მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ანაკლიის ინვესტორს ტვირთბრუნვის რისკს არ დაუზღვევს - ფინანსთა მინისტრი

645391e41e5bb
შოთა ტყეშელაშვილი
04.05.23 15:29
992
ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, ანაკლიის პორტის თაობაზე მიმდინარე ინტერესთა გამოხატვის შესახებ გადაცემა “ანალიტიკას” კითხვებს უპასუხა. შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ საქართველოს მთავრობამ პროექტის გენერალური კონტრაქტორის შესარჩევად ახალი ტენდერი გამოაცხადა.

პარალელურად, გრძელდება ორი საარბიტრაჟო დავა პროექტის წინა ინვესტორთან, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან”, რომელიც მიუთითებს, რომ მთავრობის დესტრუქციული ქმედებების გამო მათ პროექტის განვითარების შესაძლებლობა წაერთვათ.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ინტერესთა გამოხატვით მთავრობა ეძებს გამოცდილ ინვესტორს, რომელსაც ექნება შესაბამისი ფინანსური და ორგანიზაციული შესაძლებლობა ააშენოს, მართოს და მოიზიდოს ტვირთები ახალ სატრანსპორტო დერეფანში. გადაცემა “ანალიტიკას” კითხვაზე დაუზღვევს თუ არა მთავრობა ინვესტორს ტვირთბრუნვის რისკს, ფინანსთა მინისტრი პასუხობს, რომ ეს რისკი სრულად ინვესტორის მიერ იქნება ასაღები.

“როგორც იცით, ინტერესთა გამოხატვა არის გამოცხადებული და ჯერ უნდა მოვისმინოთ წინადადებები იმ კომპანიების მხრიდან, რომლებიც გეგმავენ რომ შემოვიდნენ ამ ტენდერში.

მნიშვნელოვანია, რომ ოპერატორი, რომელიც საბოლოოდ იქნება შერჩეული, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს შესაბამისი გამოცდილება და რესურსები იმისთვის, რომ მან მოიზიდოს ტვირთები, რომლებმაც ამ პორტში უნდა გაიაროს,”- ამბობს ფინანსთა მინისტრი.

კომერციული რისკი ინვესტორზე უნდა გადავიდეს?

“ეს ერთადერთი რისკია, რომელიც მან უნდა აიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ოპერატორი ვერ იძლევა ტვირთების ტრეფიკის გარანტიას, მაშინ აზრს კარგავს გვყავდეს კერძო ოპერატორი აქ, მაშინ როდესაც სახელმწიფოს შეუძლია ორჯერ უფრო ნაკლებ პროცენტში მოიზიდოს საკრედიტო დაფინანსება, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან, ვიდრე ამას შეძლებს კერძო სექტორი.

მნიშვნელოვანია, რომ ოპერატორი ვინც იქნება შერჩეული იყოს მაღალი რეპუტაციის, ჰქონდეს ძალიან დიდი გამოცდილება და შეძლოს ის, რომ ტვირთები მოიტანოს სატრანსპორტო კორიდორში. შეიძლება ტვირთების მოტანა იმდენად დიდი პრობლემა არ იყოს, რადგანაც მოხდა ტვირთების გადმონაცვლება ჩრდილოეთის დერეფნიდან ე.წ. შუა კორიდორში, თუმცა როდესაც ხდება ინვესტიციის გაკეთება, რომელიც გათვლილია 30-40 წელზე, მნიშვნელოვანია არამხოლოდ დღეს არსებული მდგომარეობის შეფასება, არამედ ტვირთების გრძელვადიანი შენარჩუნება.

როდესაც ვსაუბრობთ კორიდორზე, მხოლოდ ერთი ქვეყნის გამართულად ფუნქციონირება. მნიშვნელოვანია რომ კორიდორის მონაწილე ყველა ქვეყანა, ძალიან შეთანხმებულად და კოორდინირებულად ფუნქციონირებდეს, როგორც ტარიფებთან მიმართებით, ასევე პროცედურებთან მიმართებით. ორივე ძალიან მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ ეს კორიდორი ეკონომიკურად ბევრად უფრო მეტად მდგრადია. ანუ უფრო მიმზიდველი და მომგებიანიცაა,”- პასუხობს ფინანსთა მინისტრი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები