მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გახარიასგან ველოდები ხარისხიანი ინვესტორების სიას, ვისაც ამ ქვეყანაში ფული ჩაადებინა“ - ხაზარაძე

60b5d4c421343
თელარა გელანტია
01.06.21 10:31
685
„სახელმწიფოს რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა და მამუკა ხაზარაძის ნაცვლად, სახელმწიფო პორტს ვერ ააშენებდა”, - ასე უპასუხა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ კითხვას, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს შეეხებოდა.

კითხვაზე - თვლის თუ არა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გაჩერებამ ქვეყნის ინტერესების მნიშვნელოვანი დაზიანება გამოიწვია და შეეძლო თუ არა მას, რაიმე გაეკეთებინა იმისთვის, რომ ანაკლიის პორტი არ გაჩერებულიყო, გახარია პასუხობს, რომ „კერძო ინვესტორმა ვალდებულებები ვერ შეასრულა“.

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ამ ქვეყანაში უნდა აშენდეს, სამწუხაროა, რომ ის პროექტი ჩაიშალა. ამ პროექტის ჩაშლის ძირითადი მიზანი უხარისხო ინვესტორი იყო, რომელმაც თავისი ვალდებულებები ვერ შეასრულა, ეს სიმართლეა, ეს ასეა. მე მაშინაც სიმართლეს ვამბობდი, ეს ობიქტური რეალობაა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საინვესტიციო ხელშეკრულება, რომ ნახოთ რამდენჯერ არის შეცვლილი, რა იყო მისი საწყისი პირობები საერთაშორისო ტენდერის და რა გახდა ბოლოს, ეს ყველაფერი დანარჩენი ლირიკა და თავის მართლებაა. ფაქტია ერთადერთი, რომ კერძო ინვესტორმა თავისი ვალდებულებები ვერ შეასრულა, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერა დამატებით გაიზარდა 4-ჯერ, თუ 5-ჯერ, არ მინდა ახლა ზუსტად აქ ციფრები, პროექტის დაწყების ეტაპი, საინვესტიციო კონტრაქტი დაახლოებით 10-ჯერ არის გადახედილი, რაც შეეძლო სახელმწიფოს, ყველაფერი გააკეთა და მამუკა ხაზარაძის ნაცვლად, სახელმწიფო პორტს ვერ ააშენებდა. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს სჭირდება და უნდა აშენდეს“, - განაცხადა გახარიამ.

ყოფილი პრემიერის ამ განცხადებას facebook-ზე გამოეხმაურა პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე. მან გახარიას მოუწოდა, დაასახელოს ხარისხიანი ინვესტორები ან ერთი ინვესტორი მაინც, რომელიც მოიზიდა.

„ანაკლიის პორტის ინვესტორები:

- ამერიკული Conti Group
- ამერიკული SSA Marine
- ჰოლანდიური Van Oord
- ბრიტანეთში რეგისტრირებული Wondernet Express LLP (შუააზიური ბიზნესი)
- ბულგარეთში რეგისტრირებული G Star
- ჰოლანდიელი კერძო ინვესტორი ბობ მეიერი
TBC ჰოლდინგი- საქართველო
EBRD. ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი
OPIC აშშ საინვესტიციო ბანკი
ADB აზიის განვითარების ბანკი
AIIB აზიის ინფრასტრუქტურის
საინვესტიციო ბანკი.
ინვესტირებული 75 მლ აშშ დოლარი, 400 მლნ საკრედიტო ხაზი!
ამათ გახარიამ უხარისხო ინვესტორები უწოდა.
ხარისხიანი ინვესტორების სიას ველოდები გახარიასგან, ვისაც ამ ქვეყანაში ფული ჩაადებინა... როგორც ეკონომიკის ან თუნდაც პრემიერ-მინისტრმა.
P.S. სია თუ არა ერთი ინვესტიცია დაასახელოს“, - წერს მამუკა ხაზარაძე.