მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური კავშირი რიცხვებში

ალიევი

გასული კვირის მიწურულის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტი იყო, რომლის დროსაც საქართველოს პრემიერმა და ილჰამ ალიევმა როგორც გეოპოლიტიკურ ასევე ეკონომიკურ საკითხებზე ისაუბრეს. შუა დერეფანი, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი - ეს ძირითადი თემები იყო, რომელზეც ქვეყნის ლიდერებმა გაამახვილეს ყურადღება.

აზერბაიჯანი საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია, რომელთანაც სახმელეთო საზღვარი გვაკავშირებს, რაც კავშირებს კიდევ უფრო მჭიდროს ხდის. როგორია ქვეყნების შორის ეკონომიკური ურთიერთობები რიცხვებში, ამის წარმოდგენას პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ვაჭრობის, ტურიზმისა და ფულადი გზავნილების ტენდენციაზე დაკვირვებით შევეცდებით.

ინვესტიციები

საქართველოში აზერბაიჯანული ინვესტიციების შემოდინების ისტორია 90-იანი წლებიდან იწყება და ყველაზე მაღალ მაჩვენებელს 2015-2017 წლებში აღწევს. ამ პერიოდში რეკორდული ინვესტიციების 2015 წელს 582 მლნ დოლარის მოცულობით განხორციელდა. ბოლო პერიოდში აზერბაიჯანიდან ქვეყნის ეკონომიკაში ჩადებული თანხა გასულ წელს 1 მილიონ 718 ათასი დოლარი იყო, 2023 წლის პირველ ნახევარში კი FDI-მ 1 მილიონ 618 ათასი დოლარი შეადგინა.

სავაჭრო ბრუნვა

სამხრეთ-აღმოსავლელი მეზობელი ქვეყანა საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია სავაჭრო პარტნიორია. 2023 წლის 8 თვის მონაცემებით ქვეყნების საქონლით ვაჭრობის მოცულობამ 979 მლნ 380 ათასი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 15.3%-ით აღემატება. ამგვარად აზერბაიჯანი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების რეიტინგში 7%-იანი წილით მეხუთე ადგილს იკავებს.

ექსპორტი

უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანი ის ქვეყანაა, რომელთანაც სავაჭრო ბრუნვაში მიმდინარე წლის 8 თვის სტატისტიკით ექსპორტი ძირითად ნაწილს იკავებს. უმსხვილესი საექსპორტო ბაზრების ათეულში სწორედ აზერბაიჯანმა დაიკავა პირველი ადგილი ამ პერიოდში. ჯამში იანვარ-აგვისტოში მეზობელ ქვეყანაში 567 მლნ 804 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი გავყიდეთ, რაც მთლიანი ექსპორტის 13.9%-ია. ეს რიცხვი წლიურად 34.7%-ით გაიზარდა.

აზერბაიჯანთან ვაჭრობის 10-წლიან ისტორიას [8 თვის ჭრილში] თუ გადავხედავთ, ვნახავთ რომ წელს ექსპორტის მაჩვენებელი რეკორდულია. თუმცა ამ შემთხვევაში ჩნდება კითხვა - რა განაპირობებს აზერბაიჯანთან ექსპორტის ზრდას? პასუხს სტატისტიკა და ექსპორტირებული საქონლის ჩამონათვალი გვაძლევს. საქმე ის არის, რომ ბოლო წლებში საქართველოდან აზერბაიჯანის მიმართულებით მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა. მეზობელ ქვეყანაში ექსპორტის და შესაბამისად ვაჭრობის ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორიც ამ საქონლის რეექსპორტის გაზრდილი მაჩვენებლებია. 2023 წლის იანვარ-აგვისტოში აზერბაიჯანში ავტომობილების რეალიზების მაჩვენებელი 51.4%-ით გაიზარდა. რაც შეეხება იმას თუ რას ვყიდით აზერბაიჯანში, TOP-10 ექსპორტირებული საქონლის რეიტინგი ასეთია:

  • მსუბუქი ავტომობილები - 297 მლნ დოლარი;
  • სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები - 21 მლნ დოლარი;
  • ტარა ქაღალდის, მუყაოს, ცელულოზის ბოჭკოს ბამბის ან ტილოსაგან - 17.2 მლნ დოლარი;
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 16.2 მლნ დოლარი;
  • სატვირთო ავტომობილები - 15.7 მლნ დოლარი;
  • მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცოცხალი - 13.7 მლნ დოლარი;
  • კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები - 13 მლნ დოლარი;
  • ცხვრები და თხები ცოცხალი - 11.1 მლნ დოლარი;
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 10 მლნ დოლარი;
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 9 მლნ დოლარი.

ამ საქონლის გარდა აზერბაიჯანში 8 თვის განმავლობაში ბამბა საფეიქრო მასალები, ალაოს ექსტრაქტი, მოწყობილობები ჰაერის კონდიცირებისათვის, ელექტროენერგია, ფეროშენადნობები, ეთილის სპირტი არადენატურირებული, ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, პოლიმერები პროპილენისა ან სხვა ოლეფინებისა, ციანიდები, ოქსიდციანიდები, კომპლექსური ციანიდები, ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, შინაური ფრინველი ცოცხალი, პაპიროსის ქაღალდი და სხვა, ნაწარმი საქონლის ტრანსპორტირებისათვის და სხვა დასახელების საქონელი გავყიდეთ.

იმპორტი

უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნების რეიტინგში აზერბაიჯანს 8 თვის მონაცემებით მეექვსე ადგილი უკავია. წელს ამ ქვეყნიდან 411 მლნ 575 ათასი დოლარის საქონელი შევიძინეთ, რაც გასული წლის იმპორტზე 3.8%-ით ნაკლებია. აზერბაიჯანიდან შეძენილი უმსხვილესი საქონლის რეიტინგს ნავთობის აირები და ნავთობპროდუქტები ხსნიან. იმპორტირებული საქონლის TOP-10-ეული კი ასეთია:

  • ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები სხვა - 208.6 მლნ დოლარი;
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 44 მლნ დოლარი;
  • ცემენტი - 35.5 მლნ დოლარი;
  • წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 26 მლნ დოლარი;
  • მსუბუქი ავტომობილები - 15.7 მლნ დოლარი;
  • ნაწარმი თაბაშირის ან მის საფუძველზე დამზადებული ნარევებისაგან - 7.1 მლნ დოლარი;
  • თაბაშირი; ანჰიდრიტი; ბათქაში - 5.2 მლნ დოლარი;
  • მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 3.9 მლნ დოლარი;
  • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 3.5 მლნ დოლარი;
  • ხახვი თავიანი, ხახვი-შალოტი, პრასი - 3.2 მლნ დოლარი.

იმპორტირებული საქონლის ჩამონათვალში ვხვდებით ასევე რძეს და ნაღებს შეუსქელებელსა და შაქრის დამატების გარეშე, მინისა და საბაღე საგოზავებს, დაფასოებულ სამკურნალო საშუალებებს, შაქარს, იზოლირებულ მავთულებსა და კაბელებს, საკონდიტრო ფქვილოვან ნაწარმსა და პურს, ჩაის, ჩაუმქრალ კირს, პოლიმერული მასალების მონოძაფებს და წნელებს და სხვა.

ფულადი გზავნილები

აზერბაიჯანიდან საქართველოში ფულადი გზავნილების მაჩვენებელი არც ისე დიდია. წლის პირველი რვა თვის განმავლობაში აზერბაიჯანიდან ჩვენს ქვეყანაში 3 მილიონ 880 ათასი დოლარი გადმოირიცხა, რაც მთლიან გზავნილებში 1.35%-იან წილს შეადგენს. გასულ წელთან შედარებით კი მეზობელი ქვეყნიდან გადმორიცხვები 20.16%-ით შემცირდა.

ტურიზმი

ტურიზმის კუთხით გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ აზერბაიჯანს მეზობლებთან, მათ შორის საქართველოსთან სახმელეთო საზღვრები ჩაკეტილი აქვს და როდის გაიხსნება აზერბაიჯანულ მხარეს გაცხადებული არ აქვს. ამ ვითარების გათვალისწინებით 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოში აზერბაიჯანელმა ვიზიტორებმა 85 777 ვიზიტი განახორციელეს. რაც 2022 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 29.2%-ით აღემატება, ხოლო პანდემიამდე არსებულ რიცხვებს, 86.2%-ით ჩამორჩება. (2019 წლის იანვარ-ივნისი 622 717 ვიზიტი).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები