მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაუტამ ადანიმ ერთ თვეში $145 მილიარდი დაკარგა | ინდოელი ბიზნესმენის დაღმასვლის ისტორია

63fc6ba69dc5b
გიორგი თოლორდავა
28.02.23 01:00
2512
ინდოეთის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ბიზნესმენი, გაუტამ ადანი თვალისმომჭრელ კოლაფსს განიცდის. სულ რაღაც ერთ თვეში Adani Group-ის მფლობელობაში არსებულმა კომპანიებმა 145 მილიარდი დოლარის კუმულაციური საბაზრო კაპიტალიზაცია დაკარგეს, თავად გაუტამ ადანის ქონების შეფასება კი 117 მილიარდი დოლარით შემცირდა. გასულ წელს $150-მილიარდიანი შეფასებით ადანი Forbes-ის რეიტინგში მეორე ადგილს იკავებდა, ამჟამად კი ის მე-38 პოზიციამდეა ჩამოქვეითებული, $33-მილიარდიანი ქონებით.

ადანის დაღმასვლა პირდაპირ კავშირშია ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის, Hindenburg Research-ის მიერ გამოქვეყნებულ უახლეს ანგარიშთან. 200-გვერდიან კვლევაში Hindenburg-ის ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ გაუტამ ადანის ბიზნესიმპერია რეალურად სიცრუესა და კორუფციაზეა დაშენებული, მისი კომპანიების საბაზრო შეფასების მიღმა კი არავითარი ფუნდამენტური საფუძველი არ დგას.

Hindenburg-ის ძირითადი დანიშნულება კორპორაციული თაღლითობის გამოვლენა და იდენტიფიცირებული კომპანიების მიმართ short პოზიციების გახსნაა, ანუ საფონდო ბირჟაზე მათ წინააღმდეგ ფსონის დადება. აღსანიშნავია, რომ კომპანია Nikola, რომელმაც საბაზრო კაპიტალიზაციით Ford-ს გადაუსწრო, თაღლითობასა და მანიპულაციაში სწორედ Hindenburg-მა ამხილა, ამიტომაც კვლევითი ორგანიზაცია უოლ-სტრიტზე სერიოზული რეპუტაციით სარგებლობს.

Hindenburg-ის ანალიტიკოსების მტკიცებით, Adani Group-ის შვილობილი კომპანიები აქტიურად არღვევენ ბუღალტრული ანგარიშგების სტანდარტებს; შემოსავლებისა და მოგების მაჩვენებლები გაყალბებულია; კომპანიების აქციების ღირებულება საფონდო ბირჟაზე ხელოვნურადაა გაზრდილი; კომპანიების დივიდენდები არა აქციონერებზე, არამედ ადანის ოჯახის წევრებზე რეგისტრირებულ ოფშორულ ფონდებზე ნაწილდება; ვალდებულებებისა და აქტივების შეფარდება რამდენიმეჯერ აჭარბებს ინდუსტრიის სტანდარტებს; კომპანიების ხელმძღვანელებად და მენეჯერებად მხოლოდ ადანის ნათესავები და ახლო მეგობრები ინიშნებიან; სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებების პრაქტიკა აჩენს კითხვის ნიშნებს და რაც მთავარია, ჰოლდინგის აქტივები ხშირად არარეალისტურად, საბაზრო ღირებულებაზე ასჯერ უფრო ძვირადაც კია შეფასებული.

ბრალდებებზე საპასუხოდ Adani Group-მა 400-გვერდიანი ანგარიში მოამზადა, სადაც რელევანტური დოკუმენტაცია, ინვოისები, ანგარიშგებები და აუდიტორული დასკვნებია წარმოდგენილი. ბუნებრივია, გასული კვირის განმავლობაში ინვესტორები ორივე მხარის არგუმენტებს გაეცნენ, თუმცა ბირჟაზე განვითარებული მოვლენები და $145-მილიარდიანი ვარდნა იმაზე მიუთითებს, რომ ინვესტორებს Hindenburg-ის არგუმენტები უფრო მყარად მიაჩნიათ.

ადანის გამდიდრების ისტორიასთან დაკავშირებით არაერთი კითხვისნიშანი აქამდეც ყოფილა, რაც სწორედ მისი დაუჯერებელი წარმატებითაა განპირობებული. ადანის წარმოუდგენელი ტემპით გამდიდრება რიგი ფაქტორებითაა განპირობებული, თუმცა მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ბირჟაზე ენერგორესურსების, კერძოდ, ბუნებრივი აირისა და ქვანახშირის გაძვირებაა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინდოელი ბიზნესმენის სიმდიდრის წყარო მრავალპროფილური კონგლომერატი Adani Group-ია, რომელიც ინფრასტრუქტურულ, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ, საწარმოების, სამთო მოპოვების, აეროპორტებისა და საზღვაო პორტების სფეროებშია წარმოდგენილი. მიუხედავად საკმაოდ დივერსიფიცირებული პორტფელისა, ადანის უმთავრეს შემოსავლის წყაროს ენერგორესურსები წარმოადგენს.

Adani Group-ი მსოფლიოს უმსხვილესი ქვანახშირის მომპოვებელი კერძო კომპანიაა, რომელიც ინდოეთის მასშტაბით 60-მდე საბადოს აკონტროლებს. ადანის კომპანიის კოლოსალურ მასშტაბებზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ Adani Group-ზე ქვანახშირის მოპოვებასთან დაკავშირებული გლობალური ემისიების თითქმის 3% მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ გაუტამ ადანის მფლობელობაში არსებული კონგლომერატი უფრო მეტად აბინძურებს დედამიწას, ვიდრე სახელმწიფოების სრული უმრავლესობა.

2020 წლის შემდეგ, ქვანახშირის მოპოვებასთან დაკავშირებული რეპუტაციული ლაქა ადანისთვის განსაკუთრებით ყურადსაღები აღმოჩნდა და ინდოელმა ბიზნესმენმა საკმაოდ აგრესიული „მწვანე“ პოლიტიკის გატარება გადაწყვიტა. მან მიზნად დაისახა, Adani Group-ი მსოფლიოს მასშტაბით განახლებადი ენერგიის უმსხვილესი მწარმოებელი გამხდარიყო და ამ მიმართულებით კომპანიამ რამდენიმე მრავალმილიარდიანი საინვესტიციო პროექტიც მოამზადა.

მიუხედავად იმისა, რომ ადანი აქტიურად ცდილობს კომპანიის რეპუტაციის გაუმჯობესებას, რათა ის კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი გახადოს გლობალური ინვესტორებისთვის, ის აგრეთვე მნიშვნელოვნად ზრდის ქვანახშირისა და ბუნებრივი აირის მოპოვების ტემპის, რაც ახალი საბადოებისა და ჭაბურღილების ამოქმედებით გამოიხატება.

გლობალური ბიზნესიმპერიის შექმნამდე, ადანი ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის საქონლის იმპორტითა და ექსპორტით იყო დაკავებული. მცირე ბიზნესი რამდენიმე წელიწადში საკმაოდ მაღალშემოსავლიან კომპანიად, Adani Enterprise-ად იქცა.

ადანის წარმატების რეალური ისტორია 1990-იან წლებში ინდოეთში მასშტაბური ეკონომიკური რეფორმების დაწყებას უკავშირდება. პირადი კონტაქტებისა და, სავარაუდოდ, კორუფციული გარიგებების წყალობით, მთავრობის ეკონომიკური ლიბერალიზაციისა და პრივატიზაციის პოლიტიკა ზედმიწევნით ზუსტად მოერგო ადანის კომპანიის ინტერესებს და რამდენიმე წელიწადში მისი მასშტაბები მკვეთრად გაიზარდა.

1995 წელს Adani Group-მა გუჯარათის შტატის საჯარო ტენდერი მოიგო და ის ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო პორტის ოპერატორი გახდა. მას შემდეგ, კომპანიის გაფართოება ლოგისტიკური და სატრანსპორტო მიმართულებით გაგრძელდა, ამჟამად კი Adani Group-ი ინდოეთის უმსხვილეს აეროპორტებს, სატრანსპორტო ცენტრებს, საზღვაო პორტებსა და ტერმინალებს ფლობს.

2000 წლიდან გაუტამ ადანის კავშირები მთავრობის წევრებთან მნიშვნელოვნად გამყარდა, ამის პარალელურად კი გაიზარდა Adani Group-ის მიერ სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვების სიხშირე.

ადანის ყველაზე მნიშვნელოვან სოციალურ კაპიტალად პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისთან არსებული მჭიდრო კავშირი უნდა ჩაითვალოს. კარიერული და პოლიტიკური კრიზისის დროს, ადანიმ სერიოზული მატერიალური და რეპუტაციული მხარდაჭერა გაუწია ნარენდრა მოდის, რის გამოც ის დღემდე ადანის მთავარ მოკავშირედ რჩება.

მილიარდერების რეიტინგში ადანის გამოჩენა პირდაპირ კავშირშია 2014 წელს ინდოეთის პრემიერ-მინისტრად მოდის არჩევასთან. მას შემდეგ, Adani Group-ის გაფართოების ტემპი არნახული ტემპით გაიზარდა, ჰოლდინგის ქვეშ მოქცეული შვილობილი კომპანიების რაოდენობამ ასს გადააჭარბა. სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვების ტენდენცია კი საეჭვოდან აშკარა მიკერძოებაში გადაიზარდა, ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი კი გამოცილების გარეშე მასშტაბურ საავიაციო ტენდერში გამარჯვების შემთხვევაა, რასაც საზოგადოების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

Adani Group-ის ქოლგის ქვეშ ამჟამად 6 მსხვილი კომპანიაა, საფონდო ბირჟაზე მათი აქციების ზრდის ტენდენციას კი რთულია რეალისტური ვუწოდოთ. ხუთწლიან ჭრილში Adani Enterprise-ის ღირებულება 2,500%-ითაა გაზრდილი.

ბუნებრივია, Adani Group-ის ინვესტორებს კარგად ესმით, რომ ადანის წარმატების ისტორია სამთავრობო კავშირებითა და მრავალმილიარდიან სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებითაა განპირობებული, თუმცა Hindenburg-ის ანალიტიკოსებმა ნათელი ადანის ბიზნესიმპერიის იმ ბნელ მხარესაც მოჰფინეს, რომლის არსებობის შესახებაც მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, კვლევითი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები კი, როგორც ჩანს, საკმარისი აღმოჩნდა ერთ დროს ინდოეთის ბიზნესიმპერიის ტიტანად აღიარებული გაუტამ ადანის ტახტიდან ჩამოსაგდებად.