მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ხიშტოვანს იმედი აქვს, ახალი პრემიერი არსებულ შეთანხმებებს ძალაში დატოვებს

602e3d637c92c
ინგა მურუსიძე
18.02.21 23:00
561
PMC კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ხიშტოვანი გიორგი ხიშტოვანი bm.ge-სთან საუბარში გიორგი გახარიას საქმიანობას აფასებს და ამბობს, რომ ის პირველ რიგში დაგვამახსოვრდება იმით, რომ მთელი კორონაკრიზისი მისი პრემიერობის თანმდევი იყო და შესაბამისად, ამ კრიზისთან გამკლავება, მხარდაჭერის პაკეტები, შეზღუდვები, მათ შორის ეკონომიკური, არის მთავარი ნარატივი, რომელიც მიყვებოდა მის პრემიერობას.

„მე ვიტყოდი, რომ კრიზისის მენეჯმენტი, უპირველეს ყოვლისა ჯანდაცვის და შემდეგ უკვე ეკონომიკური, ეს არის მთავარი თემა, რომელიც ასოცირდება დღეს პრემიერ გახარიასთან და მის გუნდთან. პანდემიის დასრულებამდე მისი მართვის შეფასება რთულია, მაგრამ კარგი იყო, რომ მკაფიო პრიორიტეტიზაცია ჰქონდა თემების, პრიორიტეტი იყო ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და შესაბამისად მკაფიო იყო, რომ კრიზისის დროს წინა ადგილზეა მოქალაქე და შედარებით მეორე ადგილზეა ეკონომიკა. ეს იყო ამ სტილის კრიზის-მენეჯმენტის ერთ-ერთი მახასიათებელი“, - განაცხადა ხიშტოვანმა.

მისივე შეფასებით, ზოგადად, გახარიას მიერ გადადგმული და არგადადგმული ნაბიჯების შეფასება ჯერჯერობით რთული იქნება, ვინაიდან ჯერ კიდევ „შუა კრიზისში ვართ და ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, თუ როგორ შეფასდება საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები“.

რაც შეეხება თავად გახარიას გადაწყვეტილებას გადადგომის შესახებ, გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, ფაქტი ძალიან ცუდია, რადგან ისევ ვიღებთ ისტორიის გამეორებას, როდესაც ქვეყნის აღმასრულებელი მთავრობის პირველი პირი იღებს გადადგომის გადაწყვეტილებას.

„ეს ხდება ძალიან დიდი ხანია საქართველოში და ვფიქრობ, ეს არ არის სასურველი. თუ გვინდა, რომ მართლა გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრები, მთავრობის შეცვლა უნდა ხდებოდეს საარჩევნო ციკლების პარალელურად და ის, რომ ასე ხშირად და მოულოდნელად იცვლება ქვეყანაში მთავრობის პირველი პირი, ეს ქვეყნის ეკონომიკას, მის გრძელვადიან განვითარებას საფრთხეს უქმნის, რადგან ის, რაც დღეს გვჭირდება არის თანმიმდევრული პოლიტიკა.

ამ შემთხვევაში, როგორც წესი, პირველი პირის ცვლილება იწვევს პოლიტიკის ცვლილებასაც და ის ბევრი მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც უკვე დაწყებულია ადამიანების ჯგუფის მიერ, წყდება და იწყება ახალი რეფორმები, ახალი ინიციატივები სხვა ადამიანების მიერ, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ნამდვილად არ აისახება ადამიანთა კეთილდღეობაზე. ამას მივაქცევდი ყურადღებას უპირველეს ყოვლისა და ვისურვებდი, რომ მომავალში ასეთი მოულოდნელობები იშვიათად ხდებოდეს საქართველოში“, - განაცხადა ხიშტოვანმა.

ის ისურვებდა, რომ ყველაფერი, რაც შეთანხმებული იყო, მათ შორის ბიზნესს და მთავრობას შორის, დარჩეს ძალაში, რადგან ბიზნესისთვის მთავარი არის მომავლის პროგნოზირებადობა.

„ვისურვებდი, რომ გარდამავალ პერიოდში და ახალი პრემიერის მმართველობის პირველ პერიოდში მან მიღებული გადაწყვეტილებები მიიყვანოს ბოლომდე, რადგან ეს ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, რომელიც უდიდესი დამსაქმებელია ქვეყანაში. თუ ასე არ მოხდა, ახალი რეფორმების, ახალი შეთანხმებების დაგეგმვა დაიწყო, ეს არ იქნება სწორი ნაბიჯი“, - აღნიშნა მან.