწავლიან, დასკვნის მოსამზადებლად იუსტიციის სამინისტროში გადაიგზავნება და დეტალებს შემდეგ გაასაჯაროებენ.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3wC0OBW ; https://bit.ly/3lwwrGx ; https://bit.ly/39H6HEG 

5. 2022 წლის აპრილში საქართველოში რეკორდული მოცულობის გზავნილები გადმოირიცხა
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის აპრილში საქართველოში რეკორდული მოცულობის, 308.1 მლნ დოლარის გზავნილი გადმოირიცხა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წილის შესაბამის თვესთან შედარებით 59%-ით არის გაზრდილი. ყველაზე მეტი გზავნილი საქართველომ რუსეთიდან მიიღო (133 მილიონი აშშ დოლარი), რაც წინა წლის აპრილთან შედარებით 299%-ით არის გაზრდილი.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3aidDsp ; https://bit.ly/3lqPIcu 


6.აპრილში ტურიზმის შემოსავლები 2019 წლის დონის 70%-მდე აღდგა

Galt & Taggart-ის ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის აპრილში საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 160.1%-ით გაიზარდა და 214,644 ვიზიტორი შეადგინა, რაც 2019 წლის დონის 39.0%-ია. რაც შეეხება ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს, წინა წლის აპრილთან შედარებით 3.8-ჯერ გაიზარდა, რაც 2019 წლის დონის 70.6%-ია. Galt & Taggart-ის ვარაუდით რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან 80,000-120,000 ვიზიტორი ჩამოვიდა, რომლებიც იმაზე ხანგრძლივი დროით დარჩნენ, ვიდრე ტურისტები. მიგრანტების ეფექტი კი შეიმჩნევა უძრავი ქონების ბაზარზე, რამაც გამოიწვია, როგორც უძრავი ქონების ღირებულების, ისე ქირის ფასის ზრდა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3wzCEXa ; https://bit.ly/3ySXZxI 

7. კონკურენციის სააგენტომ საწვავის ფასებზე ანგარიში წარადგინა, ასევე ადგილობრივ ბაზარზე საზამთროს დემპინგს შეისწავლის
საწვავის ფასებთან დაკავშირებით კონკურენციის სააგენტოს მიერ წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, მარტი-აპრილის პერიოდში მსხვილი კომპანიების ნაწილმა რუსეთიდან დაბალი ღირებულების საწვავი შემოიტანა, ხოლო საცალო ქსელში მაღალი ფასნამატით გაყიდეს, შესაბამისად კომპანიებს ფასის შემცირების რესურსი გააჩნდათ. ამ საკითხზე მთავრობის წევრებმა საწვავის დისტრიბუტორებთან შეხვედრა გამართეს და მოგების მარჟების მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობები განიხილეს. კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში იმპორტირებული ნავთობის 31,2% რუმინეთზე, მეორე-მესამე ადგილებს კი ბულგარეთი (24,1%) და რუსეთი (17,8%) ინაწილებენ.

კიდევ ერთი საკითხი რაზეც კონკურენციის სააგენტო მუშაობას აპირებს, არის ფერმერების მიერ სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში იმპორტირებული იაფი საზამთრო მათ პრობლემებს უქმნით, რაზეც კონკურენციის სააგენტო საზამთროს ბაზრის მოკვლევას იწყებს.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3MGICwn ; https://bit.ly/3lzU1SR ; https://bit.ly/3NwrXMb  https://bit.ly/3NqwGyP 

8. რამდენი ინდმეწარმე და შპს დაარეგისტრირეს რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებმა ომის დაწყების შემდეგ საქართველოში
იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით 2022 წლის 24 თებერვლიდან 1 მაისამდე, საქართველოში ინდივიდუალურ მეწარმედ რუსეთის ფედერაციის 3,386 მოქალაქე, ხოლო რუსეთის ფედერაციის მოქალაქის მონაწილეობით 171 შპს დარეგისტრირდა. ამავე პერიოდში ინდმეწარმედ ბელარუსის რესპუბლიკის 2,363 მოქალაქე, ხოლო ბელარუსის მოქალაქის მონაწილეობით 61 შპს დარეგისტრირდა.
საქართველოში 2022 წელს დაფუძნებული რუსული და ბელარუსული კომპანიების ჩამონათვალი: https://bit.ly/3MBhgI4 

9. სოფლად 1,25ჰა-ზე ნაკლები მიწის მფლობელებს მთავრობა 300 ლარამდე სუბსიდიას დაურიცხავს

მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მთავრობა 0.25 ჰა-დან 1.25 ჰექტარამდე სასოფლო მიწის ნაკვეთის ფლობელებს 300 ლარამდე თანხით დაასუბსიდირებს (1 ჰა-ზე 300 ლარი), პროგრამის ბიუჯეტი 35 მილიონი ლარია, ბენეფიციართა რაოდენობა კი დაახლოებით 300 000 ოჯახია.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3a2KfWH 


10. როგორი შედეგები აქვს სოციალური დასაქმების პროგრამას

მთავრობის სოციალური დასაქმების პროგრამაში ჯამში მოძიებულია 22 000-მდე სამუშაო ადგილი, ამ ეტაპზე კი 7000-ზე მეტი სამუშაო ადგილია შევსებული. ამასთან, მთავრობა ვაკანსიების მობილიზება მუნიციპალიტეტებში აგრძელებს. რაც შეეხება, საზღვარგარეთ დასაქმების პროგრამას, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით მიმდინარე წლის 13 მაისის ჩათვლით გერმანიაში 114 მოქალაქე დასაქმდა, ხოლო ისრაელში ამ დრომდე არავინ დასაქმებულა, დასაქმების მიზნით კი 119 ადამიანი სპეციალურ კურსს გადის. 

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3sOj88k ; https://bit.ly/3G4N99i  https://bit.ly/3MAokoo