მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“გაზსაცავისთვის ახალი სესხის მიღების ალბათობა ნულის ტოლია"- მთავრობამ პროექტი გადააფასა

მილსადენი გაზსადენი ბუნევრივი აირი ნავთობისა და გაზის კორპორაცია GOGC

“გაზსაცავის პროექტისთვის ახალი სესხის აღების აუცილებლობა დამატებით დადასტურებას მოითხოვს. მისი მიღების შანსი კი, არსებული გარემოებების გათვალისწინებით, დღეისთვის, პრაქტიკულად ნულის ტოლია”- ნათქვამია ეკონომიკის მინისტრის წერილობით პასუხში პროექტთან დაკავშირებით.

დეპუტატმა თეონა აქუბარიამ ეკონომიკის სამინისტროს მიმართა კითხვით, რა არის გაზსაცავის პროექტის განვითარების არსებული სტატუსი, სამინისტროს პასუხიდან კი ირკვევა, რომ ახალი გარემოებების გათვალისწინებით, პროექტის გადაფასება მოხდა.

გაზსაცავის პროექტზე მთავრობა და სახელმწიფო კორპორაცია GOGC-ი უკვე 10 წელია მიუთითებენ, რომ ქვეყანას ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის მიწისქვეშა გაზსაცავი ესაჭიროება.

პროექტისთვის 2018 წელს საკრედიტო შეთანხმებაც გაფორმდა. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ანგელა მერკელთან 2018 წლის აგვისტოში ხელი მოაწერა €150 მილიონი ევროს დაფინანსების ხელშეკრულებას გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან (KfW). აღნიშნულ პერიოდში პროექტი პრიორიტეტულად ითვლებოდა და მის საჭიროებაში საქართველოს მთავრობამ გერმანიის მთავრობაც დაარწმუნა, რისთვისაც 150 მილიონი ევროს დაფინანსება გამოიყო. თუმცა, პანდემიის დროს, გერმანიის მიერ გამოყოფილი 150 მილიონი ევროდან 120 მილიონი ევრო კოვიდ ხარჯებზე მიიმართა.

მიწისქვეშა გაზსაცავის მოწყობა სოფელ სამგორის მიმდებარედ, მიწის ქვეშ, ყოფილი ნავთობის საბადოს სიღრუეში განიხილებოდა, სადაც 200-400 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ჩატუმბვა იყო დაგეგმილი. თუმცა, ცნობილი ხდება რომ კვლევებმა აჩვენა რომ საბადო სეისმური რისკების მატარებელია, რაც პროექტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს. ეკონომიკის სამინისტრო USAID-თან პარტნიორობით ამჟამად სწავლობს რამდენიმე ალტერნატივას, მათ შორის მიწისქვეშას ნაცვლად მიწისზედა გაზსაცავის მოწყობის შესაძლებლობას, ასევე გათხევადებული გაზის ტერმინალის მშენებლობის ალტერნატივას.

ეკონომიკის მინისტრის პასუხი გაზსაცავის პროექტზე:

“სამგორის სამხრეთის თაღის საბადოზე დაგეგმილი გაზსაცავის პროექტის განვითარება ამჟამად რამდენიმე ძირითადი მიზეზის გამოა შეჩერებული:

COVID-19 პანდემიასთან ბრძოლის მიზნით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გაზსაცავის მშენებლობისათვის განკუთვნილი გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KfW) მიერ გამოყოფილი სესხის ძირითადი ნაწილი - 120 მლნ. ევრო ბიუჯეტში გადამისამართდა, ახალი სესხის მიღების შანსი კი, ობიექტური წინაპირობების გამო, ძალიან დაბალია. კერძოდ:

როგორც წინასწარმა კვლევებმა აჩვენა, საბადო და მიმდებარე წიაღი რთული გეოლოგიური აგებულებით გამოირჩევა, რაც, არსებული პროექტის რეალიზაციის შემთხვევაში, ქმნის საშიშროებას აღძრულ სეისმურობასთან დაკავშირებული უსაფრთხოების მაღალი რისკების გამო. აღნიშნული კვლევების შედეგიდან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა აქამდე არსებული უსაფრთხოების ღონისძიებების გადაფასება - გამკაცრება, რამაც თავდაპირველი პროექტის შეჩერება გამოიწვია.

არსებული პროექტით გაზსაცავის მშენებლობის ღირებულება ძალიან მაღალია და ანალოგიური პროექტების განხორციელების საშუალო ღირებულებას თითქმის 2-ჯერ აღემატება, რაც საბადოს რთულ გეოლოგიურ და გარემო პირობებთანაა დაკავშირებული. აღსანიშნავია, რომ გაზსაცავის 2012 – 2015 წლების პროექტის გადახედვის აუცილებლობა და წინასწარი კვლევების ჩატარება განაპირობა დონორი საფინანსო ორგანიზაციის მოთხოვნებმა, რაც პროექტის საბოლოო ბიუჯეტში აისახა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, პირვანდელი პროექტით გათვალისწინებული სტრატეგიული დანიშნულების გაზსაცავის პროექტისთვის ახალი სესხის აღების აუცილებლობა დამატებით დადასტურებას მოითხოვს. მისი მიღების შანსი კი, არსებული გარემოებების გათვალისწინებით, დღეისთვის, პრაქტიკულად ნულის ტოლია.

ამავე დროს, მუშაობა დაწყებულია ალტერნატული, უფრო მოქნილი ტექნოლოგიური პარამეტრების მქონე სისტემის/ნაგებობის/მეთოდის შესარჩევად გაზის რეზერვის შექმნისა და, ზოგადად, ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზებული საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილი უსაფრთხო მიწოდებისა და ინფრასტრუქტურის სტანდარტების პირობების დასაკმაყოფილებლად.

აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ამჟამად მიმდინარე პროექტით „საქართველოში გაზის მოხმარების უთანაბრობის დაბალანსების შეფასება საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დახმარების მიზნით“ (Assess the Balancing of Gas Consumption Disparity of Georgia in Support of the Georgian Oil and Gas Corporation) განისაზღვრება საქართველოში გაზის დარეზერვების საშუალებების/ მოწყობილობის პროექტის რეალიზაციის აუცილებლობა, ტექნიკური შესაძლებლობა და ეკონომიკური მიზანშეწონილობა. ამ პროექტის ფარგლებში განხილული იქნება ქვეყანაში მიწისქვეშა გაზსაცავის (კორექტირებული ტექნიკური პარამეტრებით), გათხევადებული ბუნებრივი გაზის (LNG) ან კომპრესიული გაზის (CNG) ტერმინალის მოწყობის, თურქეთიდან ან საბერძნეთიდან LNG-ის ვირტუალური რევერსისა (სამხრეთ კავკასიური მილსადენიდან აღებული გაზის სანაცვლოდ ამ ქვეყნების მიმღებ ტერმინალებში LNG-ის მიწოდებით ჩვენს მიერ) და გაზის დარეზერვების სხვა საშუალებები.

პროექტის დასრულება 2024 წლის მე-3 კვარტალში იგეგმება, რომლის შედეგების გათვალისწინებით, სავარაუდოდ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება გახდება შესაძლებელი,”- ნათქვამია ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის წერილობით პასუხში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები