მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტურისტული ნაკადები ყოველწლიურად იკლებს" - „ლენდჰაუს ბორჯომის“ დამფუძნებელი გამოწვევებზე

ლენდჰაუსი

ბორჯომის რაიონში, სოფელ ზემო სადგერში მდებარე ტურისტული ობიექტის „ლენდჰაუს ბორჯომის“ დამფუძნებელი ეკა გეგეშიძე კოტეჯების დატვირთულობასა და ზოგადად ტურიზმში არსებულ მდგომარეობას BM.GE-სთან აფასებს და ამბობს, რომ ტურისტული ნაკადები ყოველწლიურად იკლებს. ამას კი თავისი მიზეზები აქვს.

ტურიზმის სექტორის წარმომადგენელი იმასაც აღნიშნავს, რომ მათი დამსვენებლების შეფასებით, საქართველოში დასვენება იაფი არ ჯდება. მისი თქმით, ძალიან ბევრი ადგილია, სადაც ძალიან ძვირი ღირს დასვენება, იმ მიზნით, რომ ობიექტმა რაც შეიძლება მეტი გამოიმუშაოს და უცხოელი დამსვენებელი მოატყუოს. თუმცა ტურისტები ამას ხვდებიან და შემდგომში, მათ ნაკადებზეც აისახება.

„სექტორში ბევრი გამოწვევაა. ყოველწლიურად ტურისტული ნაკადები იკლებს. გარდა მაღალი ფასებისა, პრობლემაა კადრებიც, რომელიც შესაბამისად ვერ ასრულებენ დაკისრებულ ვალდებულებას და ჩვენი მომხმარებლები ხშირად აღნიშნავენ, რომ სერვისი მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.

ჩემი ინფორმაციით, საქართველოს საერთაშორისო ბაზრებზე ისეთი რეკლამა აღარ უკეთდება, რაც ადრე. ცნობადობის ნაკლებობა კი, რა თქმა უნდა, უცხოელი სტუმრების რაოდენობაზეც აისახება. ხშირად, ჩვენთან მოსული სტუმრები იმასაც ამბობენ, რომ ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა ამაზე შესაბამისი მარკეტინგული აქტივობების განხორციელება არ ხდება“, - აცხადებს გეგეშიძე.

მისივე ცნობით, გასულ წელს, ზაფხულში 100%-ით დატვირთულები იყვნენ, ხოლო ზამთარში, იქიდან გამომდინარე, რომ ბორჯომში თოვლი არ მოვიდა, ბევრი ჯავშანი გაუქმდა.

აღსანიშნავია, რომ „ლენდჰაუს ბორჯომი“ გასულ წელს საცურაო აუზის, გასართობი სივრცისა და კვების ობიექტის მოწყობას გეგმავდა, რომელიც მინიმუმ 500 000 ლარის ინვესტიციას მოითხოვდა. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ კურორტი დაბალი დატვირთვით მუშაობდა, ტურისტულმა ობიექტმა აღნიშნული გეგმები ერთი წლით გადადო.

ინფორმაციისთვის, „ლენდჰაუს ბორჯომი“ ბორჯომის რაიონში, სოფელ ზემო სადგერში მდებარეობს და 5 კოტეჯს აერთიანებს. კოტეჯების ასაშენებლად და მოსაწყობად, ჯამში 750 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა. ხოლო, მასში განთავსების ღირებულება საშუალოდ 350 ლარია და ფასის ცვლილება სეზონსა და კოტეჯის ტიპზეა დამოკიდებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები