მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ფერდზე ახალი ნაპრალები გაჩნდა, რაც არასწორია - ბენდელიანი

605601b4b2789
თელარა გელანტია
20.03.21 18:05
1120
თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ფერდზე გაჩნდა ახალი ნაპრალები. მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ რიგი ექსპერტების მიერ მიზანმიმართულად ხდება არასწორი ინფორმაციის გავრცელება. ამის შესახებ მან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდზე მეწყრული პროცესის მიმდინარეობის, მერიის მიერ მიღებული ზომებისა და დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევა-პროექტირება, პარალელურად კი, სპეციალურად შექმნილი ჯგუფის მიერ ხორციელდება 24-საათიანი მონიტორინგი. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ფერდზე გაჩნდა ახალი ნაპრალები. ამასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელი გააკეთებს განმარტებას. სამწუხაროა, რომ რიგი ექსპერტების მიერ მიზანმიმართულად ხდება არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რომლის მიზანიც არის საზოგადოების დეზინფორმირება და მოსახლეობაში პანიკის დათესვა“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, ამ დროისთვის ადგილზე როგორც მონიტორინგი, ასევე, კვლევის სამუშაოები მიმდინარეობს.

„დღეს კიდევ ერთი განცხადება მოვისმინეთ, თითქოს თბილისის მერია ადგილზე მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევს დამოუკიდებელ ექსპერტებს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, როგორც მონიტორინგი, ისე კვლევის სამუშაოები არ შეწყვეტილა არც ერთი წუთით, სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც შედგება მაღალი რანგის სპეციალისტებისგან, მუშაობას უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს. რაც შეეხება გარე პირებს, მათი ადგილზე დაშვება შეზღუდულია, მხოლოდ და მხოლოდ, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, მომავალი კვირიდან პროცესში ჩაერთვებიან უცხოელი სპეციალისტები, რომლებიც შეისწავლიან მდგომარეობას, რის შემდეგაც კონკრეტული სამუშაოები დაიგეგმება.