მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაზი პურის მწარმოებლებისთვისაც ძვირდება

62962e7db9d4a
ვიქტორია მღებრიშვილი
31.05.22 19:17
1165
თბილისსა და რეგიონებში არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის გაზი 1 ივლისიდან გაძვირდება. ინფორმაციას ამის შესახებ გაზის მიმწოდებელმა კომპანიებმა დღეს გაავრცელეს, თუმცა მათ განცხადებებში აღნიშნული არ იყო, გაძვირდებოდა თუ არ ბუნებრივი აირი პურის მწარმოებლებისთვის.

უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წლებში გაზის მიმწოდებელი კომპანიების მიერ, ბუნებრივი აირის ფასის კორექტირება პურის საცხობებსა და მწარმოებლებზე არ ვრცელდებოდა. აქედან გამომდინარე BM.GE-მ ამ საკითხის გარკვევისთვის „თბილისი ენერჯის“ და „სოკარ ჯორჯია გაზს“ მიმართა.

კომპანიებში ადასტურებენ, რომ სხვა კომერციული ობიექტების მსგავსად, გაზის ტარიფი პურის მწარმოებლებისთვისაც გაიზრდება.

„მოსახლეობის გარდა, ყველა სხვა მომხმარებელს გაზის ღირებულება 1.35 თეთრი იქნება. გასულ წლებში კომერციული სექტორისთვის ბუნებრივი აირის გაძვირებისას, პურის მწარმოებლებისთვის ფასი, რომ არ იცვლებოდა, ეს კომპანიის სუბსიდირების ხარჯზე ხდებოდა და კომპანია საკუთარი სახსრების საშუალებით, შეღავათის დაწესებას სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილში ახდენდა. დღეს შესასყიდი არასაყოფაცხოვრებო გაზის ღირებულება იმდენად გაზრდილია, რომ ფიზიკურად ფასის შენარჩუნება შეუძლებელია“, - განაცხადა „თბილისი ენერჯის“ კომერციულმა დირექტორმა ედიშერ ხორავამ.

„სოკარ ჯორჯია გაზში“ კი აცხადებენ, რომ მეპურეებისთვის ბუნებრივი აირის გაძვირების მიუხედავად, რეგიონებში მოქმედი პურის მწარმოებლები, სხვა კომერციულ ობიექტებთან შედარებით დაბალი ტარიფით ისარგებლებენ.

„რეგიონებში ბუნებრივი აირის ფასის ზრდა ყველა სახის ბიზნეს შეეხება, მათ შორის პურის მწარმოებლებსაც. სამწუხაროდ, ძველი ტარიფის შენარჩუნება მათთვის ვერ მოხერხდა, თუმცა მეპურეები უფრო დაბალი ფასით ისარგებლებენ, ვიდრე სხვა კომერციული ობიექტები. 1 ივლისიდან პურის საცხობებისთვის ერთი კუბური მეტრი გაზის ღირებულება 95 თეთრის ნაცვლად 1.15 თეთრი იქნება“, - განმარტეს „სოკარ ჯორჯია გაზში“.

შეგახსენებთ, რომ თბილისში მოქმედი ბიზნესისთვის 1 ივლისიდან გაზი 25 თეთრი გაძვირდება და ერთ კუბური მეტრი გაზის ფასი 1.35 ლარი გახდება, ხოლო რეგიონებში ფასი 23 თეთრით გაიზრდება და კომერციული აბონენტები ერთ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში 1.15 ლარის ნაცვლად 1.38 ლარს გადაიხდიან.