07.დეკემბერი .2021 13:36

გერმანიაში, REWE-ის ქსელში წლიურად 500 000 რაჭული ნაძვი იყიდება - Fair Trees Fund

გერმანიაში, REWE-ის ქსელში წლიურად 500 000 რაჭული ნაძვი იყიდება - Fair Trees Fund
views 2568
უკან

გერმანიაში საცალო გაყიდვის ქსელ REWE-ში წლიურად საშობაოდ 0.5 მლნ რაჭული ნაძვი იყიდება - ამის შესახებ BM.GE-ის Fair Trees Fund-ის პროექტების განვითარებისა და მართვის ხელმძღვანელმა ჟანა ბაბუნაშვილმა განუცხადა.

საქმე ის არის, რომ დანიურმა კომპანიამ Fair Trees-მა 2007 წლიდან „სამართლიანი ნაძვების ფონდი“ (Fair Trees Fund) დაარსა და რაჭიდან, კონკრეტულად კი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელი თლუღის სატყეო უბნიდან კავკასიური სოჭის თესლის დანიაში გატანა, ადგილობრივ ფერმერებთან თანამშრომლობით გაშენება და ევროპის ბაზარზე ქსელებთან თანამშრომლობით რეალიზება დაიწყო.





ჟანა ბაბუნაშვილი BM.GE-სთან საუბრისას განმარტავს, რომ რაჭული სოჭი თანამედროვე მსოფლიოში Fair Trade მარკით იყიდება, რაც ნიშნავს იმას, რომ კომპანია სოჭის რეალიზებას ყველაზე მორალური და ეთიკური მარკით ახორციელებს. მისი თქმით, ბაზარზე არსებული 45 მლნ ნაძვიდან 90% რაჭული ნაძვია.

„დანიური კომპანია ლიცენზიით რაჭაში კავკასიური სოჭის თესლს მოიპოვებს, რომელიც სექტემბერში ბუნებრივი მეთოდით იკრიფება და დეკემბერში, როდესაც თესლი კარგად გამოშრება დანიაში იგზავნება. თესლის მოკრეფისას 10 ადგილობრივი საქმდება, რომლებსაც სპეციალური ტრენინგები აქვთ გავლილი. იმ შემთხვევაში თუ კლიმატური პირობები ხელს შეგვიწყობს წლიურად 5 ტონა გირჩის გაგვაქვს, საიდანაც თესლი 10%-ია. 1 კგ თესლიდან კი გაღვივებას და ნერგად გადაქცევას 3-5 ათასი ცალი შეძლებს, მაგრამ ნაძვის ხემდე მხოლოდ 50% აღწევს. ზოგადად, დანიაში მთელი ევროპისთვის ხდება კავკასიური სოჭის გამრავლება და მთელს ევროპაში არის ინფორმაცია, რომ ეს დანიური ნაძვის ხეებია, მაშინ როდესაც ეს კავკასიური ჯიშია.





ამ ბაზარზე კონკურენცია ძალიან დიდია და ჩვენი კომპანია ერთ-ერთი მცირე კომპანიაა, რომელიც რაჭულ სოჭს გერმანიაში, საფრანგეთში, ბელგიაში, ჰოლანდიასა და პორტუგალიაში ყიდის. აქედან გერმანია ერთ-ერთი დიდი ბაზარია ჩვენთვის, რადგან ადგილობრივებს ამ სტილის ნაძვის ხეები მოსწონთ. სწორედ გერმანიაში ჰიპერმარკეტების ქსელ REWE-ში ყოველწლიურად ჩვენი კომპანიის 500 000 ცალი რაჭული სოჭი იყიდება. 1 -1.2 მეტრის ნაძვის ღირებულება 35-40 ევროა. შედეგად, ნაძვის ხეების მილიარდიანი ინდუსტრია ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ რეგიონში - რაჭაში იწყება“, - განმარტავს ჟანა ბაბუნაშვილი.




ფონდის პროექტების მართვისა და განვითარების ხელმძღვანელი Fair Trade მარკის შინაარსს განმარტავს და აღნიშნავს, რომ მისი პრინციპებით თითოეული გაყიდული ხიდან 30 ევროცენტი „სამართლიანი ნაძვების ფონდში“ აკუმულირდება და ფონდის გავლით ფინანსურად სწორედ იმ თემის გაძლიერებას ხმარდება, სადაც რაჭული სოჭის თესლი მოიპოვება.

“REWE მხოლოდ ჩვენს ნაძვს ყიდულობს და გაყიდული ხის ღირებულებიდან 30 ევროცენტი ფონდში გროვდება, რაც ყოველწლიურად დაახლოებით, 0.5 მლნ ლარს შეადგენს, რომელსაც რაჭაში სხვადასხვა პროექტში იდება. დაახლოებით, 12-მდე პროექტი გვაქვს - ამბროლაურის რაიონში 2-დან 18 წლამდე ბავშვებისთვის უფასო სტომატოლოგიური კლინიკა - საუბარია 2 000 ბავშვის მომსახურებაზე; 55 სტუდენტის სწავლის საფასურის დაფინანსება; სკრინინგის პროგრამა კლინიკა „კურაციოს“ მედპერსონალთან ერთად; სკოლების ლაბორატორიების აღჭურვა; გოგონათა ფეხბურთის გუნდის დაფინანსება; ბაღების ლეგოს კონსტრუქტორებით აღჭურვა; კლინიკები აღიჭურვა თანამედროვე სამედიცინო ინვენტარით და ა.შ. შესაბამისად, გარდა იმისა, რომ ქვეყნის საზღვრებს გარეთ ჩვენი კომპანია რაჭული ნაძვის რეალიზებას ახდენს, რეგიონის განვითარებისთვისაც ზრუნავს“, - აღნიშნავს ჟანა ბაბუნაშვილი.