გუშინ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თბილისის რამდენიმე სკოლაში საფრთხეა, ცრუ განგაში იყო - ამის შესახებ, განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შესაბამისი სამსახურები პროტოკოლით განსაზღვრულ სამუშაოების მთელი ღამის განმავლობაში ატარებდნენ.
" გუშინ საღამოს გავრცელდა მსგავსი ინფორმაცია, როგორც აღმოჩნდა ახლად შექმნილ ტელეგრამ არხზე. მთელი ღამის განმავლობაში, ფაქტობრივად უწყვეტ რეჟიმში, როგორც სამინისტრო, ასევე შესაბამისი უწყებები ყველა იმ დასახელებულ სკოლაში ატარებდნენ შესაბამის ღონისძიებებს, რომლებიც იყო დასახელებული. აქვე, მადლობა მინდა გადავუხადო შსს-ს და სუს-ს. არსად, არც ერთ სკოლაში არ დადასტურდა ის რაც ეწერა ამ ინფორმაციაში. ბუნებრივია, ჩვენ ვეცადეთ რაც შეიძლება მყისიერად მიგვეწოდებინა ეს ინფორმაცია სასკოლო საზოგადოებისთვის. არანაირი პანიკის და მით უმეტეს სწავლის გადადების საფუძველი არ არსებობს. ეს იყო ცრუ განგაში", - თქვა ამილახვარმა.
ცნობისთვის, ახლადშექმნილ რუსულენოვან „ტელეგრამ“ არხზე თბილისის სკოლებზე ტერაქტების თაობაზე მუქარის შემცველი ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. ამ დროისთვის აღნიშნული არხი წაშლილია.