მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GOGC -ს ბუნებრივი აირის შესყიდვის ღირებულება 136 მილიონით გაეზარდა

633d3045cc824
ნინო ტაბატაძე
05.10.22 22:35
657
689.56 მლნ ლარის შემოსავალი და 30 მლნ ლარის მოგება - „ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ 2022 წლის ნახევარწლიური შედეგები გაასაჯაროვა. ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ წლის პირველ ნახევარში კორპორაციის შემოსავლები გაიზარდა, თუმცა მოგება შემცირებულია.

2022 წლის 6 თვეში GOGC -ის შემოსავლები 83.4 მლნ ლარით (13.7%), 689.5 მლნ ლარამდე გაიზარდა. გაზრდილია რეალიზებული გაზიდან მიღებული  შემოსავალი, რამაც 454.88 მლნ ლარი შეადგინა, ნაცვლად 2021 წლის ამავე პერიოდში არსებული 407 მილიონისა. თუმცა მკვეთრი კლებაა ნავთობის ტრანზიტიდან შემოსავლებში, რაც სავარაუდოდ, ბაქო-სუფსის მილსადენით ნავთობის ტრანზიტის შეჩერებას უკავშირდება.

ნავთობისა და გაზის კორპორაციის შემოსავლები / 2022 წლის 6 თვე

• გაზის გაყიდვიდან - 454.88 მლნ ლარი (მატება წლიურად 47.9 მლნ ლარი)
• ელექტროენერგიის გაყიდვიდან - 195.9 მლნ ლარი ( მატება წლიურად 40.3 მლნ)
• ნედლი ნავთობის გაყიდვიდან - 10.1 მლნ ლარი ( მატება წლიურად 3.04 მლნ)
• გაზსადენების იჯარიდან - 22.28 მლნ ლარი
• ბაქო-სუფსას მილსანდენის ოპერირების საკომისიო შემოსავალი - 6.2 მლნ ლარი ( კლება 7.86 მლნ ლარი )

რაც შეეხება კორპორაციის ხარჯებს, მათ შორის პირველ ადგილზეა ბუნებრივი აირის შესყიდვის ხარჯი, 6 თვეში ამ ხარჯმა 689.5 მლნ ლარი შეადგინა, აქ ზრდა 136 მილიონია.

შემცირებულია მოგება. იანვარ- ივნისში კორპორაციის მოგება 23%-ით (9.2 მლნ ლარით) შემცირდა, რამაც 30.2 მლნ შეადგინა.

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კორპორაცია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომლის საკუთრებასაც მაგისტრალური გაზსადენების სისტემა, ასევე თბოსადგურები წარმოადგენს. კომპანია ასევე იღებს შემოსავალს ბაქო-სუფსას მილსადენის ოპერატორისგან. GOGC-ი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიასთან, ასევე შაჰ-დენიზის კონსორციუმთან გაფორმებული კონტრაქტების მეშვეობით საქართველოში ბუნებრივი აირის უმთავრესი მომწოდებელია. თავად კორპორაცია სოციალურ სექტორზე (მოსახლეობაზე) ბუნებრივ აირს შესასყიდზე დაბალ ფასად ყიდის, რაც კომპანიას ათობით მილიონი ლარის სუბსიდია უჯდება. მაგალითად, 2021 წელს სუბსიდიან 300 მლნ ლარი შეადგინა.