მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10 რისკი, რომელიც 2022 წელს მსოფლიოს ეკონომიკას ემუქრება - The Economist

617977c4ed857
შოთა ტყეშელაშვილი
28.10.21 00:15
1499
ბრიტანულმა გამოცემა ეკონომისტმა 2022 წლისთვის გლობალური რისკების პროგნოზი განაახლა. ორგანიზაციის შეფასებით, გამოკვეთილია 10 რისკი, რომელსაც მსოფლიოს ეკონომიკურ ზრდასა და ინფლაციაზე შეუძლიათ გავლენის მოხდენა. ამ რისკების უმეტესობა აზიას და აშშ-ჩინეთის ურთიერთობებს უკავშირდება.

10 გლობალური რისკი 2022 წლისთვის:

1) აშშ-ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობების გაუარესება, რომელსაც გლობალური ეკონომიკის გაყოფა შეუძლია

The Economist-ის შეფასებით, მხარეთა შორის მკვეთრი დაძაბულობის შემთხვევაში, მსოფლიოს მიწოდების ჯაჭვები კრიზისულ მდგომარეობაში აღმოჩნდება და ქვეყნებს შეიძლება არჩევანის გაკეთება მოუწიოთ აშშ-ის მხარდამჭერ ეკონომიკურ ბლოკში შედიან თუ ჩინეთის მხარდამჭერ ბლოკში. კომპანიებს წარმოების ჯაჭვების სრული გადაწყობა შეიძლება დასჭირდეთ.

2) მოულოდნელად მკაცრ მონეტარულ გამკაცრებას აშშ-ში საფონდო ბირჟის ვარდნა შეიძლება მოჰყვეს

2021 წლის განმავლობაში მსოფლიოში, ისევე როგორც აშშ-ში, ინფლაცია მკვეთრად გაიზარდა. იმ შემთხვევაში თუკი აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა (FED) მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს სწრაფად გაზრდის, ამას შესაძლოა საფონდო ბაზარზე ძვრები მოჰყვეს და კომპანიების აქციების ფასები შემცირდეს. ხოლო აშშ-ში მოსახლეობისა და ბიზნესებისთვის კრედიტის ღირებულება გაძვირდეს, რაც მოხმარების შემცირებაში აისახება.

3) უძრავი ქონების ბაზრის კრახი ჩინეთში და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის შენელება

The Economist-ის შეფასებით, ისეთი ჩინური გიგანტების მოსალოდნელი დეფოლტი, როგორიცაა Evergrande-ი, რომელსაც 300 მილიარდი დოლარის ობლიგაციები აქვს გამოშვებული, შეიძლება ქვეყანაში უფრო ფართო პროცესებში გადაიზარდოს, მათ შორის დაეცეს უძრავი ქონების ფასები და გახშირდეს დეფოლტები. The Economist-ის შეფასებით, ამ შემთხვევაში ჩინეთის მთავრობას კომპანიების დეფოლტისგან გადასარჩენად შეიძლება რესურსები არ ეყოს, რის შედეგადაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდა შეიძლება 6-7%-მდე შემცირდეს.

4) განვითარებად ბაზრებზე ფინანსური მდგომარეობის გაუარესება, რამაც მათი ზრდა შეიძლება შეანელოს

The Economist-ის შეფასებით, იმ შემთხვევაში თუკი ისეთ განვითარებად ქვეყნებში, როგორიცაა რუსეთი, უკრაინა, მექსიკა, ბრაზილია, შრი-ლანკა და სხვა, გაზრდილი ინფლაციის საპასუხოდ მნიშვნელოვნად გამკაცრდება მონეტარული პოლიტიკა, ამან განვითარებადი ქვეყნების განვითარების ტემპები შეიძლება შეანელოს. ამასთან, ეკონომისტი ხედავს სავალუტო კრიზისის რისკებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა არგენტინა და თურქეთი.

5) COVID-19-ის ახალი ვარიანტების გამოჩენა, რომლებიც ვაქცინების მიმართ უფრო რეზისტენტულები არიან

“დელტა” და “მიუ” ვარიანტების გარდაქმნამ ან მათ გარდა ვაქცინების მიმართ უფრო რეზისტენტული ახალი ვარიანტების გამოჩენამ მსოფლიოში არსებული ჯანდაცვის კრიზისის დამძიმება შეიძლება გამოიწვიოს. აღნიშნულის გამო, COVID-19-ის ვაქცინების მუდმივი განახლება შეიძლება გახდეს საჭირო.

6) მასშტაბურმა სოციალურმა დაძაბულობამ გლობალური ზრდა შეიძლება შეაფერხოს

The Economist-ის შეფასებით, ქვეყნებში, რომლებშიც უკვე არსებობს დაძაბული პოლიტიკური ვითარება, განსაკუთრებულად შეიძლება გართულდეს სიტუაცია, რასაც პანდემიით მძიმედ დაზარალებული ქვეყნებიც შეიძლება დაემატონ. საუბარია ლათინური ამერიკის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ქვეყნებზე. ეს კი თავის მხრივ, შეიძლება ამ ქვეყნების მიმართ ინვესტორთა ნდობის შემცირებაში აისახოს, რაც მათ ზრდას შეაფერხებს.

7) ჩინეთსა და ტაივანს შორის სამხედრო დაპირისპირება, რომელშიც აშშ-იც შეიძლება ჩაერთოს

The Economist-ის შეფასებით, ტაივანსა და აშშ-ს შორის სამხედრო ურთიერთობების დაახლოების და ჩინეთის მხრიდან რიტორიკის გამკაცრების ფონზე, არსებობს რისკი, რომ დაძაბულობამ სამხედრო სახეც მიიღოს. ორგანიზაციის შეფასებით, სამხედრო წვრთნებმა და ჩინეთის მიერ ტაივანის საჰაერო სივრცის გახშირებულმა დარღვევებმა მხარეები შემთხვევითი ესკალაციის წინაშე შეიძლება მიიყვანოს. ტაივან-ჩინეთის კონფლიქტს კი ტაივანის ეკონომიკის ჩამოშლა მოჰყვეს.

8) ევროკავშირსა და ჩინეთს შორის ურთიერთობათა გაუარესება

ქსინჯიანის პროვინციაში ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტების გამო, ასევე ჰონკონგში არსებული პროცესების გათვალისწინებით, ევროკავშირმა ჩინეთის წინააღმდეგ სანქციები შეიძლება დააწესოს, რაც EU-ჩინეთის ურთიერთობების მკვეთრ გაუარესებას გამოიწვევს. აღნიშნულის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ჩინეთი ევროკავშირის კომპანიების მიმართ ასევე გაატარებს საპასუხო ზომებს.

9) ძლიერი გვალვის გამო, შესაძლოა შიმშილი დაიწყოს

კლიმატის ცვლილების გამო, საკვების უმსხვილეს მწარმოებელ ქვეყნებში (კანადა, აშშ, ბრაზილია და სხვა) შესაძლოა მოსავალი მკვეთრად შემცირდეს, რაც მსოფლიოში სურსათის დეფიციტში, ფასების მკვეთრ ზრდასა და კონკრეტულ რეგიონებში შიმშილში შეიძლება გადაიზარდოს.

10) საერთაშორისო კიბერთავდასხმებმა მწყობრიდან მსოფლიოს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურები შეიძლება გამოიყვანოს 

The Economist-ის შეფასებით, აშშ-ს, ჩინეთსა და რუსეთს შორის მკვეთრად გაუარესებული ურთიერთობები სამხედრო დაპირისპირების ნაცვლად, ფარულ დივერსიულ მოქმედებებში შეიძლება გადაიზარდოს, რასაც მსოფლიოს მასშტაბით მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის კიბერ-დაზიანება შეიძლება მოჰყვეს. საუბარია ისეთი ქსელების კიბერთავდასხმაზე, როგორიცაა ელექტროსისტემა, მილსადენები და სხვა.