26.სექტემბერი .2022 13:32

გაზრდილი ინფლაციის გამო, წელს ბიუჯეტში 350 მილიონით მეტი დღგ შევა

გაზრდილი ინფლაციის გამო, წელს ბიუჯეტში 350 მილიონით მეტი დღგ შევა
views 520
უკან

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაციის გამო წელს სახელმწიფო ბიუჯეტში 350 მილიონი ლარით მეტი დღგ-ს გადასახადი შევა. საქმე იმაშია, რომ ქვეყანაში რეალიზებული საქონლისა და მომსახურების ფასებში 18% დამატებული ღირებულების გადასახადზე მოდის. თუკი კომპანია ან მაღაზია საკუთარი პროიდუქტის ფასს ზრდის, იზრდება მასზე დაკისრებული დღგ-ს ზომაც, რასაც მომხმარებელი იხდის.

2022 წლის თავდაპირველი ბიუჯეტით მთავრობა წელს 5.4 მილიარდი ლარის დღგ-ს აკრეფას გეგმავდა, თუმცა განახლებული ბიუჯეტის პროექტით, ამ გადასახადის გეგმა 530 მილიონი ლარით იზრდება. გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ზრდის ძირითადი მდგენელი სწორედ ინფლაციაა.

“მოგებისა და აქციზის გადასახადებს ამჟამად ინფლაციაზე არ აქვს გავლენა. გადასახადი, რომელზეც მოქმედებს ინფლაცია არის დამატებული ღირებულების გადასახადი. დღგ იზრდება დაახლოებით 530 მილიონი ლარით და აქედან ინფლაციის წილი არის დაახლოებით 350 მილიონი ლარი,”- განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ.

დამატებული ღირებულების გადასახადში ინფლაციის წვლილზე ფინანსთა მინისტრის მოადგილეს კითხვა დეპუტატმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა დაუსვა.

მთლიანობაში 2022 წლის ბიუჯეტში საგადასახადო გეგმა 1 მილიარდი ლარით იზრდება და ის 14.5 მილიარდ ლარს აღწევს.

როგორ იცვლება ბიუჯეტის საგადასახადო გეგმა:

• დღგ - 5.8 მილიარდი ლარი, მატება 428 მლნ, ზრდა 8%;
• საშემოსავლო გადასახადი - 4.6 მილიარდი ლარი, მატება 291 მლნ, ზრდა 7%;
• მოგების გადასახადი - 1.8 მილიარდი ლარი, მატება 209 მლნ ლარი, ზრდა 13%;
• აქციზი - 2 მილიარდი ლარი, მატება 95 მლნ ლარი, ზრდა 5%.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა