მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანია EU-ს არაწევრ 11 ქვეყანას საზღვარს უხსნის, მათ შორის საქართველოცაა

5efc99f394fdf
ნათია თაქთაქიშვილი
01.07.20 18:21
1970
დღეს, გერმანიის ფედერალური მთავრობის კაბინეტმა ე.წ. მესამე ქვეყნებისთვის მოგზაურობასთან დაკავშირებული აკრძალვების ეტაპობრივ შემსუბუქებაზე გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია გერმანიის მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.

გერმანია საზღვრებს ევროკავშირის არაწევრი 11 ქვეყნისთვის ხსნის; მათ შორის არის საქართველოც.

1. ავსტრალია
2. საქართველო
3. იაპონია
4. კანადა
5. მონტენეგრო
6. ახალი ზელანდია
7. სამხრეთ კორეა
8. ტაილანდი
9. ტუნისია
10. ურუგვაი
11. ჩინეთი.

აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეები გერმანიაში შესვლას ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე შეძლებენ. რაც შეეხება იაპონიას, სამხრეთ კორეას და ჩინეთს, მათთვის საზღვრები მხოლოდ მას შემდეგ გაიხსნება, რაც ოფიციალური ტოკიო, სეული და პეკინი გერმანიის მოქალაქეებს გაუხსნიან საზღვრებს.

ამას გარდა, რაც შეეხება ევროკავშირის რეკომენდაციაში მითითებულ კიდევ ოთხ ქვეყანას - ალჟირს, მაროკოს, რუანდას და სერბეთს, მათი მოქალაქეებისთვის საზღვრების გახსნას გერმანია, ჯერჯერობით, არ აპირებს.

ასევე, გერმანიის მთავრობა აქვეყნებს იმ გარემოებების ჩამონათვალს, რომელიც მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის დამატებითი შესაძლებლობა იქნება:

• თუ მათ აქვთ ცხოვრების უფლება გერმანიაში;
• თუ ჯანდაცვის სფეროში მომუშავე პირები არიან;
• კვალიფიციური მუშახელი;
• სატრანსპრტო ქსელში მომუშავე პროფესიონალი მუშახელი;
• სოფლის მეურნეობის სეზონური მუშაკები;
• მეზღვაურები;
• უცხოელი სტუდენტები;
• ოჯახის წევრების მონახულების მიზნით ჩასული მოქალაქეები;
• დიპლომატები;
• პირები, რომლებიც საერთაშორისო თავშესაფარს ეძებენ გარკვეული მიზეზების გამო.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად დაასახელა უსაფრთხო ქვეყნების სია და რეკომენდაცია მისცა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ პირველი ივლისიდან ამ ქვეყნების მოქალაქეებს შესვლის ნებართვა მისცენ. 14 უსაფრთხო ქვეყანას შორის საქართველოც მოხვდა.