28.სექტემბერი .2021 19:40

Glovo საქართველოს ბაზარზე ზარალზეა

Glovo საქართველოს ბაზარზე ზარალზეა
views 10978
უკან

Glovo ესპანური სტარტაპია, რომელიც დღეს მსოფლიოს 23 ქვეყნის ბაზარზე საქმიანობს. 2015 წელს დაფუძნებული კომპანია მოზიდული მილიარდი დოლარის დაფინანსების შედეგად, არაერთი ქვეყნის საკვების მიტანისა და საკურიერო ბაზრის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ იქცა.

Glovo-მ საქართველოში შვილობილი კომპანია 2018 წელს დააფუძნა, 2019 წელს კი მიტანის ქსელი და პარტნიორი ობიექტების რაოდენობა გააფართოვა. კომპანიას საქართველოში შპს “გლოვოაფფ ჯორჯია” წარმოადგენს, 2019 წელს, ანუ ოპერირების პირველ წელს, კომპანიის საოპერაციო შემოსავალი 7.86 მილიონი ლარი, ზარალი კი 8.23 მილიონი ლარი იყო. ზარალიანი გამოდგა კომპანიისთვის 2020 წელიც. კომპანიის მიერ დამტკიცებული ფინანსური ანგარიშის თანახმად, გასულ წელს აპლიკაციის შემოსავალი 20.64 მილიონი ლარი, ზარალი კი 8.20 მილიონი ლარი იყო.

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, ზარალი კომპანიის მზარდ საოპერაციო ხარჯებს უკავშირდებოდა.

Glovo-ს ძირითადი ხარჯები ასე ნაწილდება:

● სათაო ოფისის მომსახურების ხარჯები - 7.32 მილიონი ლარი;
● კურიერების მოზიდვის ხარჯები - 7.32 მილიონი ლარი;
● საკურსო სხვაობის ხარჯები - 5.46 მილიონი ლარი;
● მარკეტინგის ხარჯები - 3.70 მილიონი ლარი;
● პროფესიული მომსახურების ხარჯი - 2.07 მილიონი ლარი;
● სხვა საგადასახადო ხარჯები - 1.31 მილიონი ლარი;
● თანამშრომელთა ხელფასები - 1.01 მილიონი ლარი;
● საპროცენტო ხარჯები - 0.46 მილიონი ლარი;
● სხვა ხარჯები - 0.81 მილიონი ლარი

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, საკვების მიტანის აპლიკაციის ქართული შვილობილის აქტივები 5.9 მილიონ ლარს შეადგენს. კომპანიას მიღებული აქვს 8.31 მილიონი ლარის სესხი მისი მშობელი კომპანიისგან.

“კორონავირუსის ახალმა სახეობამ, კოვიდ-19-ის გავრცელებამ, რასაც შემდგომ მოჰყვა, საქართველოს მთავრობისგან რიგი შეზღუდვების დაწესება, მათ შორის, დაიხურა ყველა ბიზნეს ერთეული და აგრეთვე კომპანიასთან დაკავშირებული პარტნიორები, რამაც საკმაოდ უარყოფითად იმოქმედა კომპანიის შემოსავლებზე, გაიზარდა საოპერაციო ხარჯები და უფრო მეტი რესურსის მობილოზება
გახდა საჭირო რათა პანდემიის პერიოდში შენარჩუნებულიყო ბიზნეს საქმიანობა.

კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული ეკონომიკური შოკი და მომავალში პანდემიის განვითარების მოლოდინი, გავლენას ახდენს საქართველოს ეკონომიკაზე, რაც უკვე აისახა სავალუტო ბაზრის ცვალებადობაზე,”- ნათქვამია Glovo-ს ანგარიშში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა