ჩინეთის ეკონომიკა 21-ე საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე მზარდია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით ჩინეთის ეკონომიკა მსოფლიოში მეორეა ამერიკის შემდეგ და გლობალური ეკონომიკის 18%-ს შეადგენს. მიუხედავად ამისა ჩინეთი ვეღარ ახერხებს ახალი ინვესტორების მოზიდვას და აქტიური ინვესტორების რიცხვიც მცირდება.
ჩინეთში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უარყოფითი მაჩვენებელი 1998 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა. სახელმწიფო გაცვლითი კურსის ადმინისტრაციის(SAFE) 27 სექტემბერს გამოქვეყნებულ მონაცემებში ჩანს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მკვეთრი ვარდნა. 2023 წლის მესამე კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა მინუს 11.8 მილიარდი დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2022 წლის ამავე კვარტალში ეს მონაცემი 14.1 მილიარდი დოლარი იყო. OECD-ის წლევანდელი მონაცემებით კი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2023 წლის პირველ კვარტალში 25%-ით დაბალი იყო წინა წელთან შედარებით.ბრიტანულ-ამერიკული ანალიტიკური კომპანია Refinitive Eikon-ის ინფორმაციით, მოსალოდნელია მსგავსი ტრენდის შენარჩუნება და კომპანიების მიერ კაპიტალი გატანა.
ჩნდება კითხვა, რამ განაპირობა პირდაპირი ინვესტიციების შემცირება? ამ კითხვას რამდენიმე პასუხი აქვს. პირველი და შედარებით უფრო მკაფიო მიზეზი არის გეოპოლიტიკური. ამერიკის, ევროპასა და ჩინეთს შორის დაძაბული ურთიერთობა 2022 წლიდან მოყოლებული აშკარად შესამჩნევია და იქიდან გამომდინარე, რომ დასავლეთის ეკონომიკის დიდი ნაწილი დამოკიდებული იყო ჩინეთზე და პირიქით, ამერიკამ მოუწოდა კომპანიებს რომ ბაზრების დივერსიფიკაცია მოეხდინათ და ჩინეთის ბაზარზე ნაკლებად ყოფილიყვნენ დამოკიდებული, განსაკუთრებით კი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სექტორებში. ამ მოწოდების ერთადერთი მიზეზი გეოპოლიტიკური დაძაბულობა არ ყოფილა. ჩინეთის ბაზარი არის არასტაბილური და მასში ოპერირება სხვადასხვა რისკთან არის დაკავშირებული. ამაზე მეტყველებს ჩინეთიდან ექსპორტის მაჩვენებელიც, რაც ივლისში 14.5%-ით შემცირდა.
აშშ-ს პოლიტიკური მოწოდების გარეშეც მოსალოდნელი იყო პირდაპირი ინვესტიციების შემცირება. Capital Economics-ის ჩინეთის ბიუროს ხელმძღვანელის ჯულიან ევანს-პრიჩარდის თქმით, ინვესტიციების შემცირების და ქვეყნიდან ფულადი კაპიტალის გატანის ერთ-ერთი მიზეზი საპროცენტო განაკვეთებს შორის დიდი სხვაობა შეიძლება იყოს. ჩინეთში საპროცენტო განაკვეთი სხვა ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ დაბალია, გარდა ამისა საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობის ზრდას ხელი შეუწყო აშშ-ს ფედერალური ბანკისა და ევროპის ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკების გამკაცრებამ და შესაბამისად საპროცენტო განაკვეთის ზრდამ. დასავლეთის ქვეყნების ამ ნაბიჯმა კიდევ უფრო მეტად გააუფასურა ჩინეთის ფასიანი ქაღალდები და ინვესტორები, რომლებიც მზად არიან ფულადი კაპიტალი დააბანდონ, ამას იმ ქვეყანაში გააკეთებენ სადაც უფრო მაღალი პოტენციური სარგებელია.
კიდევ ერთი მიზეზი რის გამოც შეიძლება ჩინეთის ბაზარი ნაკლებად მიმზიდველი იყოს ინვესტორებისთვის არის თავისუფლება, სახელმწიფოს მხრიდან ჩარევის და კონტროლის ზომა. ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები ჩინეთის ბაზარს, რომ ნაკლებად მიმზიდველს ხდის ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენას (CIIE) ევროკავშირის სავაჭრო პალატამ ფასადური უწოდა. პალატის ვიცე-პრეზიდენტმა კარლო დ’ანდრეას თქმით CIIE სინამდვილეში მიზნად ისახავდა ჩინეთის ბაზრის გახსნისა და რეფორმების ჩატარების სურვილის წარმოჩენას, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არაა და ამ მიმართულებით ნაბიჯები არ გადადგმულა.
თავის მხრივ ჩინეთის ხელისუფლება ცდილობს ამ ჩავარდნის აღმოფხვრას და ინვესტორების მოზიდვას. გასული თვის ბოლოს ჩინეთმა გამოსცა 1 ტრილიოონი იუანის ღირებულების ობლიგაციები, რომლებიც მიმართა ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად. ჩინეთის სამთავრობო ფონდმა ქვეყნის დაქვეითებული საბაზრო აქციები იყიდა რათა საფონდო ბირჟა უფრო აქტიური და ინვესტორებისთვის მიმზიდველი ყოფილიყო. ჩინეთის მთავრობამ დამატებით შეარბილა კაპიტალური კონტროლი ჩინეთის ორ უდიდეს ქალაქში - პეკინსა და შანხაიში. პარალელურად კი ჩინეთის სახალხო ბანკი მოლაპარაკებებს აწარმოებს მსხვილ დასავლურ კომპანიებთან და მათ ჰპირდება საფინანსო ბაზრების გახსნას და ბაზრის ოპტიმიზირებას, მაგრამ გლობალური ინვესტორები კვლავ სიფრთხილეს იჩენენ და ინვესტიციების გაფართოებას არ ჩქარობენ. კომპანია Vanguard-მა კი საერთოდ გაყიდა წილები და გავიდა ჩინეთის ბაზრიდან, რაც მეტყველებს რომ ოფიციალური პეკინის ნაბიჯები ჯერჯერობით ინვესტორებისთვის ნაკლებად დამაიმედებელია.