ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მამუკა ხაზარაძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას პასუხობს, სადაც პოლიტიკური ლიდერი აცხადებს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ ანაკლიის პორტის იდეა მოკლა. ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ინვესტორმა, რომელმაც თავის დროზე აიღო ვალდებულება პორტის მშენებლობაზე ეს ვალდებულება ვერ შეასრულა და დღეს ახალი კონკურსის ჩატარება გვიწევს აღნიშნული პორტის მშენებლობის ნაწილში. სახელმწიფო ბიუჯეტში პროექტის დასაწყებად შესაბამისი თანხებია განსაზღვრული, მეორე ის არის, რომ უკვე მიმდინარე პროცესია და ვფიქრობ, ძალიან მალე დასრულდება ინვესტორის შერჩევა, ვინც აღნიშნულ პროექტს განახორციელებს. შესაბამისად გადადგმულია ნაბიჯები როგორც საბიუჯეტო, ასევე ინვესტორის შერჩევის კუთხით პროცესი მიმდინარეობს. ბუნებრივია თანხების დამატება სახელმწიფოს მხრიდან საჭირო იქნება და სახელმწიფო თანხებს იმის პროპორციულად დახარჯავს, რა ვალდებულებებიც ექნება ინვესტორს.
როდესაც ვსაუბრობთ - რა კეთდება ანაკლიის პორტთან მიმართებით ერთია სახელმწიფოს ნაწილი და ის დაფინანსება, რომელიც ჩადებულია და მეორეა ინვესტორის მხარე, რომელიც იმის გამო რომ წინა ინვესტორმა ვერ შეასრულა ვალდებულებები მოვედით აქ, სადაც მოვედით - მიმდინარეობს ინვესტორის შერჩევა, რაც დასრულდება და სამუშაო პროცესიც დაიწყება. ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო კიდევ სხვა პროექტების განხორციელებას მოიაზრებს, როგორიცაა საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა. ვერ გავიზიარებ მოსაზრებას, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით არ კეთდება ის მაქსიმუმი, რის გაკეთებაც შესაძლებელია.
კონკურსს თავისი პირობები აქვს და რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს და ამას იმდენი დრო სჭირდება, რაც საერთაშორისო ტენდერის ჩატარებას“, - განაცხადა ხუციშვილმა.