26.თებერვალი .2021 22:30

გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?

გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
views 15277
უკან

საქართველოს და გერმანიის ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში სეზონურად, ლეგალურად დასაქმდებიან. სამუშაოს მსურველთა რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო, ხოლო გერმანიაში გამგზავრება უკვე მიმდინარე წლის აპრილიდან გახდება შესაძლებელი.

როგორც bm.ge-ს დასაქმების სააგენტოში უთხრეს, ამ დროისთვის სულ 91 616 მსურველია დარეგისტრირებული. რაც შეეხება კვოტას, თუ რამდენი მოქალაქე უნდა გაემგზავროს, როგორც დასაქმების სააგენტოში განმარტავენ, კონკრეტული ქვოტა შეთანხმებით არ არის დადგენილი და ეს დამოკიდებული იქნება გერმანელი დამსაქმებლების მიერ მოწოდებულ ვაკანსიებზე. კითხვაზე, რეალურად, მხოლოდ 500 ადამიანი წავა თუ არა წელიწადში გერმანიაში, სააგენტოში პასუხობენ, რომ „ამაზე გაცილებით მეტი რაოდენობა იქნება“.

აღსანიშნავია, რომ გერმანიაში დამსაქმებლები იქნებიან ძირითადად იქ მცხოვრები ფერმერები, ხოლო დასაქმება ხორციელდება სოფლის მეურნეობის სექტორში და მოიცავს კულტურის აღებასთან დაკავშირებულ საქმიანობას.

დასაქმების სააგენტოში ასევე განმარტავენ, რომ დამსაქმებელი ვალდებულია, სეზონური მუშაკი დასაქმების პერიოდში უზრუნველყოს შესაფერისი საცხოვრებელი ბინით.

„კონკრეტული სამუშაოს შეთავაზებისას მიგრანტისთვის ცნობილი იქნება, თუ ვინ ფარავს განთავსების ხარჯებს, ხოლო რაც შეეხება კვებით უზრუნველყოფას, ეს საკითხი დამსაქმებლის გადასაწყვეტია. კვებითი უზრუნველყოფა აისახება კონკრეტული სამუშაოს შეთავაზებისას და მხარეთა შეთანხმების საგანს წარმოადგენს“, - განმარტავენ სააგენტოში.

კითხვაზე, პროგრამაში ერთხელ მონაწილეობის მიღების შემდეგ, შესაძლებელია თუ არა ხელმეორედ გააკეთოს მოქალაქემ განაცხადი, დასაქმების სააგენტოში პასუხობენ: “საქართველოსა და გერმანიას შორის დროებითი, ცირკულარული დასაქმების შესახებ შეთანხმება, დასაქმების მსურველს არ უკრძალავს პროგრამაში განმეორებით მონაწილეობას. შესაბამისად, 90 დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებიდან 3 თვეში მას კვლავ შეუძლია გახდეს პროგრამის მონაწილე/ბენეფიციარი“.

გარდა ამისა, მოქალაქეს Covid-19-ზე ტესტის წარდგენა დასჭირდება გამგზავრების წინ (რამდენი დღით ადრე, ამას განსაზღვრავს გერმანული მხარე, იმ დროს არსებული ვითარების შესაბამისად).