14.დეკემბერი .2019 11:30

გიორგი პერტაია: მოსახლეობამ უნდა გაითავისოს რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის რისკები

views 740
უკან

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია მიიჩნევს, რომ ახალი ჰესების მშენებლობის პროცესში მოსახლეობის უარყოფითი დამოკიდებულების პრობლემის გადასაწყვეტად მთავრობამ ოქროს შუალედი ვერ იპოვა.

ამის შეახებ პერტაიამ BM.GE-ს ენერგეტიკაში შემცირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლებზე საუბრისას განუცხადა და ელექტროენერგიის რუსეთიდან იმპორტის ზრდის საფრთხეზე გაამახვილა ყურადღება.

"ჩვენ არაერთხელ ვნახეთ, რომ რამდენიმე ჰესი ვერ აშენდა, ან არ შენდება იმიტომ, რომ გარკვეული პრობლემებია ადგილობრივ მოსახლეობასთან. მე ვფიქრობ, რომ ამ ნაწილში მთავრობამ ბოლომდე მაინც ვერ იპოვა ოქროს შუალედი, სადაც ადგილობრივების მოთხოვნებიც დაკმაყოფილდება და ინვესტორიც თავს კარგად იგრძნობს.

ყველაზე საშიში აქ ის არ არის, რომ ორი ჰესი შეიძლება ვერ აშენდეს, ან გაიწელოს. აქ საუბარია იმაზე, რომ ასეთი ტიპის შემთხვევებს უყურებენ ინვესტორები და მათთვის ეს მაგალითია, რომ ეს სფერო გარკვეული ტიპის რისკებთან იყოს დაკავშირებული. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ საქართველოს მოსახლეობამ კარგად უნდა გაიგოს და გაითავისოს ის ციფრები, რაც ამ ბოლო დროს ქვეყნდება – რა რაოდენობის იმპორტს ვახორციელებთ რუსეთიდან, მასთან დაკავშირებული რისკები და შესაბამისი გადაწყვეტილებები მივიღოთ", – მიიჩნევს გიორგი პერტაია.

შეგახსენებთ, საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, იანვარ-ოქტომბერში ელექტროენერგიის იმპორტი 12.6%-ით გაიზარდა. კერძოდ, მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, ამ მაჩვენებელმა 1 215.8 მლნ კვტ.სთ-ს შეადგინა, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 1 061.9 მლნ კვტ.სთ. აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში ელექტროენერგიის იმპორტის 99% რუსეთიდან განხორცილდა.

ცნობისთვის: 2019 წლის მესამე კვარტალში ენერგეტიკაში 39.7 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც მცირედ ჩამორჩება 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. წლიურად კი, 2018 წელს ამ სექტორში FDI 30%-ით შემცირდა.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა