რუსეთ - უკრაინის ომმა და რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა სომხეთისთვის გაზის ტრანზიტის საფასურის მიღების წესი შეცვალა.
როგორც „გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ 2022 წლის წლიური ანგარიშიდან ირკვევა, გასული წლის ზაფხულში ბანკი, რომლის საშუალებითაც ხორციელდებოდა ტრანზიტის საფასურის ანაზღაურება, სანქცირებული ბანკების სიაში აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ, 2022 წლის 23 სექტემბერს „საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციას“ (GOGC) „გაზპრომ ექსპორტს“ და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ ( GGTC) შორის გაფორმდა სამმხრივი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ვინაიდან GOGC-ის ერიცხება დავალიანება GazpromExport-ის მიმართ, ხოლო GazpromExport-ს ერიცხება დავალიანება GGTC-ის მიმართ, Gazprom export-ის დავალიანებას GOGC აუნაზღაურებს GGTC-ის, შესაბამისად GOGC და Gazprom მოახდენენ ურთიერთგაქვითვას.
„გარდა ამისა, უკიდურეს შემთხვევაში, ვინაიდან ბუნებრივი გაზის ტრანზიტის მომსახურება ხორციელდება სომხეთისთვის, რომელიც გაზის საბოლოო მომხმარებელს წარმოადგენს, შესაძლებელია სახელშეკრულებო ურთიერთობების, მათ შორის ანაზღაურების კუთხით, სხვაგვარად ჩამოყალიბებაც“, - აღნიშნულია ფინანსურ დოკუმენტში, სადაც მითითებულია, რომ ანგარიშის გამოქვეყნების მომენტისთვის ტრანზიტის მომსახურება უპრობლემოდ ხორციელდებოდა და შეფერხებას ადგილი არ ჰქონია.
2022 წელი „გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ შემოსავლების და მოგების ზრდით დახურა. 2022 წელს 2021 წელთან შედარებით, კომპანიამ 9,9 მლნ ლარით მეტი შემოსავალი მიიღო საოპერაციო საქმიანობიდან. რაც გამოწვეული ბუნებრივი გაზის მოხმარების გაზრდით. წლიური შემოსავალი 104-დან 114 მლნ ლარამდე გაიზარდა. წლის მოგება კი, 24.5 მლნ ლარიდან 35.9 მლნ ლარამდე.
რაც შეეხება ტრანზიტის მოცულობას, 2022 წელს ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური მილსადენით სომხეთში 2.6 მილიარდი კუბური მეტრი რუსული გაზის ტრანსპორტირება მოხდა.