მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში Covid-19 მასწავლებელთა 5.8%-ს და მოსწავლეების 2.1%-ს დაუდასტურდა

61fe13ce31c5b
ვიქტორია მღებრიშვილი
05.02.22 10:03
637
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო კვირის განმავლობაში საქართველოში Covid-19 მასწავლებელთა 5.8%-ს და მოსწავლეების 2.1%-ს დაუდასტურდა.

უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ კორონავირუსის შიდა გავრცელების თავიდან ასაცილებლად სკოლები ჯანდაცვის რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებენ და ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე.

„სწორედ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით, 2 085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან, სრულად დისტანციურ სწავლებაზე 672 სკოლა იმყოფება. რაც შეეხება პედაგოგებს, სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი რისკის ჯგუფის 146-მა მასწავლებელმა გამოთქვა.

ბოლო კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით კორონავირუსი მასწავლებელთა 5,8%-ს და მოსწავლეების 2,1%-ს დაუდასტურდა. ამ დროისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.6%.
როგორც ცნობილია, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, მოსწავლეთა მშობლებს შესაძლებლობა აქვთ, არჩევანი გააკეთონ დასწრებითი და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით სასწავლო პროცესი სკოლებში შერეული ფორმატით უწყვეტად მიმდინარეობს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, 400-ზე მეტ საჯარო და კერძო სკოლაში თანამშრომლებისთვის კოვიდტესტირების ჩატარება სკოლის ექიმებმა დაიწყეს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, სკოლის ექიმები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა გადაამზადეს

აღსანიშნავია, რომ იმ სკოლებში, სადაც ექიმები ჯერ არ გადამზადებულან, ტესტირების პროცესი კვლავ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გრძელდება. სკოლებში უსაფრთხო გარემოს მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, ორჯერადად აცრილი ან კოვიდგადატანილი მასწავლებლები კორონავირუსზე ორ კვირაში ერთხელ PCR ტესტით მოწმდებიან, ერთჯერადად აცრილი ან აუცრელი მასწავლებლები კი – კვირაში ერთხელ სწრაფი ანტიგენ-ტესტით.

„მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში სკოლების მონიტორინგი გრძელდება. ვირუსის თავიდან ასაცილებლად სკოლები სრულად უზრუნველყოფილია შესაბამისი რესურსების სასწავლო წლის ბოლომდე სამყოფი მარაგით“, - აღნიშნავენ უწყებაში.